ლაგოდეხში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს

ლაგოდეხში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს

ირაკლი შიოშვილმა და ჯონდო მდივნიშვილმა ლაგოდეხში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ლაგოდეხში გაიხსნა.

“დღეს, კახეთის რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ქ.ლაგოდეხში, ახლად რეაბილიტირებული N3 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ“,- აღნიშნავენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

"დღეს, კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, კი 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს “, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, 4 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარს შეადგენს.

„ პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რადგან თითოეული ბავშვისათვის კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტია“,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.