კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ რონდელის ცენტრის“ მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ევროპელმა სტუმარმა შეძლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ერთ მაგიდასთან დაესვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, უკვე შეიძლება მისი ვიზიტის შედეგებზე თამამად საუბარი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებს და მისივე ვიზიტის შემდეგ ჩვენში განვითარებულ პროცესებს?

- ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გამოიყენეს და მოახერხეს მნიშვნელოვანი მედიატორის მონაწილეობით ერთმანეთთან საუბრის დაწყება კომპრომისებსა და შეთანხმებაზე.

მომხდარი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ გამოჩნდა ძალიან მაღალი დონის მედიატორი, რომელსაც ენდობა ორივე მხარე, მიუკერძოებელია და დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით და პროგრესით.

ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გამოიყენეს და მოახერხეს მნიშვნელოვანი მედიატორის მონაწილეობით ერთმანეთთან საუბრის დაწყება კომპრომისებსა და შეთანხმებაზე

ამ თვალსაზრისით გაგვიმართლა, რომ ევროპული საბჭოს ვიზიტი ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ყველაზე უფრო გამწვავებული იყო დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

მეორე მხრივ ამ პროცესებში სტუმრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ევროკავშირის მხარე და მისი წევრი ქვეყნები დაინახავენ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ელიტა ევროკავშირს პატივს სცემს, ენდობა და ევროკავშირის გავლენა საქართველოში ნამდვილად არსებობს.

თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულმა დიალოგმა შედეგი გამოიღო, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ჩვენ ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ჩვენი ამბიცია, ვგულისხმობ 2024 წელს ევროკავშირში შესვლის განაცხადის გაკეთებას, გაკეთდეს. ამისთვის, ეს პროცესიც დამატებით ერთი დადებული აგური იქნება.

- ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტამდე უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო საქართველოში. პოლიტიკური კრიზისი იყო, თუმცა ხელისუფლება ამ კრიზისს არ აღიარებდა. არადა, სტუმარმაც თქვა, რომ იგი ჩვენთან გამწვავებული და ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოვიდა.

რა ცვლილებები შეიტანა შარლ მიშელის ვიზიტმა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის თვალსაზრისით?

- გამოჩნდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა. ის, რომ ხელისუფლება აცხადებდა ჩვენთან კრიზისი არ არისო, ეს მისი მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ილეთი იყო. ასე ამბობდნენ, რომ თავი აერიდებინათ იმ საკითხების განხილვისთვის, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა.

ხელისუფლება არ იმჩნევდა, რომ პოლიტიკური პროცესი გამოუვალ ჩიხში იყო. ის ცდილობდა, შეენარჩუნებინა ის მიდგომები, რაზეც მმართველი გუნდი იყო ჩამოყალიბებული. როგორც ჩანს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ნელ-ნელა ეს პრობლემები მათთვის უმტკივნეულოდ გადაგორდებოდა.

პროცესები დააჩქარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტმა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა პოლიტიკური კრიზისის არსებობა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა.

გამოჩნდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა... პროცესები დააჩქარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტმა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა პოლიტიკური კრიზისის არსებობა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავად აღმოჩნდა საკმაოდ კარგი მომლაპარაკებელი. ჩემი აზრით, ორივე მხარემ გააცნობიერა, რომ მოლაპარაკებებისთვის საჭიროა კომპრომისები და ორივე მხრიდან კომპრომისებისათვის მზადყოფნა გაჩნდა.

შესაძლოა ორივე მხარე მანამდეც აცნობიერებდა კომპრომისების აუცილებლობას, მაგრამ მათ სჭირდებოდათ იმის გამართლება, თუ რატომ მიდიან კომპრომისებზე. მანამდე მათი რიტორიკა აბსოლუტურად უკომპრომისო იყო.

ადამიანები ხშირად ხდებიან საკუთარი სიტყვების, დაპირებებისა და პოზიციების ტყვეები. როცა პრემიერი შეიცვალა, ხელისუფლების პოზიცია კიდევ უფრო ხისტი გახდა. პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ ახალ პრემიერს არ უნდოდა ოპოზიციასთან ურთიერთობაში უკან დახევა და კომპრომისებზე წასვლა არ სურდა.

შარლ მიშელის ვიზიტმა ხელისუფლებას თავისივე რიტორიკიდან გამოსვლის შესაძლებლობა გაუჩინა. მე მგონია, ამით ქართული პოლიტიკა ცოტა გაიზარდა კიდეც.

ჩვენს პოლიტიკაში კომპრომისები და მოლაპარაკებები ბევრი ყოფილა, მაგრამ კომპრომისი როგორც ტრადიცია, ქართული პოლიტიკის ნორმა არასოდეს ყოფილა. კარგია, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეიტანეს.

- დეესკალაციის აუცილებლობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს ორივე მხარე იზიარებდა, მაგრამ ბოლო შეხვედრამდე ყველა თავისებურად იგებდა იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობდნენ.

თქვენ თუ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე მზადაა კომპრომისებზე წასასვლელად?

- კი, ნამდვილად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე მზადაა წავიდეს კომპრომისებზე. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ერთობლივი შეხვედრა არ იყო მხოლოდ ერთჯერადი შეხვედრა, რომელსაც არ მოჰყვება გაგრძელება.

მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკულად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალური ფორმატის დაარსება გამოვიდა. ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი. სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკულად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალური ფორმატის დაარსება გამოვიდა. ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი. სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში პროცესები. საქართველოს თემა მისი დღის წესრგის ნაწილი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენში დეესკალაციისთვის სერიოზული შესაძლებლობა გაჩნდა.

ორი კვირის თავზე მთავრობამ უნდა უპატაკოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს იმის თაობაზე, რომ დეესკალაციის საქმეში გარკვეული პროგრესი არის. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ შემდეგი ორი კვირა მთავრობამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ პროგრესი მართლა გამოჩნდეს.

პოლიტიკურ პარტიებმაც, რომლებსაც აქვთ ამბიცია საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით იმოძრაოს, უნდა დაანახვონ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ისინი მათ ენდობიან, ისინიც არიან ჩაყენებული ვითარებაში, როდესაც თავადაც უნდა იყვნენ დეესკალაციის პროცესის მონაწილენი.

- ახლა ბევრი საუბრობს შეთანხმების მისაღწევად დიდი კომპრომისის შანსებზე. რა შეიძლება დათმოს ხელისუფლებამ და რა შეიძლება დათმოს ოპოზიციამ, ამაზე დღეს საუბარი შესაძლებელია?

- კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ვიცით ყველაზე მეტად რისი დათმობა უჭირს ხელისუფლებას და სად დგება გამოუვალ მდგომარეობაში. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის გარკვეული მოქნილობა ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლებელია თარიღზე საუბარი. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. შესაძლებელია მოილაპარაკონ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს ორ წელიწადში. ან რაიმე სხვა ვადაში. გასაგებია, რომ ვადამდელი არჩევნების მომავალ შემოდგომაზე ჩატარებაზე ხელისუფლება არ დათანხმდება.

ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. შესაძლებელია მოილაპარაკონ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს ორ წელიწადში. ან რაიმე სხვა ვადაში. გასაგებია, რომ ვადამდელი არჩევნების მომავალ შემოდგომაზე ჩატარებაზე ხელისუფლება არ დათანხმდება

ამის გარდა, არსებობს საინტერესო პუნქტები. მაგალითად, ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილებას რაც ეხება. არჩევნების დასრულების შემდეგ მე სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ პარლამენტში ძალაუფლების დანაწილება არის ერთ-ერთი შესაძლებლობა რომ ოპოზიციისთვის გახდეს სტიმული პარლამენტში შესვლა.

საბოლოო ჯამში პარლამენტში შედიან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ გარკვეული ბერკეტები და გავლენა პოლიტიკაზე, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი ბერკეტი გააჩნია, უმცირესობასაც შეიძლება დაუთმონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა. ეს გარკვეულ საკანონმდებლო სფეროებში უპირატესობის მინიჭება იქნება თუ გარკვეული თანამდებობების შეთავაზება, არ ვიცი. ამ თემებზე მათ თავად უნდა იმსჯელონ.

- ითქვა, რომ ვადამდელი არჩევნების თემაზე საუბრისას არ გამოირიცხა პლებისციტის ჩატარება შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას.

თავის დროეზე ეს ინიციატივა ოპოზიციის იყო. თუ ახლა შეუძლია ამ წინადადებაზე ხელისუფლებას დათანხმდეს, თავიდანვე რომ დათანხმებოდა, ამ თემაზე ამდენი იწილო-ბიწილო შესაძლოა არც ყოფილიყო...

- მაგაშია საქმე და მაგაშია ევროკაშირის როლი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შედეგი. საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, არც განიხილავდნენ, ამ საკითხებზე უკვე მოხდა კომპრომისი.

ეს საკითხები შევიდა იმ განსახილველ თემებში, რომლებზეც მხარეებმა უნდა ისაუბრონ. ეს საკითხები მოლაპარაკების დღის წესრიგში შევიდა. მე ეს ნამდვილად არ მიკვირს. მედიაციას სწორედ ეს საკითხები საჭიროებდა.

- ოპოზიცია აცხადებდა - ვიდრე მელია არ გათავისუფლდება, მოლაპარაკებები არ შედგება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მელიასთან დაკავშირებითაც იქნება გადადგმული ნაბიჯები...

- ჩემი აზრით, მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, რითაც ხელისუფლების პოზიციები შესუსტდა. ხელისუფლება ისედაც იყო დაინტერესებული მელიას გამოშვებით, მაგრამ ეძებდნენ ლეგალურ გამოსავალს. თან ისეთს, რომ ხელისუფლებას არავინ დასდოს ბრალი იმაში, რომ იგი ოპონენტებს როცა უნდა იჭერს და როცა უნდა უშვებს ყოველგვარი კანონის მოთხოვნების გარეშე.

მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, რითაც ხელისუფლების პოზიციები შესუსტდა. ხელისუფლება ისედაც იყო დაინტერესებული მელიას გამოშვებით, მაგრამ ეძებდნენ ლეგალურ გამოსავალს

ალბათ მელიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება გამოსავალს ეძებს. ძალიან ბევრი იურისტი საუბრობს იმაზე, რომ მელია შესაძლოა გამოუშვან. ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამ თავად გადაიხადოს მელიასთვის დაკისრებული გირაო.

მე იურისტი არ ვარ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გირაოს თანხის შეცვლაც შესაძლებელია. პროკურატურა შეიძლება შევიდეს შუამდგომლობით და ამ საკითხზე სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. ანდა სულაც გირაო გააუქმოს. არა მგონია ეს ეწინააღმდეგებოდეს რამეს.

- გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ორი კვირის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმგვარი შეთანხმება გაფორმდება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს და ვითარება შიდა პოლიტიკაში მნიშვნელოვნად შეიცვლება?

- ჩემი აზრით, ვითარების სრულად განმუხტვა ორი კვირაში ვერ მოხდება. მხარეებს მოუწევთ მოლაპარაკებების გაგრძელება. მაგრამ პოლიტპატიმრების საკითხის ორ კვირაში გადაწყვეტა შესაძლებელია.

მთავრობას მაინც მოუწევს დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. რაც უფრო მალე გააკეთებს მთავრობა ამგვარი კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას ოპოზიციისთვის, მით უფრო მალე ჩათვლის ამას კარგ შედეგად ევროკავშირი. ეს მოსახლეობისთვისაც იქნება დამაიმედებელი ნაბიჯი

ალბათ ეს მოხდება, იმიტომ რომ რაც უფრო მივუახლოვდებით ორკვირიან ვადას, მთავრობას მეტი ფსიქოლოგიური მოტივაცია ექნება, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტოს სასწრაფოდ. ეს მეტ საშუალებას მისცემს მხარეებს წინ წაიწიონ მოლაპარაკებების ფორმატში. საბოლოო ჯამში შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდონი, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის ჩვენება შესაძლებელია.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მთავრობას მაინც მოუწევს დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. რაც უფრო მალე გააკეთებს მთავრობა ამგვარი კომპრომისული ვარიატის შეთავაზებას ოპოზიციისთვის, მით უფრო მალე ჩათვლის ამას კარგ შედეგად ევროკავშირი. ეს მოსახლეობისთვისაც იქნება დამაიმედებელი ნაბიჯი.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით