ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც საფუძვლად ევროპული კონსტიტუციები უდევს, 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა საკონსტიტუციო კომისიის მიერ. მაშინ ნოე ჟორდანია აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რესპუბლიკური მმართველობის შემოღებითა და კონსტიტუციის მიღებით „ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ხალხი ევროპიული და დემოკრატიული“.

კონსტიტუციონალიზმი - ქართული სამართლის ახალგაზრდა დარგი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, რაც აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

საბჭოთა კავშირის 70-წლიანმა დიქტატურამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართული კონსტიტუციის ისტორია და კვლევითი პროცესები. შესაბამისად, ამ დარგის ირგვლივ დაგროვდა პრობლემები, რომლებიც ფაქტობრივად შეუსწავლელია.

„მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ბაზა, საფუძველი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის; არსებული მასალები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილი ფუნდამენტური პრობლემები სიღრმისეულად შეგვესწავლა, რომელსაც მოიცავს კონსტიტუციონალიზმი, როგორც მეცნიერება, ფილოსოფია და როგორც კულტურული მოვლენა“, - აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ბექა ქანთარია.

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ასოცირებული პროფესორის ბექა ქანთარიას ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური პროექტები.

გამოცემული არის ორი კრებული კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით. 2019 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი ტომი, „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“. კრებული იმითაა გამორჩეული და საინტერესო, რომ პირველად ქართული სამართლის მეცნიერებაში აქ წარმოდგენილია 15 უცხოელი პროფესორის შრომები საკონსტიტუციო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ქართველ ავტორებს საშუალება ეძლევათ წარმატებული ინტეგრაცია მოახდინონ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგინა კინერი სიღრმისეულად მიმოიხილავს 100 წლის წინანდელ პირველ კონსტიტუციას და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუციაა იმდროინდელ ევროპაში.

პროფესორი მინდია უგრეხელიძე პროექტს აფასებს როგორც გლობალურ, ისე ლოკალური მნიშვნელობის მქონე მოვლენად. ერთი მხრივ, პრობლემატიკისა თუ თემატიკის მოცულობა და განზომილება, აგრეთვე ავტორთა ფართო შემადგენლობა, მეორე მხრივ, კი საქართველოში კონსტიტუციონალიზმისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს პროექტის უაღრესად ფასდაუდებელ მნიშვნელობას ქართული კონსტიტუციონალიზმისათვის.

„დიდად მისასალმებელია, რომ ქართული მეცნიერების ამ მიღწევაში წვლილი აქვთ შეტანილი როგორც ძველი, ისე საშუალო, და რაც მთავარია, სრულიად ახალი თაობის სამართლისმცოდნეებს - როგორც თეორეტიკოსებს, ისე პრაქტიკოსებს; ასევე, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს“,- აღნიშნავს მინდია უგრეხელიძე პირველი ტომის წინასიტყვაობაში.

მასშტაბურ კვლევით პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არამხოლოდ აკადემიური პერსონალი, არამედ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები. როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, მათი შრომა განსაკუთრებით მეორე ტომზე მუშაობის დროს გამოიკვეთა.

კონსტიტუციის წინმსწრები ანარეკლი

„საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისთვის 1990-1995 წლები“ - ასე ჰქვია ათასგვერდიან კრებულს, რომელიც ეხება კონსტიტუციონალიზმის საკითხებს, სადაც მთლიანად ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებზეა საუბარი.

კრებულში თავი მოიყარა ყველა იმ პუბლიცისტურმა წერილმა, ინტერვიუმ თუ სტატიამ, რომლებიც იმდროინდელ საკონსტიტუციო რეფორმას ასახავს.

„ზოგიერთი იმდროინდელი გამოცემა დაკარგულია, ზოგი - დაზიანებულია. ვფიქრობ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გავუწევთ მომავალი თაობის მკვლევარებს და კონსტიტუციონალისტებს, რომლებისთვისაც ამ კრებულში, ფაქტობრივად, ყველა მასალა ერთიანად იქნება წარმოდგენილი“, -აღნიშნავს ბექა ქანთარია.

როგორც მინდია უგრეხელიძე აღნიშნავს, მეორე ტომი წარმოადგენს „1995 წლის კონსტიტუციის წინსმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში და არის საკონსტიტუციო საკითხების მემატიანე, რომელიც იმდროინდელი ქართველი ჟურნალისტების, კონსტიტუციონალისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკონსტიტუციო საკითხებით დაინტერესებული ჩვეულებრივი მოხალისეების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ დაიწერა“. კრებულში ფართოდაა ასახული ასევე საკონსტიტუციო პროცესები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა.

როგორ აფასებდნენ პირველ ქართულ კონსტიტუციას საერთაშორისო მკვლევრები

საქართველოს პირველი კონსტიტუცია რთულ პერიოდში დაიწერა. იმდროინდელი სახელმწიფო მოღვაწეები აქტიურად ეცნობოდნენ სხვადასხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებს; აქტიურად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი პროცესიც.

საბოლოო ჯამში კი, როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, ქართველმა ერმა თავად დაწერა კონსტიტუცია, რომელსაც წარმატებული ქვეყნების საკონსტიტუციო მარგალიტები დაედო საფუძვლად, ეროვნული სულისკვეთების გათვალისწინებით.

თანამედროვე მკვლევრები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესული იდეების თაობაზე, რომლითაც გამსჭვალული იყო პირველი ქართული კონსტიტუცია

„მაგალითად, პირველ ქართულ კონსტიტუციაში მთელი ოთხი თავი ეთმობა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც უჩვეულოა მაშინდელი ევროპული კონსტიტუციებისთვის“, - განმარტავს ბექა ქანთარია.

მაშინდელ საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ის პარლამენტის საშუალებით ახორციელებს, პარლამენტის წინაშე კი მთავრობაა პასუხისმგებელი.

სწორედ პოლიტიკურად პასუხისმგებელი მთავრობა იყო ძლიერი ხელისუფლების გარანტია იმ დროინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი

მესამე ტომი, რომლის გამოცემაც კავკასიის საერეთაშორისო უნივერსიტეტში მაისშია დაგეგმილი, კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ტომში წარმოდგენილია 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორის საზეიმო წერილი, სადაც არამხოლოდ ულოცავენ უცხოელები ქართველ ერს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, არამედ აფასებენ მას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი იმდროინდელ ევროპაში. გარდა ამისა, კრებულში მკითხველი გაეცნობა უცხოელი და ქართველი მეცნიერების სტატიებს სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე.

დარწმუნებული ვართ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თაოსნობით, სხვა მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს ქართული კონსტიტუციონალიზმის სკოლის აღორძინებაში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით