ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021

ამოსდებს თუ არა ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებს ლაგამს - ახალგაზრდები არ ჩერდებიან, აპირებენ აქციების გაგრძელებას

ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტი ინვესტორთა რადარებზე დააბრუნოს

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N3 (277) მიმოხილვა

* * *

ამოსდებს თუ არა ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებს ლაგამს - ახალგაზრდები არ ჩერდებიან, აპირებენ აქციების გაგრძელებას

“ოპოზიცია მოლაპარაკებების დაწყებამდე პროტესტის მუხტს ანელებს. ბოლო ორი დღეა არ აქტიურობენ ამ მხრივ ანტისამთავრობო აქციების მონაწილე ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებენ. თუმცა გუშინ რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ დღის წესრიგს არ ცვლიან და ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. იფიცებიან, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კავშირი არა აქვთ და საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ისინი პარტიების ერთგვარ ახალგაზრდულ ფრთას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე დამოუკიდებელ მოთამაშეებს. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, თუმცა თუ მათი აქტივობებით მოლაპარაკებებს ხელი შეეშლება, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამოსდებს თუ არა ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებს ლაგამს - ახალგაზრდები არ ჩერდებიან, აპირებენ აქციების გაგრძელებას.

“ჩვენ ოპოზიციის გეგმის გათვალისწინება რიგ შემთხვევაში შეიძლება რომ მოგვიწიოს ხოლმე და რიგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ხაზი დავიტოვოთ ისევე, როგორც აქამდე იყო იმიტომ, რომ ჩვენი აქციების ფაქტიურად 100%-იანი უმრავლესობა ოპოზიციის აქციებთან მიბმული არ იყო. როცა ემთხვეოდა ხოლმე და ხალხის მობილიზებას ისინიც ახერხებდნენ, რაც დაახლოებით წელიწადში ორჯერ ხდებოდა, ერთად ვდგებოდით. მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ბუნებრივია არცერთ შემთხვევაში არ გვინდა, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებას ხელი შევუშალოთ, რადგან მიზანიც ეს იყო, რომ კრიზისი ქუჩიდან რამენაირად ცივილური ფორმით მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტილიყო. ყოველ შემთხვევაში, დაწყებულიყო მაინც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებებთან აქციას არ გავაკეთებთ, ბუნებრივია ზუსტად ისევე ვიმოქმედებთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით, არანაირი კანონის დარღვევას არ ვაპირებთ, თუმცა სამოქალაქო სექტორის მხრიდან აქციები არ შეწყდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიგა მაქარაშვილი.

“თუ ოპოზიციამ ხვალინდელი პიკეტირება გააუქმა, ჩვენთან კომუნიკაცია ექნებათ, თუ საკმარისი არგუმენტები ექნებათ იმისთვის, რომ აღარ უნდა გაგრძელდეს მათი მხრიდან და ჩვენც გვთხოვენ, არაა გამორიცხული რომ კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ “ქართულმა ოცნებამ" ქუჩიდან წნეხი მუდმივად უნდა იგრძნოს”, - მიიჩნევს მაქარაშვილი. “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე პროტესტის გაგრძელების მომხრეა და მიიჩნევს, რომ მუხტი არ უნდა შეანელოს. “ცალსახად ვამბობთ, რომ პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს, კონსტიტუციის რეალიზების ნაწილში ვერც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ვერ გეტყვის, რომ ეს არ განახორციელო”, - თქვა მუმლაძემ “ტვ პირველთან”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებზე ოპოზიციის პირდაპირი გავლენა არ ჩანს, თუმცა მიიჩნევს, რომ მათი დიდი ნაწილი პარტიულია. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი “ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ კავშირს ხედავს”, - დასძენს გამოცემა.

“ისინი ფაქტობრივად ისე მოქმედებენ, როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა. შესაძლოა გამონაკლისის სახით მართლაც არაპარტიული იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც პარტიულები არიან. შესაბამისად, როცა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ორი კვირით ქუჩის პროტესტი შეეჩერებინა, რაც ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა, თავისთავად მოსალოდნელი იყო ისიც, რომ სამოქალაქო სექტორის ეს ნაწილიც აქტივობას შეაჩერებდა და ალბათ შეჩერდა კიდეც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ ძალებსა და მათ შორის განსხვავება რა თქმა უნდა არაა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რუსთაველზე პარლამენტთან შეკრებილ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს მე კლასიკურ სამოქალაქო აქტივისტებად არ განვიხილავ, ისინი “ნაცმოძრაობის” პარტიული განშტოებები არიან, ზოგი დაქირავებულია, ზოგი იქ ეკონომიკური ინტერესის გამოა, ამიტომ მათთვის სამოქალაქო აქტივისტების დარქმევა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი პარტმუშაკები არიან, რომლებიც ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ. ამ პარტმუშაკებს “ნაცმოძრაობამ” აქტივობა შეაჩერებინა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით რომელიმე უცხოელმა დიპლომატმა ან რომელიმე უცხოელმა პოლიტიკოსმა ნაცმოძრაობას მეგობრული რჩევა მისცა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში სამოქალაქო აქტივიზმი გულისხმობს იმას, რომ ისინი ნებისმიერი პარტიისგან აბსოლუტურად დისტანცირებულები არიან, პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ. ისინი შეიძლება გარემოს დაცვისა და სამედიცინო პრობლემებს აპროტესტებდნენ და პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ, მაგრამ როცა სამოქალაქო აქტივისტი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზეა მიბმული, ის პარტმუშაკი ხდება”, - დაასკვნის გია აბაშიძე.

ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტი ინვესტორთა რადარებზე დააბრუნოს

“მთავრობის მზადყოფნას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი დაძრას, სპეციალისტები ეჭვის თვალით უცქერიან. იმ მეთოდებით, რასაც სახელმწიფო აქამდე მიმართავდა, პორტის მშენებლობა ნაკლებად პერსპექტიული ჩანს. საუკეთესო შემთხვევაში, როგორც ვარაუდობენ, ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადა 2028 წლამდე გადაიწევს, ესეც იმ პირობებში, თუკი მთავრობა რიგ გამოწვევებს თავს გაართმევს. ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტი ინვესტორთა რადარებზე დააბრუნოს / სპეციალისტები ეჭვობენ, რომ დღევანდელ პირობებში ამხელა მასშტაბური პროექტის განხორციელება მოხერხდება.

“პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. თუმცა სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ. როგორც ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ ეპიდემიური მდგომარეობა პორტის მიმართ ინტერესს შეასუსტებს და, შესაბამისად, მისი განხორციელებაც გაჭიანურდება. “ვერ ვხედავ, რომ ამ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მიმართ სერიოზული ინტერესი გააჩნდეს. ამაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორმა იქონია, ეს არის როგორც როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური, პიროვნული, პოლიტიკური და სხვა. ძალიან ბევრი მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს, რასაც მოჰყვა შემდეგში კონსორციუმის მენეჯერის დისკრედიტაცია მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო დააფრთხო ინვესტორები. აშკარაა, რომ ანაკლიის პორტი ზოგადად პერსპექტიულია, მაგრამ იმ ფორმულით, რასაც აქამდე აკეთებდნენ, პროექტი ხანგძლივად გაჭიანურდება და დიდ რისკებთანაა კავშირში”, - ამბობს გერლიანი, რომელიც “ახლაც ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ამ საკითხის მოგვარებას სახელმწიფო თავს გაართმევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახელმწიფოს მხრიდან დიდი რესურსი ჩაიდო, მაგრამ შემდეგ უკვე ინვესტირების ეტაპზე, როცა დაფინანსება იყო საჭირო, სიტუაცია გაიჭედა, რაც პოლიტიკური რისკის მატარებელია და არც ეკონომიკურად არის გამართლებული. ასეთი მიდგომით პორტის დაფინანსება და უზრუნველყოფა ნაკლებად პერსპექტიულია. ანაკლიის პორტი, გვინდა თუ არა, მეჭვება 2027-28 წლამდე აშენდეს”, - მიიჩნევს რამაზ გერლიანი. ანაკლიის პროექტის მიმართ სამომავლოდ ინვესტორთა ინტერესის გააქტიურებას ნაკლებად ელოდება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. ეს უკვე მეხუთე ან მეექვსე შემთხვევაა, როცა მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებას აპირებს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება”, - დასძენს გამოცემა.

“პანდემია არ არის ის მდგომარეობა, რამაც ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება შეაჩეროს. მთავრობის ინიციატივა ამ მხრივ კარგია, ღმერთმა ქნას, აშენდეს ეს პორტი. ახალი შესაძლებლობა თუ გაჩნდება და ინვესტორი მოიძებნება, დაბრკოლებას ნაკლებად ველი, მაგრამ უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ დაანონსდა ტენდერის გამოცხადება, საკითხი კი დღემდე არ დაძრულა. ამიტომ არ მაქვს განცდა, რომ პროექტი განხორციელდება. ტრანსპორტის სფეროში სხვა პროექტების შესახებაც გაკეთდა განცხადებები, მაგრამ არაფერი შესრულდა. დაველოდოთ, რამდენად რეალურია მთავრობის დამოკიდებულება პროექტის მიმართ, დაახლოებით, 6 თვეში ნამდვილად გაირკვევა. პერსპექტივა ნაკლებია, ხოლო ქვეყანა, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ამასობაში უდიდეს სატრანზიტო შესაძლებლობას კარგავს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი.

,,ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან ევროპისკენ სულ უფრო მზარდი ტვირთნაკადის გასატანად ყველაზე მიმზიდველი და მარტივი იქნებოდა ანაკლიის პორტის გამოყენება. ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ და ისევ დავუთმეთ რუსეთს ეს ტვირთნაკადი. ეს 25-30-წლიანი ჭრილის გადმოსახედიდან იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. გამორიცხულია, რომ რომ ანაკლიის პორტი ფოთის ან ბათუმის პორტმა ჩაანაცვლოს ლოგისტიკური, სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული საკითხების გათვალისწინებით. ფოთის სარკინიგზო კავშირი სამტრედიამდე 40 კმ/სთ სიჩქარით 5 მილიონი ტვირთის გატარების შესაძლებლობასაც არ იძლევა. არსებული ნავსადგურების განვითარება 5-10 წლის ჭრილში დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ მეტი განვითარების შესაძლებლობა მათ არა აქვთ”, - განაგრძობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.

“ანაკლიის ნავსადგურში ადვილად იყო შესაძლებელი, ინგლისურ სამართალს ემოქმედა. ეს ჩადებული იყო ამ პროექტში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური კანონმდებლობა გამოგვეყენებინა. დაბოლოს, ანაკლიის პორტის გარეშე, ფაქტობრივად, დევალვირებული ფუნქცია აქვს საქართველოს რკინიგზას, რადგან ის თანხა, რაც ჩაიდო, მაგალითად, უღელტეხილის სარეკონტრუქციოდ, რომ მიგვეღწია 50-60 მილიონი ტონა ტვირთის გატარებისთვის, ფუჭი აღმოჩნდება, თუკი მას არ ექნება ისეთი მნიშვნელოვანი წერტილი, როგორიც ანაკლიის ნავსადგურია”, - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N3 (277) მიმოხილვა

მართვადი ქაოსის შეჩერება მხოლოდ კანონიერების აღსრულებას შეუძლია / თავდაცვის ახალი მინისტრი წინამორბედის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს... / საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში / ქართველი მფრინავები საზღვარსაც იცავენ და ხანძრებსაც აქრობენ / ვის ინტერესშია ოკუპირებულ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა?! / აბუ-დაბი IDEX-2021 / უწყვეტი საარტილერიო ცეცხლი მოძრაობაში / “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები (გაგრძელება) / 1941 წელი - მოკავშირეები ირანში / ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა პირველი პროექტი / ფოთისა და ბათუმის მეზღვაურთა სამჭედლო / “იწვებოდა სოხუმი და აქეთ არაფერი ვიცოდით” / როგორ იღებენ სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკის პრეზიდენტები / გმირი მეხანძრე-მაშველის გზა / “ბრაუნინგის” მსხვილკალიბრიანით რუსულ ბე-ტე-ერსაც გახვრეტ...

“ხელისუფლებაში დაპირისპირებამ საუკუნის წინ საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, ხონჩით “მიართვა” ბოლშევიკურ რუსეთს და დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავზე, შიდაპოლიტიკური უკიდურესი დაპირისპირება, ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს ძალზე დაუცველს ტოვებს ჩვენი მტრების საშიში ზრახვების წინაშე. უკვე ყელში ამოვიდა ეს მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობები და კრიზისული სიტუაციები, რომელსაც საქართველო თავისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამე ათეულ წელზეც ვერ გასცდა. მართვადი ქაოსი - სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული ათწლეულები. ამ მართვად ქაოსს კი საქართველოს სხვა, რიგი ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკური ძალები თავიანთი სპეცსამსახურების საშუალებით გვახვევენ თავზე, რისთვისაც იყენებენ “გავლენის აგენტებს”, რომლებიც წლების განმავლობაში “გამოზარდეს” ქართულ პოლიტიკაში” - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N2, იანვარი, 2021) სტატიაში, სათაურით მართვადი ქაოსის შეჩერება მხოლოდ კანონიერების აღსრულებას შეუძლია.

“მუდმივად მართვად ქაოსში მყოფი ქვეყანა ვერასოდეს გახდება მართლაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული, ის ყოველთვის იმ ძალების “სათამაშო თოჯინა” იქნება, ვისაც საქართველოს გაძლიერება არ სურს. რა უნდა გაკეთდეს, რომ მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს და ხელისუფლების მთავარი ძალები ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის იხარჯებოდეს და არა რადიკალური ოპოზიციის არასანქცირებული, შეტევითი ხასიათის მსვლელობების შესაკავებლად პოლიციის საშუალებით. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და პარლამენტის ტრიბუნიდან კონსტრუქციულად გააკრიტიკებენ (რაც დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია) ერთმანეთის საქმიანობას (და არ გადავლენ პიროვნულ შეურაცხყოფებზე). მაგრამ დღეს ეს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას, უპირველესად კი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის წარმოუდგენელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალების” მიზანია თითქმის იმავე სქემის გათამაშება, რომლითაც ქვეყნის სათავეში 2003 წლის 22 ნოემბერს მოვიდნენ - პარლამენტში ძალისმიერი შეჭრით. 2019 წლის 20-21 ივნისს ღამეს სწორედ იმავეს გამეორება სცადეს პარლამენტის შენობაზე არაერთი იერიშით (რითი განსხვავდება ქართულ პარლამენტზე ეს იერიში ამერიკის კაპიტოლიუმში შეჭრისგან?), რისთვისაც ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ხელისუფლების უდიდესი შეცდომის, რუსი დეპუტატის ჩამოყვანა გამოიყენა. ამის მიღწევა კი ქვეყანაში მართვადი ქაოსის ვითარების შექმნით შეიძლება, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები, უპირველესად კი სამართალდამცავები, ვეღარ გააკონტროლებენ სიტუაციას და რადიკალურ ოპოზიციას საშუალება მიეცემა ხელისუფლების სადავეები ჩაიგდოს ხელთ, როგორც ეს 18 წლის წინ მოხდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“18 თებერვალს პრემიერ-მინისტრობიდან გიორგი გახარიას მოულოდნელი (მოულოდნელი უფრო საზოგადოების ფართო მასებისთვის, თორემ ეტყობა, შიდა დაპირისპირება მმართველ გუნდში უკვე მომწიფებულიყო იყო) გადადგომის შემდეგ საქართველოში მოვლენები ელვისებურად განვითარდა და ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის შემცვლელად თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისივე მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ჯუანშერ ბურჭულაძე, რადგან ის პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა 18 თვის წინ მოიყვანა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით თავდაცვის ახალი მინისტრი წინამორბედის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს...

“ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის გზები ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში გადაიკვეთა, როცა ბურჭულაძე “ქართუ ბანკის” პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად მუშაობდა, ღარიბაშვილი კი “ქართუ-ჯგუფის” ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერად, ხოლო 2005 წლის ბოლოსთვის “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე გენერალურ დირექტორამდე დააწინაურეს. თუმცა მათი მეტად დაახლოების საფუძველი, დიდი ალბათობით, გახდა 2013-2014 წლებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტები, რომელთა ორგანიზებაშიც ჯუანშერ ბურჭულაძე მონაწილეობდა. მისი საქმიანობის დოსიეში განსაკუთრებით გამოყოფილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული ორი პირადი მადლობა იმისთვის, რომ ორგანიზება გაუწია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს და ამასთან, აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენაში დაეხმარა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩანს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ისე მოეწონა ბურჭულაძესთან საქმიანი ურთიერთობა, 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისას ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც მაშინ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო, თავის მოადგილედ წაიყვანა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილიდან ჯუანშერ ბურჭულაძე ბოლო 18 თვის განმავლობაში უშუალოდ ასრულებდა მინისტრ ღარიბაშვილის წამოწყებულ ერთ-ერთ უმთავრეს პროგრამას, რომელიც თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად: საცხოვრებელი კორპუსების აშენებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას, ყაზარმების გარემონტებასა თუ სამხედრო სასადილოებში კვების რაციონის გამდიდრებას. ფაქტობრივად, ბურჭულაძეს ევალებოდა თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის გატარება...”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოსტცივიომისეული მსოფლიო ლიბერალური წესწყობილების პროცესი პირდაპირ უკავშირდება სსრკ-ის დაშლასა და საერთაშორისო ურთიერთობათა არენაზე ახალ ეტაპს. დასავლური პოლიტიკური იდეოლოგიების დიდი დამსახურებაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების უმრავლესობამ აქცენტი დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობაზე გააკეთა და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ მისწრაფებათა ზრდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მძიმე შედეგებს უკავშირდება, რაც უპირველესად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებით იყო გამოწვეული. 2008 წლის აგვისტოში ჩრდილოელი მეზობლის აგრესიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის უალტერნატივობა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს კანონიერი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოჰყვა. კერძოდ, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ინსტიტუციების აღმშენებლობა, წვრთნისა და აღჭურვის პროცესები, სამხედრო დანაყოფების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ა.შ. 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს, რომელიც ჯარის გადამზადებისთვის რესურსებს არ ფლობდა, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით გაუჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკუთარი თავის გაცნობის, სამხედრო პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწისა და გამოცდილების საკუთრივ არმიაში გადმოღების საუკეთესო საშუალება. საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთი წინა პირობა სწორედ საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის საუკეთესო მაგალითია სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მისიაში გასაგზავნი ქვედანაყოფები მომზადებას ნატოს მოთხოვნების შესაბამისად გადიან ქართველი ინსტრუქტორებისა და ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით. საერთაშორისო მისიაში საქართველო ჯერ კიდევ 1999 წელს ჩაერთო, როდესაც სპეცდანიშნულების ოცეულის დონის პირველი ჯგუფი კოსოვოს ქალაქ მამუშაში გაემგზავრა. 2003 წლიდან კოსოვოში ქართულ კონტინგენტს ერთი გაძლიერებული ასეული დაემატა, ხოლო მისია 2008 წლის პირველ კვარტალში დასრულდა. პარალელურად ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას ერაყის სხვადასხვა პროვინციაში ასრულებდნენ. ერაყის მისია 2003 წელს 70 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო და 2008 წლის აგვისტოში 2 200-მდე სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით დამთავრდა. ერაყში სამშვიდობო მისია ქართულ ჯარში დასავლური მენეჯმენტის გადმოღების მცდელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა პირობა გახდა. ორივე მისიაში დაახლოებით 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, ანუ იმდროინდელი პირადი შემადგენლობის დაახლოებით 35-40%...”- განაგრძობს გამოცემა.

“1999 წლის 22 აპრილს საფუძველი ჩაეყარა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციას, ხოლო მაისში ავიარაზმის მეთაურად კაპიტანი შამილ ქორთოშიძე დაინიშნა. იმავე პერიოდში სასაზღვრო ავიაციის სამსახურში ჩადგნენ - მაიორი რეზო ნაროუშვილი, კაპიტნები: ზაურ ქორთოშიძე, დავით აბალთიძე, გურამ ჯალაღანია, თამაზ ნადირაშვილი, პეტროს მანუკიანი; ლეიტენანტები: გოჩა მეზვრიშვილი, იოსებ ითიურიძე, მურმან მჭედლიშვილი, ალექსანდრე ტყემალაძე და სხვები. 1999 წლის 21 აგვისტოს ავიარაზმმა აშშ-ის საბაჟო სამსახურისგან უანგარო დახმარებად პირველი საფრენი აპარატი Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი ბორტი N07 მიიღო...” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველი მფრინავები საზღვარსაც იცავენ და ხანძრებსაც აქრობენ.

“საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეეჩვია აზრს, რომ სადაც სტიქიური უბედურება, ხანძარია ან მთებში ჩარჩენილ ტურისტებს სასწრაფოდ დახმარება სჭირდებათ, იქ აუცილებლად უნდა მუშაობდეს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენი. თუმცა ეს სასაზღვრო ავიაციის დავალებების მხოლოდ ერთი ნაწილია. შს სამინისტროს ეს დანაყოფი მნიშვნელოვან სასაზღვრო-პოლიციურ ამოცანებს ემსახურება. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” კითხვებს პასუხობს საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ხარისხისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ დათუკიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის ფუნქციებში შედის სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის გაკონტროლება; პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირება; საგანგებო სიტუაციების დროს (სტიქიური უბედურება, ხანძარი) ზარალის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა როგორც სახელმწიფო საზღვარზე, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასეთი მრავალფეროვანი ამოცანების შესრულება ტექნიკურად გამართული საფრენი აპარატების საჭირო რაოდენობას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გარემონტებული შვეულმფრენების დამატებით სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობებმა შესამჩნევად მოიმატა. გაიზარდა სასაზღვრო ავიაციის ოპერაციული შესაძლებლობები როგორც საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების, ასევე, ძებნა-გადარჩენისა და სახანძრო დავალებების შესრულების დროს. კარგი სიახლეა ისიც, რომ ახლა გვაქვს შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში მუდმივად იყოს შვეულმფრენი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამაშველო და სახანძრო დავალებებს სწრაფად შეასრულებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ დათუკიშვილი.

“ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ მეზობელი სომხეთის რევერანსებმა რუსეთთან თვალში საცემად მოიმატა - სთხოვენ სომხეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნას, არსებული გიუმრის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაძლიერებას, რუსეთის შემადგენლობაში პროტექტორატად მიღებას, ხოლო მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერჯერობით ადგილობრივი სომხები აკონტროლებენ, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. რუსეთისათვის ამგვარ მაამებელ განცხადებებს ერევანმა აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივაც მიაყოლა. რკინიგზის გახსნა ოფიციალურმა ერევანმა, თანაც საკმაოდ აქტიურად, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინაც მოისურვა, რათა მშენებარე ოლიმპიური ობიექტები სომხური წარმოების ცემენტით მომარაგებულიყო...” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ვის ინტერესშია ოკუპირებულ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა?!

“სომხეთისთვის რუსეთი კვლავინდებურად მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ყარაბაღში დამარცხების შემდეგ აშკარაა, რომ ამ ურთიერთობის უფრო გაღრმავებაა მოსალოდნელი, რასაც ტვირთბრუნვის ზრდაც მოჰყვება. საინტერესოა, რომ ერევანი როცა რკინიგზის გახსნის სურვილს გამოთქვამს, ყოველთვის გვერდს უვლის ამ პრობლემის დაძლევის მთავარ ხელისშემშლელ მიზეზებს - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, აფხაზეთის რუსულ ოკუპაციასა და სოხუმში რუსეთის ხელდასხმულ სეპარატისტულ ხელისუფლებას. სოხუმი, რომელიც საქართველოსგან იზოლაციისა და გაუცხოების გაძლიერებით არის დაინტერესებული, ადრე რკინიგზის გახსნის იდეას ნაკლებად იზიარებდა, ამჯერად კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სურვილი აღეძრა და რუსეთის სახელმწიფო დუმას განცხადებითაც კი მიმართა, რომ მზადაა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლაში რუსეთსა და სომხეთს შორის თანაბარი უფლებებით მონაწილეობდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებში რკინიგზის ტრანსპორტი დიდ როლს ასრულებს და არანაკლებ მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულებაც აქვს. რკინიგზით გადაჰყავთ პირადი შემადგენლობა, ეზიდებიან შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას (ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, მძიმე თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს და სხვ.), საბრძოლო მასალებს (ბომბებს, რაკეტებს, ნაღმებს და ა.შ.), საწვავსა და უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალებას. სამხრეთ კავკასიაში ვითარებას კრემლი ფეთქებადსაშიშად განიხილავს და რეგიონში თავის სამხედრო ყოფნას სამხედრო ბაზების სახით აუცილებლობად თვლის. ასეთი პოლიტიკის შედეგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული ცხინვალის მე-4 და გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზები, რომლებსაც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლებისთვის რუსეთთან პირდაპირი სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაცია აქვთ. ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია სომხეთში 102-ე გიუმრის სამხედრო ბაზა, არადა, ბაზის ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი უკვე ძალზე დაძველებულია. კერძოდ, შესაცვლელია დაახლოებით 70-ზე მეტი ტანკი, 200-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, თვითმავალი არტილერია და სხვა საბრძოლო საშუალებები...” - განაგრძობს გამოცემა.

“აბუ-დაბი მსოფლიოში თავდაცვითი და სამხედრო მრეწველობის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენას მასპინძლობს. 21 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა IDEX-2021-მა აიღო სტარტი. წარმოდგენილ პროდუქციაში თვლიანი და მუხლუხა ჯავშანტექნიკა, სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატები, დისტანციური ცეცხლის მართვის სისტემები და სარაკეტო კომპლექსები ჭარბობს. გამოფენის და, საზოგადოდ, რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიარაღებისა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი მსხვილი (და არა მარტო) კომპანიები საკუთარი ნაწარმის დემონსტრირებისა და ხშირად პირველი საჯარო ჩვენებისთვისაც სწორედ IDEX-ს არჩევენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით IDEX-2021.

“წლევანდელ გამოფენაზე ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჩეხური Excalibur-ის 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DITA. საარტილერიო სისტემებზე ეს კომპანია დიდი ხანია მუშაობს. საქართველოს შეიარაღებაში არსებული DANA-ს ტიპის დანადგარები სწორედ მისი შექმნილია. ბოლო წლებში Excalibur-მა ამ სისტემას მოდერნიზაცია ჩაუტარა და DANA-M1 და DANA-M2 ვარიანტები წარმოადგინა. არსებობს 155 მმ-იანი მოდიფიკაციაც Zuzana. IDEX-2021-ზე წარმოდგენილი ახალი DITA ავტომატიზაციის მაღალი დონით გამოირჩევა. მისი ეკიპაჟი მხოლოდ ორი კაცისგან - მძღოლისა და მეთაურისგან შედგება. დანარჩენს ცეცხლის მართვისა და დატენის ავტომატიზებული სისტემები აკეთებენ. საბრძოლო მარაგში 40 ჭურვია. მწარმოებლის ინფორმაციით, სწრაფსროლა წუთში 5-6 გასროლას, სროლის მაქსიმალური მანძილი კი 39 კმ-ს შეადგენს. სავალ ნაწილად გამოყენებულია Tatra-ს შასი (თვლების ფორმულა 8X8)”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბოლო წლებში ავტომატური ქვემეხებით შეიარაღებული რობოტიზებული პლატფორმები მზარდი პოპულარობით სარგებლობს. IDEX-2021-ზე ესტონურმა კომპანია Milrem Robotix-მა ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღჭურვილი მუხლუხა საბრძოლო მანქანა Type X წარმოადგინა. 6 მ სიგრძის სამხედრო ტექნიკის ეს ერთობ უჩვეულო წარმომადგენელი 12 ტ-ს იწონის და საკმაოდ მძლავრი ჯავშანიც აქვს. აკუმულატორების ხარჯზე ჰიბრიდული ძალური დანადგარი 1 საათის განმავლობაში “წყნარ” რეჟიმში გადაადგილების საშუალებას იძლევა. შეიარაღებად Type X -ზე 25 ან 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხია დაყენებული. Milrem Robotix-ის ცნობებს თუ ვენდობით, მოასფალტებულ გზაზე Type X -ი მაქსიმალურ 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს...” - განაგრძობს გამოცემა.

ფინეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების წარმოებაში დიდი წარმატება აქვს. ამის კარგი მაგალითია კომპანია Patria, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა და არსებობის არასრული მეოთხედი საუკუნის მიუხედავად, თვითმავალ ნაღმსატყორცნებში სიახლეებით მსოფლიოში მოწინავე პოზიცია უკავია. კომპანიისთვის პირველ მიღწევად მოდულური კონსტრუქციით დამზადებული ჯავშანტრანსპორტიორი AMV XA-360 (8X8) ითვლება - ანუ შესასრულებელი ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ერთსა და იმავე შასიზე შესაბამისი აღჭურვილობისა თუ შეიარაღების დაყენება, რითაც AMV XA-360-ის გამოყენების არეალი გაფართოვდა. კარგად იყო მოფიქრებული AMV XA-360-ის ჯავშანდაცვაც. მომატებული სიმაგრის ჯავშანფურცლებისგან დამზადებულ კორპუსს გარედან დაცვის მაღალი ხარისხის კერამიკული ჯავშანფილები ფარავდა, ხოლო კორპუსსა და დამატებით ჯავშანს შორის სივრცე მინაბოჭკოს პანელებით იყო შევსებული”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უწყვეტი საარტილერიო ცეცხლი მოძრაობაში.

"სწორედ ასეთი პლატფორმა გამოიყენა "პატრიამ" ორიგინალური კონსტრუქციის თვითმავალ ნაღმსატყორცნ XA-361 AMOS-ის შესაქმნელად. ფინელმა სპეციალისტებმა პირველებმა შეძლეს საბრძოლო მანქანის აღჭურვა კოშკურაში განთავსებული წყვილი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით, რომელსაც ლულიდან დასატენი ჩვეულებრივი ნაღმსატყორცნებისგან განსხვავებით სახაზინო ნაწილი ჰქონდა დამატებული. 2012 წელს "პატრიამ" მომდევნო სიახლე, AMOS-ის გამარტივებული ვერსია ერთი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით აღჭურვილი NEMO (New Mortar) წარმოადგინა. NEMO გამოირჩევა მობილურით, დაცულობითა და სროლის მაღალი სიზუსტით. ღარში ერთი ჯერის 3 ნაღმის მოთავსების შემდეგ ნაღმსატყორცნი ნახევრად ავტომატით იტენება, რის ხარჯზეც ერთი ჯერით 12 წამში 3-ს, წუთში კი 10 ნაღმს გაისვრის. თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს ტანკებისგან განსხვავებით ქვემეხის სტაბილიზატორი არა აქვთ, ამიტომ მოძრაობის დროს დამიზნებით ზუსტი სროლა არ შეუძლიათ. ზალპის შემდეგ თვითმავალმა საარტილერიო დანადგარმა თუ პოზიცია არ შეიცვალა, შეიძლება საპასუხო ცეცხლში აღმოჩნდეს...” - აღნიშნავს გამოცემა.

“ფინურ NEMO-ს ასეთი საფრთხე არ ემუქრება. “პატრიამ” თვითმავალი საარტილერიო დანადგარის ეს სუსტი მხარე გაითვალისწინა და NEMO აღჭურვა სისტემით, რომელიც მოძრაობის დროს ზუსტ სროლას როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირი დამიზნებით უზრუნველყოფს. NEMO-ს კოშკურას კომპაქტური ზომები აქვს და 1 900 კგ-მდე იწონის. თავისუფლად თავსდება სტანდარტულ 20-ფუტიან სატვირთო კონტეინერში და სატვირთო მანქანის მისაბმელზე განთავსებული ჩვეულებრივი კონტეინერისგან არაფრით განსხვავდება. ფინელებმა NEMONEMO-ს შესაძლებლობები 14 ტ წყალწყვის Jurmo-ს ტიპის ერთ-ერთ კატარღაზე შეამოწმეს და დამაკმაყოფილებელი შედეგიც მიიღეს. მაგალითად, კომპლექსი ბრძანების მიღებიდან 30 წმ-ში ცეცხლს 10 კმ-ის დიაპაზონში ხსნის. ფინელების მიღწევებით ოკეანის გაღმაც დაინტერესდნენ და NEMONEMO-ს დანადგარს, ოღონდ შტრყკერ-ის პლატფორმაზე, ახლა ამერიკელები ცდიან...” - განაგრძობს გამოცემა.

“ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტების ანკეტების განხილვას ემიგრაციაში მყოფი ცნობილი ქართველი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის ალექსანდრე ნიკურაძით ვიწყებთ. 1951 წლის 18 აპრილს მიუნხენში შედგა რესპონდენტ N545-ის, როგორც შემდეგ დადგინდა, ალექსანდრე ნიკურაძის ანკეტირება. ჯერ გავეცნოთ ალექსანდრე ნიკურაძის (1900-1981) ოფიციალურ ბიოგრაფიას. ის დაიბადა სამტრედიაში, 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი იყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით უფროს ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან ერთად გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და 1928 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკაში. სწავლის პერიოდში გაიცნო ალფრედ როზენბერგი, რომლის დახმარებით 1930-იანი წლების დასაწყისში მიიღო გერმანიის მოქალაქეობა და გახდა გერმანელ მუშათა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ჰარვარდის პროექტის” ქართველი რესპონდენტები (გაგრძელება).

“მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის შეხედულებებს. ხელმძღვანელობდა კონტინენტური ევროპის კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტს, რომელიც 1941–1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944–1945 წლებში - შვარცენფელდში. აქვეყნებდა შრომებს გეოპოლიტიკურ თემებზე ა. სანდერსის ფსევდონიმით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრობდა მიუნხენში, სადაც გარდაიცვალა 1981 წელს. ესაა მხოლოდ მშრალი ოფიციალური ცნობები ალექსანდრე ნიკურაძის, როგორც მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის შესახებ. ცნობილი ქართველი რეემიგრანტი, გერმანული ვერმახტის ოფიცერი შალვა მაღლაკელიძე (რომელიც 1919 წელს 27 წლის ასაკში თბილისის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს) მოგონებებში ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეების გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნის საინტერესო და სახალისო ისტორიას მისთვის ჩვეული იმერული იუმორით ამგვარად იხსენებდა (სტილი დაცულია), - აღნიშნავს გამოცემა.

"...როდესაც მე ტფილისის გენერალ-გუბერნატორი ვიყავი, შევდიოდი საზღვარგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მაგრამ საქმეს ნიკო ნიკოლაძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართველოდან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: ქართლ-კახეთის მოსახლეობა ისედაც გვიჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გურულებს და იმერლებს უკავიათო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პროპორციულად აღმოსავლეთ საქართველოდანაც გავუშვათ ევროპაში-მეთქი. აი, ასეთ ვითარებაში დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა მე და ნიკო ნიკოლაძეს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გეგონოთ, სამტრედიაში ორთქლმავლის წამყვანი ვარო, თეთრი “პერჩატკებიო” და “პომოშნიკი" მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენდიები არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენდიაზე და ერთ "პორციაზე" იცხოვრებენო. ერთ სტიპენდიაზე როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! აბა, თქვენ ყოფილხართ ბატონები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არც ერთს არ გავუშვებო, ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვითარებაში გავუშვით ნიკურაძეები გერმანიაში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს მათ იქ...” - განაგრძობს გამოცემა.

“მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში, ევროპისა და წყნარი ოკეანის საომარი მოქმედებების ასპარეზიდან გეოგრაფიულად მოშორებული ირანი ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ქვეყნის მდებარეობა და ნავთობით მდიდარი საბადოები ორივე მეომარი კოალიციის ინტერესებში იყო, ირანის ხელისუფლება კი არაორაზროვნად იხრებოდა გერმანიისკენ. საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებს ირანის პროგერმანული პოზიცია, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდათ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით 1941 წელი - მოკავშირეები ირანში / ყველა ომში ხდება რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანისთვის ან ისტორიკოსისთვისაა ცნობილი.

“არცთუ დიდი ხნის წინათ ამ ქვეყანას სპარსეთად მოიხსენიებდნენ, თუმცა სახელწოდების შეცვლას ბევრი არაფერი შეუცვლია. სახელმწიფოს სათავეში კვლავ სპარსეთის შაჰი, რეზა ფეჰლევი იდგა. 1940 წლიდან ქვეყანა სავსე იყო ვერმახტის საიდუმლო სამსახურის აგენტებით და გერმანელი “ბიზნესმენებით”. შაჰის ახლო გარემოცვაში ნაცისტი მრჩევლები ჭარბობდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ქვეყანაში ვერმახტის ჯარების ჩადგომა, რომელსაც სიხარულით შეხვდებოდა ხალხი თუ არა, ხელისუფლება მაინც. მოვლენების მსგავსი განვითარება სრულიად არ შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირისა და ბრიტანეთის ინტერესებს. ამ ქვეყნებს არ სურდათ ირანის ნავთობით, მარტივად რომ ვთქვათ, ნაცისტების ტანკების და თვითმფრინავების ავზების შევსება. გარდა ამისა, თუ გერმანელები ირანს დაიპყრობდნენ, ისინი აღმოჩნდებოდნენ სსრკ-ის სამხრეთის და ინდოეთის ჩრდილოეთ საზღვრებთან. ინდოეთი კი ამ დროს ბრიტანეთის იმპერიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლენდ-ლიზის სისტემის გაფართოების საქმეში ირანის ტერიტორიას მოკავშირეები განიხილავდნენ როგორც პერსპექტიულ მარშრუტს, სსრკ-ისთვის სამხედრო ტექნიკის მისაწოდებლად. რადგან სამხედრო ტექნიკის მიწოდებები აშშ-დან თანდათან იზრდებოდა, საჭირო იყო ირანის სატრანსპორტო სისტემის ძირეულად გარდაქმნა, მათ შორის სპარსეთის ყურის ნავსადგურებისა და ტრანსირანული რკინიგზის მოდერნიზება. გარდა ამისა, საჭირო იყო მარშრუტების საიმედო დაცვა როგორც გერმანელებისგან, ასევე ადგილობრივი მრავალრიცხოვანი ბანდფორმირებებისგან. მოგვიანებით საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ირანის შაჰს გაუგზავნეს ნოტები (ანუ ულტიმატუმი), რომელშიც ითხოვდნენ ყველა გერმანელის ქვეყნიდან გაძევებას. შაჰმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. თეირანში კი დაიწყო ხელოვნურად შექმნილი პროგერმანული მღელვარება...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ სტატიით ვიწყებთ წერილების ციკლს თემაზე: “ქართული ჯილდოთმცოდნეობა”. ჯილდოთმცოდნეობის შესატყვისი საერთაშორისო ტერმინია “ფალერისტიკა”. ეს არის საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი დამხმარე დარგი, რომელიც შეისწავლის ჯილდოებს, აგრეთვე საპატიო იარაღს (ცივს ან ცეცხლსასროლს), მათივე თანმხლები დოკუმენტებით. ეროვნული ჯილდოთმცოდნეობის საკითხები მონოგრაფიულად გვაქვს შესწავლილი წიგნში “ქართული ფალერისტიკა” (თბილისი, 1995). პირველ წერილში მოგითხრობთ, თუ რას ითვალისწინებდა ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა პირველი პროექტი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართულ სახელმწიფო ჯილდოთა პირველი პროექტი.

“ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის ვაჟი, უფლისწული იოანე ბაგრატიონი (1768-1830), გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, არტილერიის სარდალი (ფელცეხმაისტერი), მეცნიერი, იურისტი და მწერალი გახლდათ. 1799 წლის 10 მაისს იოანემ თავის გვირგვინოსან მამას წარუდგინა რეფორმათა პროექტი “სჯულდება”, რომელიც ფრიად საყურადღებო ძეგლია საქართველოს იმდროინდელი სამხედრო-პოლიტიკური აზროვნების, სამართლის, განათლების, ეკონომიკის და სამხედრო წყობილების შესასწავლად. იგი მიზნად ისახავდა სახელმწიფოებრივი წყობის მოდერნიზაცია-ევროპიზაციას და სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების პროექტსაც მოიცავდა. ასეთი ჯილდოები მანამდე არ არსებობდა საქართველოში, სადაც ტრადიციულად აჯილდოებდნენ: თავადის ან აზნაურის მემკვიდრეობითი წოდებით, ყმობიდან განთავისუფლებით (თავისუფალ გლეხად ჩარიცხვით), ყმებითა და მამულით (მიწის ნაკვეთით), საბრძოლო იარაღით, საჭურვლით, ჯიშიანი ბედაურით და სხვ.” - აღნიშნავს გამოცემა.

“აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ორდენები და მედლები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში შემოიღეს: ოსმალეთში 1799 წელს, სპარსეთში 1808 წელს, ხოლო რუსეთში პირველი ორდენი 1699 წელს დაწესდა. საგულისხმოა, რომ ამ სიახლის საქართველოში დანერგვა იოანე ბაგრატიონმა სცადა. მან დეტალურად აღწერა დასაწესებელი ექვსი სახელმწიფო ჯილდოს ფორმა, რომელთაც ჩამოვთვლით რანჟირების მიხედვით: 1. წმ. ნინო კაპადოკიელის ორდენი. ვარსკვლავის ფორმის ეს ორდენი ორი ხარისხის უნდა ყოფილიყო. მათ ცენტრში მოთავსებულ მედალიონზე უნდა გამოესახათ საქართველოს განმანათლებელი წმ. ნინო კაპადოკიელი, ასევე უფლის კვართი და სვეტიცხოველი. I ხარისხისას უნდა ჰქონოდა თეთრი, წითელარშიიანი მხარზე გადასაკიდებელი საორდენო ბაფთა, ხოლო II ხარისხისას – შედარებით წვრილი, ყელზე ჩამოსაკიდებელი საორდენო ბაფთა. 2. წმ. დავით აღმაშენებლის ორდენი. ჯილდო სამი ხარისხისა უნდა ყოფილიყო. ვარსკვლავში უნდა გამოესახათ პორტრეტი წმ. მეფე დავით IV აღმაშენებლისა, ზედწერილით: “მამულის, მხნეობისა და თავდადებისათვის”... - განაგრძობს გამოცემა.

“1858 წლის 23 მაისის 9 საათზე რიონზე ფოთის გემთსადგომიდან მოიხსნა და მდინარეზე აღმა ცურვას შეუდგა საზოგადოება “როსიისკოე ობშჩესტვო პაროხოდსტვო ი ტორგოვლის” (“როპიტა”) სანიჩბე ბორბლებიანი ორთქლმავალი გემი “აკერმანი”. გემმა საპატიო სტუმრებით ბორტზე შეუფერხებელი 10-საათიანი ცურვის შემდეგ დანიშნულების ბოლო პუნქტს, სოფელ მარანს მიაღწია. რიონზე გემების რეგულარული მიმოსვლის დაწყება დიდი მნიშვნელობის პოლიტიკურ-კომერციული მოვლენა იყო, რომელიც თან რიონისპირა სოფლების მცხოვრებთა საზღვაო საქმით დაინტერესებასაც ხელს უწყობდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ფოთისა და ბათუმის მეზღვაურთა სამჭედლო.

“1871 წლის ივნისში, როცა ნაოსნობა რიონზე დასრულებისკენ მიექანებოდა, “როპიტას” დირექტორ-განმკარგულებელმა ნიკოლაი ჩიხაჩიოვმა მატროსებად და ცეცხლფარეშებად იმერელი, მეგრელი და გურული ახალგაზრდები სოხუმიდან ბათუმამდე და ფოთამდე, აგრეთვე რიონზე მოცურავე საზოგადოების გემებზე სამუშაოდ მიიწვია. ჰპირდებოდა უფასო კვებასა და ხელფასად თვეში 8 რუბლს. 1869 წელს ფოთიდან მარნამდე მგზავრობა I კლასით იქით-აქეთ 7 რუბლი ღირდა. “როპიტას” გემებზე სამსახურის დროს ერთმა ქართველმა მატროსმა თავი ისახელა. 1873 წლის 22 ნოემბრის ღამით ფოთთან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა და რეიდზე მდგომი პატარა გემები, მათ შორის ნაპირიდან 250-260 მ-ში ავსტრიული “დარა” ჩაიძირა. ზღვის ზედაპირიდან “დარას” ამოშვერილ ბიზან-ანძის ვანტებზე დახმარების მოლოდინში მატროსები იყვნენ ჩაჭიდებულნი. ტალღებთან ბრძოლაში ადამიანებს ძალა ეცლებოდათ და იმედს კარგავდნენ, ერთმა მატროსმა ლოდინს ვეღარ გაუძლო, წყალში გადახტა და ნაპირისკენ ცურვით გაღწევას შეეცადა. ამის შემსწრე სამი მატროსი ბარკასით ზღვაში სასწრაფოდ შევიდა, ტალღებს არ შეუშინდა და 11 მეზღვაური დაღუპვისგან იხსნა. იმ სამიდან ერთ-ერთი გემის “ბაბუშკას” მატროსი ლუკა ბალავაძე იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1867 წელს რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერა კანონს ზღვისპირა ქალაქებში საზღვაოსნო კლასების დაარსებაზე. ზამთარში, როცა რუსეთის პორტები იყინებოდა და მეზღვაურებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ, კლასებში მიღებული თეორიული ცოდნით მათ შტურმანობაზე ან შკიპერობაზე გამოცდის ჩაბარების საშუალება ეძლეოდათ. სწავლა უფასო იყო, დრო განუსაზღვრელი და არც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებდა. 1876 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობაში ფოთში საზღვაოსნო კლასების დაარსების თხოვნით განმარტებითი ბარათი შევიდა. ბარათის ავტორის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობის ტრადიციული სამდინარე ნაოსნობა იყო. ასევე აღინიშნებოდა “როპიტას” გემებსა და ბარჟებზე ქართველი მატროსების კარგი სამსახური, ფოთის პორტის მნიშვნელობისა და სავაჭრო ნაოსნობის განვითარების პერსპექტივა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა საზღვაო კადრების საჭიროებას...” - განაგრძობს გამოცემა.

“ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი აფხაზეთის ომის დროს ტელეკომპანია “რიონში” ახალი ამბების რედაქციაში მუშაობდა. ომი ახალი დაწყებული იყო, როცა შვილი, სამი წლის მარიამი, სახლში დატოვა და ქუთაისის მერს თეიმურაზ შაშიაშვილს ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად საომარი მოქმედებების ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად გაჰყვა. “ტამიშში რომ ბიჭები დაცხრილეს, ზუსტად ის დღე იყო, - იხსენებს ნანა, - უკან იმ იმედით ვბრუნდებოდით, რომ კონფლიქტური სიტუაცია მალე ჩაწყნარდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა... მაგრამ ჩვენი ავტობუსი ტამიშთან გააჩერეს და იქ გავიგე ის ტრაგიკული ამბავი. ეს იყო პირველი შოკი და ომის პირველი განცდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “იწვებოდა სოხუმი და აქეთ არაფერი ვიცოდით”.

“მას შემდეგ კიდევ ერთი დიდი შოკი მიიღო, ამჯერად ომის ბოლო დღეებში, რამაც მის ცხოვრებასთან სამუდამოდ დააკავშირა ის ბიჭები, რომლებთან ერთადაც უკანასკნელად გაფრინდა აფხაზეთში. მათგან რამდენიმე ტყვედ ცოცხალ-მკვდარი ჩავარდა, რამდენიმე დაჭრილ-დასახიჩრებული სასწაულებრივად გადარჩა და სამშვიდობოს გამოაღწია, ზოგმა იქ პოვა სამუდამო განსასვენებელი, ნანა კი წლებია უსმენს მათ მოყოლილ ამბებს, რომელთაც საკუთარი კამერით გადაღებულ კადრებსაც ურთავს და ასე კინძავს ომის ისტორიებს... ბევრი მეომრის სახე და სახელი შემოგვინახა ნანა კუხალაშვილის კამერამ: მეომრების სახეები თვითმფრინავში, ბაბუშერის აეროპორტში და ომიდან დაბრუნების შემდეგ... ეს ნანას მისიაა, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. განსაკუთრებული სიმამაცის გამოჩენისთვის ნანა კუხალაშვილი სახელმწიფომ ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. ასეთია ჟურნალისტის გზა, რომლის გავლისას მან საკუთარ თავს სხვა კვარცხლბეკზე მიაგნო, კვარცხლბეკზე, რომელსაც სიკვდილის შიშზე გამარჯვება ჰქვია...” - აღნიშნავს გამოცემა.

“1993 წლის 22 სექტემბრის გამთენიისას მომადგა ჩემი ოპერატორი ვოვა ბლინოვი და მითხრა, სოხუმში მივდივართო. იმ პერიოდში ომიდან ინფორმაცია აღარ ჩამოდიოდა. სხვათა შორის, შაშიაშვილმა გაკვირვებულმა მკითხა, თქვენც მოდიხართო, ალბათ, ეგონა, მამაკაცი გაჰყვებოდა. კოპიტნარის აეროპორტში გენერალი ნაირაშვილი ვნახეთ, არაფრით არ შეიძლება გაფრენა, ძალიან სახიფათოა და ნებართვას არ გვაძლევენო. შვიდი საათი ველოდით გაფრენას. ყველა მეომარმა იცოდა, რომ ის თვითმფრინავი განწირული იყო, მაგრამ უკან არავის დაუხევია. ჩავფრინდით დილის 10-11 საათისთვის. გადაღებული მაქვს, ტაშით რომ შეხვდნენ მეომრები დაფრენას. სამწუხაროდ, ეს ბოლო რეისი იყო. ამის შემდეგ სოხუმის მიმართულებით ფრენა აღარ ყოფილა. ბაბუშერის აეროპორტის თავშესაფარში ისეთი სურათი ვნახე, ენით ვერ აღწერ - შეშინებული ქალები, ბავშვები, მოხუცები... მოკლედ, დიდი საცოდაობა ხდებოდა. ამის შემდეგ ჩამოვატარეთ კამერა და სათითაოდ გადავუღეთ მეომრებს, ისინი პოზიციებზე გადასანაწილებლად წავიდნენ, ჩვენ კი გეზი სამთავრობო აგარაკისკენ ავიღეთ, სადაც ბატონი ჟიული შარტავა შეგვხვდა. იქ ვნახეთ ედუარდ შევარდნაძეც. ოთახში შევედით, მაგიდაზე მინის ნამსხვრევები ეყარა...”, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კუხალაშვილი.

“აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, მის წინამორბედს და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციის შემცველ ბიულეტენებს არ გაუგზავნიან. ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ირონიულად ახსნა: “არ ვფიქრობ, რომ მისთვის სადაზვერვო ბრიფინგებზე წვდომა საჭირო იყოს. რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის? შეიძლება სადმე წამოსცდეს”. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო ბიულეტენებზე წვდომა არ ექნება. ჩემი აზრით, ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებიც”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით როგორ იღებენ სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკის პრეზიდენტები.

“აშშ-ის სპეცსამსახურებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ყოველდღიური საიდუმლო ცნობის მომზადება უკვე გასული წლის დეკემბერში უნდა დაეწყოთ, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მარცხს არ აღიარებდა, მათ ეს აუკრძალა. მაშინ ჯო ბაიდენი ჩიოდა: “ვერ ვიღებთ იმ ინფორმაციას, რაც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე წინა ადმინისტრაციისგან გვჭირდება. ეს, ჩემი აზრით, დიდი უპასუხისმგებლობაა”. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ძველმა ადმინისტრაციამ ახალი პრეზიდენტის გუნდს საჭირო ინფორმაცია ადრევე უნდა მიაწოდოს. ამ მოთხოვნების ერთ-ერთი ნაწილი ახალი ადმინისტრაციისთვის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის გაცნობა და ახალი პრეზიდენტისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაა. საიდუმლო ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტს ყოველდღიურად წარედგინება და, ძირითადად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და მსოფლიოს მთავარი “რადიოელექტრონული ჯაშუშის” - აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. ასე რომ, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით გასაგებია: ბაიდენმა წყენა გულში ჩაიდო და ახლა სურს ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა არსებობს, სხვა უფრო ობიექტური მიზეზებიც. ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ ეცნობიან სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტები. “კარგი სადაზვერვო ინფორმაცია ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა”, – ეს სიტყვები აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაქ ობამას ეკუთვნის. ტრადიციულად აშშ-ის პრეზიდენტების სამუშაო დილა ფინჯანი ყავითა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცნობით იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოხდა და პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მას წერილობითა და ზეპირი მოხსენების სახით წარედგინება. ყოფილ პრეზიდენტებსაც ეგზავნებათ განსაზღვრული სახის სადაზვერვო ინფორმაცია. თუმცა აშშ-ის ბევრი პრეზიდენტი წერილობით სადაზვერვო მოხსენებებს არ ეცნობოდა და მოსმენა უფრო ერჩივნა. მაგალითად, რონალდ რეიგანი ტექსტს არ კითხულობდა, თუ ის ორ გვერდზე მეტი იყო. მისი დამოკიდებულება სპეცსამსახურებთან საკმაოდ ზერელე იყო, თვით ყველაზე საიდუმლო მოხსენებების დროსაც კი ის ჰოლივუდის მსახიობად რჩებოდა...”, - განაგრძობს გამოცემა.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 25 წლის თორნიკე კიპაროიძე ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. ის ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამძიმარი პირადად გამოუცხადა. “ძალიან კარგი ვაჟკაცი გამოაკლდა პირველ რიგში ოჯახს, სამსახურს, სამშობლოს. ეს ადამიანები ნამდვილად გმირები არიან, ისინი თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად სიცოცხლეს წირავენ. მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე გამოგვაკლდა”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში. სათაურით გმირი მეხანძრე-მაშველის გზა.

“მინისტრთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილიც იმყოფებოდნენ. ბათუმში სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. თორნიკე კიპაროიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საპატიო ყარაულმა მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. 2014-2018 წლებში ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017-2018 წლებში მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თორნიკე კიპაროიძე დაჯილდოებულია მედლით “სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის”. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” გმირი მეხანძრე-მაშველის ახლობლებსა და თანამშრომლებს ესაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სულ ვეუბნებოდი, ეს სამსახური შენთვის ჩემზე ძვირფასია, ყველაფერზე წინ აყენებ-მეთქი. ყოფილა შემთხვევა, სამოქალაქო ტანსაცმლით უბრძოლია ხანძართან, გვერდს როგორ ავუვლიდიო. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამსახურში გააკეთებდა თავის საქმეს თუ მის მიღმა. ასეთი იყო, ადამიანების დახმარება სისხლში ჰქონდა. როდესაც ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც იმყოფებოდა მაშინ ოჯახი ჯერ კიდევ არ გვქონდა შექმნილი. მერე ნახევრად ხუმრობით ამბობდა, იმდენ ხანს ვიყავი და სახიფათო სიტუაცია ერთხელაც არ შექმნილა, რომ ცოტა ადრენალინი მეგრძნოო. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დავქორწინდით. მცირედი პაუზის შემდეგ დაიწყო სამაშველო სამსახურში მუშაობა. იმდენად უყვარდა ეს საქმე, ერთი საათით ადრე მიდიოდა. არადა, თითქოს გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა, ვეხვეწებოდი, შეეშვი მაგ საქმეს, ჩვენი პატარა ბიზნესი გვაქვს და იმით ვიცხოვროთ-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა, სხვაგვარად არ შეეძლო. მე და ჩემი 1 წლის შვილი, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა, მარტო დავრჩით. სულ ამბობდა, ჩემი შვილი კარგ ქართველად უნდა გავზარდოო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე კიპაროიძის მეუღლე ლიკა ბოლქვაძე.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს “ბრაუნინგ M2” ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და Mk-19 ტიპის დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნები. იარაღის ეს სახეობები, რა თქმა უნდა, არ არის ულტრათანამედროვე, Mk-19-ს 1968 წლიდან აწარმოებენ და მან ვიეტნამის ომიც გამოიარა. 1933 წლიდან სერიულად გამოშვებულმა მსხვილკალიბრიანმა “ბრაუნინგ M2”-მა მეორე მსოფლიო ომიც “იხილა”, მიუხედავად ამისა, იარაღის ეს ორივე სახეობა დღემდე აშშ-ის არმიის მთავარი ჯგუფური იარაღია დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის. აქამდე ქართული არმიის შეიარაღებაში ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Утёс-ები და АГС-17 ტიპის ავტომატური ყუმბარსატყორცნები იყო, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საბჭოური Утёс-ი და АГС-17 ბევრად ჩამორჩებოდა ანალოგიურ ამერიკულებს, მაგრამ თუკი ქართული არმია ნელ-ნელა ნატოს სტანდარტებზე გადადის, მაშინ მისი შეიარაღებაც და საბრძოლო მასალაც, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ბრაუნინგის” მსხვილკალიბრიანით რუსულ ბე-ტე-ერსაც გახვრეტ...

“ამას უდიდესი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს. თავად წარმოიდგინეთ, სადღაც ავღანეთში მორიგი ყიშლაყის გაკონტროლებისას, როცა ამერიკელ მეტყვიამფრქვევეს გაუთავდება 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ვაზნები, მას ქართველი თანამებრძოლი უწილადებს, ან პერსპექტივაში, ქართული სოფლის დამცველებს ამერიკელები თავისი არსენალიდან 40 მმ-იან ავტომატური ყუმბარსატყორცნის ყუმბარებს გამოუგზავნიან. მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი და ავტომატური ყუმბარსატყორცნი ჯგუფური იარაღია - ანუ მას არანაკლებ ორი მებრძოლი ემსახურება და ხშირად სწორედ მათი ცეცხლის იმედზე არიან მხოლოდ ავტომატური კარაბინებით შეიარაღებული ოცეულის მებრძოლები. ამასთან, იარაღის ამ ორივე სახეობის დამონტაჟება შეიძლება პიკაპებზე, რაც ძალზე მობილურს ხდის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფს და შეესაბამება ტოტალური თავდაცვის კონცეფციას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“M2 ტიპის მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევზე რა გითხრათ, მაგრამ ავტომატურ ყუმბარსატყორცნ Mk-19-ის სინგაპურული კლონები ჯერ კიდევ იმ თურქულ “კობრებზე” გვქონდა დაყენებული, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ქუჩის ბრძოლები გამოიარეს. ამერიკული მხარის მიერ ქართული არმიისთვის გადმოცემული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 მოდიფიკაციისაა, რომელსაც სწრაფად ეცვლება ლულა და ის შეიარაღებაში პენტაგონმა მხოლოდ 2010 წელს მიიღო. ამ ტყვიამფრქვევით ნასროლ მსხვილკალიბრიან ჯავშანგამტან ტყვიებს რუსული ჯავშანტრანსპორტიორების ბორტების გახვრეტა რამდენიმე ასეული მეტრიდანაც კი შეუძლიათ”, - დასძენს გამოცემა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს