გორში მომხდარი ჩხუბის შემდგომ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გორში, 2020 წლის 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის შემდგომ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე გამოძიების 9 - თვიანი ვადის გასვლა გახდა.

„ვინაიდან თარაშ კანდელაკს ჰქონდა ჩადენილი მძიმე დანაშაული, ვვარაუდობდით, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მისი მხრიდან არსებობდა მიმალვის საფრთხე. რაც შეეხება პატიმრობის მოთხოვნას, ჩვენ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული პროცესი პატიმრობის ცხრათვიან ვადაში დასრულებულიყო და სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ რომ ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დარჩენილიყო. თითოეულ გარემოებას, რაც ხდება საქმის არსებით განხილვაზე, ბრალდების მხარე შეაფასებს დასკვნით ნაწილში და მოახსენებს სასამართლოს", - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა.

თარაშ კანდელაკის ერთ-ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და რასაც ედავებიან, არის არასწორი კვალიფიკაცია.

„დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქმის საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ სასამართლოს მიერ. სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახლდათ 9 თვიანი ვადის გასვლა და მინდა გითხრათ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი დამთავრდა, გაგრძელდება რაღა თქმა უნდა სასამართლო პროცესები უკვე თარაშ კანდელაკის მონაწილეობით და დაცვის მხარე წარადგენს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს პირის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენის ფორმას.

აქამდე არაერთი მოწმე დაიკითხა, არცერთ მოწმის და არც ერთი მტკიცებულების გამოკვლევისას არ დადასტურებულა დაუსაბუთებელი ბრალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტს, ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, როგორც ნებისმიერი ადამიანის, ასევე თარაშის. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ჩვენ ვაგრძელებთ დაუსაბუთებლად წარდგენილი ბრალის ფარგლებში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში მტკიცებულებების გამოკვლევას. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას და გარდაცვლილის ოჯახს დავუდასტუროთ და ერთის მხრივ ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე და გამოვხატოთ სინანული და მეორეც, ყველა ფაქტს და ბრალეულობას უნდა გაეცეს პასუხი. წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და წარდგენილი ბრალით, რასაც თარაშს ედავებიან, ეს არის აბსოლუტურად არასწორი კვალიფიკაცია, მას ამგვარი ქმედება არ ჩაუდენია და აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები", - განაცხადა თარაშ კანდელაკის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატიც. თამარ თედლიაშვილი დარწმუნებულია, რომ თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„თარაშ კანდელაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუმცა, გრძელდება სასამართლო განხილვები და დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თარაშ კანდელაკის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის სასამართლოში წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ, საბოლოოდ უნდა შეფასდეს მოსამართლის მხრიდან და დადგეს საბოლოო განაჩენი და სწორედაც რომ ამ საფუძველზე მე მაქვს მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის", - აღნიშნა გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი 12 სექტემბერს, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს