„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობამდე” გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია „აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობამდე” გაიმართა, რომელსაც მოდერატორობა „ჯეოქეისის” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და „ჯეოქეისის” მკვლევარმა, პროფესორმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, ხათუნა ბურკაძემ გაუწიეს.

მათივე ცნობით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და იმ ეტაპების მსჯელობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადასვლას.

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დღეს აქვს ყველა ის წანამძღვარი, რომ ამ ურთიერთობების განვითარების თამასა დავისახოთ სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობამდე“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ონლაინ დისკუსიაში მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სტრუქტურასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორიც არის დღეს.

„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ნატო-ში ღია კარის პოლიტიკის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ იმ ძალიან მაღალი მიზნის მიღწევის შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენი დიდი ხნის არჩევანია. ჩვენს ქვეყანას დიდი მხარდაჭერა აქვს ყველა მხრიდან, იციან ის ღვაწლი, რაც ქართულმა მხარემ შეიტანა ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ალიანსის გაძლიერებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, აშშ-ს მხარდაჭერა ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ამისათვის გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სტრატეგიული პარტნიორები, რომ ჩვენი სიძლიერით საბოლოოდ მივაღწიოთ მიზანს,“- განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებით გამოწვევების დაძლევა.

„რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის ცვლილებამ ნათლად აჩვენა ახალი ინიციატივების შემუშავების საჭიროება. კერძოდ, შესაძლოა ვიფიქროთ ქართულ-ამერიკული ერთობლივი ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული. მით უფრო იმ ფონზე, რომ ყოველდღიურად კიბერშეტევების, ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ამ კონტექსტში შეიძლება მეორე ტიპის რეკომენდაციის მომზადებაც, რომელიც გულისხმობს ამერიკული მხარის მხარდაჭერით, ნატოს ეგიდით, მსგავსი ცენტრის შექმნას.

პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გარემოცვა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კარგად იცნობენ საქართველოს. ასევე, ამერიკის 8-პუნქტიანი საგარეო პოლიტიკის გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-ს გლობალურ როლს და პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებას. ყოველივე ეს პოზიტიური მოლოდინებისადმი განგვაწყობს. სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება კი ხელს შეუწყობს ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადასვლას. ამასთანავე, აღსანიშნავია, საქართველოსადმი ამერიკის მრავალგანზომილებიანი მხარდაჭერა“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობისას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა 2016 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საქართველოს თავდაცვის მზაობის პროგრამაზე, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო არის ის მიმართულება, სადაც აშშ და საქართველო მოქმედებენ, როგორც ჭეშმარიტი მოკავშირეები, მიუხედავად იმ სტატუსისა, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით ჯერ ფორმალურად არ იყოს ჩამოყალიბებული. ეს არის, ნატო-ს მოკავშირეობა და არა ნატო-ს წევრი მოკავშირეობა. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ, ამ მიმართულებით, ჩვენი ერთგულება გლობალური უსაფრთხოებისადმი მართლაც სისხლის ფასად ვაჩვენეთ. ასე რომ, ჩვენს მეგობრობასა და მოკავშირეობას ვფიქრობ, წინ მნიშვნელოვანი მომავალი აქვს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა შეჯამებისას აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ფორმირების პროცესში აშშ-ის როლი უნიკალურია.

„უდავოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციიდან ადმინისტრაციამდე ჩვენი ურთიერთობები უფრო მდიდრდებოდა, ჩვენი როლი იზრდებოდა, უფრო ნაყოფიერი ხდებოდა, სწორედ წარსულ მიღწევებზე უნდა მოხდეს მომავლის დაშენება, სწორედ ამიტომ ეს ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშრეობაში უნდა გადავიდეს,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯეოქეისი” ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს