ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021

თენგიზ ფხალაძე - “6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება...”

დავით ზურაბიშვილი - “ეს აუდიოჩანაწერები არის ძველი... არის მცდელობა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები”

ვინ რას მოიგებს და წააგებს ბერასა და ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებით

* * *

თენგიზ ფხალაძე - “6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება...”

“შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომლის საკუთარი ძალით განმუხტვის რესურსი არ აღმოგვაჩნდა. ამასთანავე, აჩვენა ისიც, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასასრულებლად. ცუდი ის არის, რომ მათ უფრო მეტად აქვთ გაცნობიერებული კრიზისის სიღრმე და შესაძლო შედეგები, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკოსს. შარლ მიშელის ვიზიტამდე ზოგიერთი პოლიტიკოსი კრიზისის არსებობას საერთოდ უარყოფდა. საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება, ჩვენც გვაკისრებს ძალიან დიდ ვალდებულებას, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი და ჩვენი პარტნიორების მოლაპარაკებაში მონაწილეობით კრიზისი სწრაფად ამოვწუროთ. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის წინსვლასა და იმ საკითხების დღის წესრიგში დაბრუნებასთან, რაც უკავშირდება საქართველოს განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და ა.შ.”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება...”

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვალდებულება და საზოგადოდ ვითარება ჩვენს პოლიტიკოსებს არა აქვთ კარგად გაცნობიერებული. ერთი კვირა გავიდა და ჯერ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი არ გამართულა. არადა, ბრიუსელში გასამართ ასოცირების საბჭომდე ერთი კვირა რჩება. ის 6-პუნქტიანი ჩარჩო, რაზეც შეთანხმდნენ, არის საკითხების ჩამონათვალი, რის თაობაზეც უნდა გაიმართოს მოლაპარაკება და მისგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება. მოლაპარაკებაში სიტყვის გატეხა ძალიან ცუდია, მით უფრო, როდესაც მასში ასეთი მაღალი დონის მედიატორია ჩართული. გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ შარლ მიშელისთვის ან ევროკავშირისთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს ქვეყანას სჭირდება. პარტნიორები მიგვითითებენ რეალურ პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ზოგიერთი გადაჭრილი გვაქვსო. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელიც აქილევსის ქუსლად გვექცა ამ ხელისუფლების თუ მისი წინამორბედის დროს. რამდენი ხანია ვლაპარაკობთ წარმატებული რეფორმების ვირტუალურ ტალღებზე, რეალურად კი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ახლა ასეთი არჩევნის წინაშე ვდგავართ - ან ისევ თავი მოვიტყუოთ ან ვაღიაროთ, რომ გვაქვს პრობლემა, რომ დავუშვით შეცდომები და გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა დაგვეხმარონ გამოსწორებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“დღეს მხარეებს ერთმანეთზე გადაბრალებაში შეჯიბრება აქვთ გამოცხადებული, გამუდმებით დამნაშავეს ეძებენ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - როდესაც ხარ პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობას ნიშნავს. თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ძალაუფლების ფლობა არ არის, ძალაუფლების თანაბრად იზრდება პასუხისმგებლობაც. მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ხელისუფლებაში ეს კარგად ესმით. ჯერ ისევ იმ პარადიგმაში ვართ, როდესაც ერთი მხარე ნებისმიერ დათმობას დამარცხებად აღიქვამს და ნებისმიერ კომპრომისს მეორე მხარე სისუსტედ განიხილავს. ამ პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. მოლაპარაკება ვერაფრით შედგება თუ მხარეები მუდმივად იმის მტკიცებაში იქნებიან, რომ ისინი ერთმანეთის მოსისხლე მეტოქეები არიან და ერთმანეთი უნდა დაამარცხონ. ახლა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები არა იმის მიხედვით, თუ რა ჯობია რომელიმე მხარისთვის, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის. თუ უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის ინტერესებს, გამოსავალი მოიძებნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ეს ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან, ანუ უარი ვთქვით პარტნიორების მეშვეობით კრიზისის დროულად დასრულებაზე, მაშინ დადგება უკვე შემდგომი, გაცილებით მძიმე ეტაპი და ძალიან არ მსურს ქვეყანა იმ მდგომარეობაში ვიხილო - საქართველო გადავა იმ დაბალ ლიგაში. გასათვალისწინებელია ჩვენი რეგიონის მდგომარეობაც - მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი, სადაც ვითარება დრამატულად იცვლება. ამ ვითარებაში კრიზისის გამო საქართველო კარგავს იმ მიმზიდველობას, რითაც საინტერესო იყო ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორებისთვის. მთავარი იყო: დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება, რეფორმებში წარმატება და ის პროექტები, რომელთაც ვავითარებდით. მოვახერხეთ და ვერ განვავითარეთ ანაკლიის პროექტი და ვერც იმ ტიპის სხვა ინოვაციური პროექტები და თუ დემოკრატიაში უკუსვლა გვექნა, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით”, - თვლის ექსპერტი.

“უნდა გვესმოდეს ერთი რამ - დასავლეთისკენ სწრაფვა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, არც მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საქმეა. მნიშვნელოვანია რას ვაკეთებთ რეალურად? თუ ვამბობთ, რომ გვსურს ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანაში ურთიერთობებიც ევროპული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებში, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. ეს თუ არ ან ვერ კეთდება, ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რადგან საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, აქ დასავლური ვექტორის შესუსტება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას. ჩვენ არ ვართ ავსტრალია, არც იმ გეოპოლიტიკურ ველში ვართ, სადაც შეგვეძლებოდა გვეფიქრა, თუ ამ გზით არა, სხვა გზით წავალთო - ჩვენ წყნარ ცხოვრებას არავინ გვაცდის. თუ ვიბორძიკეთ დასავლეთისკენ სიარულისას, დავასუსტეთ დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები - თუ ამ ყველაფერს შევუწყობთ ხელს, აღარ ექნება მნიშვნელობა, ამას ნებსით გაკეთებს ვინმე თუ უნებურად, ამით შედეგი არ შეიცვლება”, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

“ვფიქრობ, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ველზე გადალაგება აუცილებელი შეიქნება, რადგან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი აცდენილია რეალობას. ნაწილს ჰგონია, რომ ისევ 2003 წელია, მაგრამ ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის, რაც ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ისევ 2012 წელია და ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის შემდეგაც კიდევ იმ 9 წელზე გველაპარაკებიან, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო. მეგობრებო, არც 2003 წელია და არც 2012. სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სხვა ხედვის თაობა მოდის - ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ აღარ მოგვიწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება და მივალთ სრულფასოვან მრავალპარტიულ პარლამენტამდე და შეიქმნება კოალიციური მთავრობა. უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის განაწილება ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულთან თანაცხოვრება”, - დასძენს რესპონდენტი.

დავით ზურაბიშვილი - “ეს აუდიოჩანაწერები არის ძველი... არის მცდელობა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები”

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრისა და პოლიტიკური ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილისა და ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არის ძველი, თუმცა ეს არ ამართლებს ფაქტს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული თანამდებობის პირები დღეს ქვეყნის სათავეში არიან. მიმდინარე სკანდალზე, „რეზონანსი", დავით ზურაბიშვილის ესაუბრა, რომელმაც შეაფასა აღნიშნული ვითარება და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გამოიწვია მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გამოიწვია დავით ზურაბიშვილის “ფეისბუკ” პოსტმა სკანდალი.

“ის ფაქტი, რომ ბერა ივანიშვილი აბულინგებდა თინეიჯერებს იმის გამო, რომ მას აკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფდნენ “ფეისბუქზე”, ეს პირადად ჩემთვის არ იყო ახალი. მე მსგავსი შემთხვევების შესახებ აქამდეც მსმენია. რეალურად ამ ამბავში სკანდალური იმდენად არ იყო ბერა, რამდენადაც ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამჟამად არის პრემიერ-მინისტრი. ასევე ანზორ ჩუბინიძე, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც, უშიშროების ხელმძღვანელიც, ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია, ასევე მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. რეალურად მოქმედ თანამდებობის პირებზეა საუბარი და ეს არის სკანდალური. ინტერნეტ პორტალ “ფორუმ ჯი”-ზე 2011 წელს წერდა ერთი ადამიანი სწორედ ასეთ შემთხვევაზე, რომ ბერამ ჩემთან გამოგზავნა რამდენიმე ადამიანი და მომთხოვა ბოდიშის მოხდაო, მან კლიპში ანზორ ჩუბინიძეც ამოიცნო. ანუ 2011 წლის ჩანაწერზე მაქვს საუბარი. ის კონკრეტული შემთხვევები, რაზეც აღნიშნულ ჩანაწერშია საუბარი ვფიქრობ, რომ არის ძველი - 2011 წლის, როდესაც ღარიბაშვილი “ქართუ”-ში მუშაობდა და ანზორ ჩუბინიძე და გომელაური იყვნენ ბიძინა ივანიშვილის დაცვაში და ასევე შესაძლოა ბერას დაცვაშიც. მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ მორალურადაც არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს უფლება ქვეყნის სათავეში დგომის და მათთან ერთად არც ჩუბინიძეს და გომელაურს. ჩემმა პოსტმა რეალურად სკანდალი იმიტომ გამოიწვია, რომ მე თარიღზე მივუთითე და აღვნიშნე, რომ ეს აუდიოჩანაწერები არის ძველი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ მინისტრი მიადგეს გლდანში თუ სხვაგან ვინმე უფროსკლასელს სახლში, ავიდეს მის ოჯახში და საქმის გარჩევა დაუწყოს - რატომ დაწერე ბერაზე ასეთი კომენტარიო. ეს წარმოუდგენელი მგონია. თარიღზე იმიტომ აქვთ გართულება, რომ უფრო რეზონანსულია თქვა, რომ დღეს მოქმედი თანამდებობის პირები ადგებიან ვიღაცებს სახლებში და ემუქრებიან. ეს ზღვარსგადასული ქმედებაა და არის მცდელობა იმისა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. მე მიმაჩნია, რომ ვერანაირი დანაშაული ვერ გადაფარავს წინა ხელისუფლებას, მით უმეტეს არ წარმოადგენს ამ ხელისუფლებას არსებითად უფრო უარესად, ვიდრე წინა იყო. მე თუ მკითხავთ, არც ერთი არ ვარგა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა საქმე ისაა, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, რადგან ვიღაცებმა არ ჩავთვალეთ, რომ ვაი, დედა, ეს ვინ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში 2012 წელს და თავზე ნაცარი არ დავიყარეთ, ამის გამო გვაკრიტიკებენ. ეს არ მოხდება. მე ვფიქრობ რომ 2012 წელს ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და არავის არ უნდა დაავიწყდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. ასევე აღნიშნული სკანდალი არ მოიტანს დადებით შედეგებს მოლაპარაკებების კუთხით, მე ესეც ვთქვი და არც ეს მოეწონათ. ნაკლებად მჯერა ისიც, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოიძიებაა და პოლიტიკა არაფერ შუაშია. რეალურად დღეს პოლიტიკურ სპექტრში ბევრია დაინტერსებული იმით, რომ ვითარება გამწვავდეს, რათა ხალხში პანიკა და აღშფოთება გამოიწვიონ. მაშინ, როცა ევროკავშირის შუამავლობით გარკვეული შეთახმება იყო მიღწეული ჩანასახოვან მდგომარეობაში, იგივე რიგგარეშე არჩევნების და პლებისციტის კუთხით, ასეთ დროს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც ვითარებას აუარესებს, არ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს. ხელისუფლება ეცდება ამ ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, ხოლო დასავლეთისთვის ეს ამბავი არ იქნება ძალიან სერიოზული. სერიოზული იქნებოდა, რომ ახლა მოქმედი მინისტრი მიდიოდეს ვიღაცასთან სახლში და ემუქრებოდეს დამარხვით და შემდეგ ამაზე ხითხითებდეს, მაგრამ ამაშია საქმე, რომ ეს არ არის ახლანდელი ჩანაწერი”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

ვინ რას მოიგებს და წააგებს ბერასა და ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებით

"ალია" შეეცადა გაერკვია, ვინ რას მოიგებს და წააგებს ბერასა და ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებით, ვის მიუწვდება ხელი ასეთ ჩანაწერებზე, ვინ დგას მისი გავრცელების უკან და ვინ შეეწირება ამ სკანდალს?” - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში, სათაურით ვინ რას მოიგებს და წააგებს ბერასა და ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელებით, ვის მიუწვდება ხელი ასეთ ჩანაწერებზე, ვინ დგას მისი გავრცელების უკან და ვინ შეეწირება ამ სკანდალს?

“ხელისუფლება ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. თუ ის ჩანაწერი, რაც მოვისმინეთ ავთენტიკურია, შესაძლოა, გავრცელებული ჩანაწერი შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს - ღირსეული ადამიანი, თუ ის თვლის, რომ მართალია, თავად უნდა იყოს დაინტერესებული შესაბამისი გამოძიებით. მით უმეტეს, ხელისუფალი, ვიმეორებ, ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ახლა ვიღაცები კი არ უნდა ამუნათებდნენ ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეო, ხელისუფლების ინტერესებშია რომ გამოიძიოს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ეჭვები გააქარწყლოს. ხელისუფლებას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბოდიში და “აპრავებენ”, ვერ ხვდებიან, ამით ისინი დათვურ სამსახურს უწევენ ხელისუფლებას...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

“ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ცუდი. ოპოზიციას კი სურს ხელისუფლების დისკრედიტაცია, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესებიც. კომპრომეტირებული ხელისუფლება ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია... ღარიბაშვილი პატრიოტია, ქვეყანა უყვარსო - ამბობენ “ფეისბუქის ლომები” - მაგრამ მე 2011 წლამდე ღარიბაშვილის პატრიოტიზმი არ გამიგია, აი, მერე დააზეპირებინეს პატრიოტობა კარგიაო, თორემ მანამდე, სანამ ჩვენ ვიბრძოდით, ღარიბაშვილის ბუნდღა არ იყო. ახლა კეთილი ინებოს და გადადგას კაცური ნაბიჯი, ან გადადგეს ან გამოიძიოს, აარიდოს ქვეყანა ასეთ კომპრომეტირებულ პრემიერს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი მისი სავარძლის სიყვარულია”, - ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - თქვენი აზრით, ვინ არის გამავრცელებელი, ვის აწყობდა ეს?” - პასუხობს:

“დარწმუნებული ვარ, შიგნიდან გავრცელდა. მიშასკენ კი იშვერენ ხელს, მაგრამ ციხე შიგნიდან გატყდა. მე ჩემი ვარაუდი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით სპეცსამსახურების საშუალო რანგის წარმომადგენელი შეიძლება იყოს გამავრცელებელი - ვიმეორებ საშუალო რანგის და არა დაბალი რანგის წარმომადგენელი. ის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება და უნდა შემდეგ ხელისუფლებაშიც დადოს კვერცხები. ამ ტიპის მასალებთან თითქმის ყოველთვის სუს-ია კავშირში, ის ადამიანები ვისაც წვდომა აქვს ასეთ ფაილებზე. ახლა ვიღაც ცდილობს კავშირი ჰქონდეს მომავალ ხელისუფლებასთან... ასეთი იყო ბედუკაძის ისტორიაც, იმანაც თავის დროზე ჩვენთან დადო კვერცხები და ლამის გმირად შერაცხეს ამის გამო, არადა თავად იყო ყველაფრის მონაწილე, რაც ხდებოდა...”

“ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, ციხე შიგნიდან ტყდებაო. თავის დროზე ბედუკაძემ გამოიტანა ის კადრები. ბედუკაძე იყო იმ სისტემის ნაწილი. დღესაც ამ სისტემის ნაწილიდან გამოდიან ადამიანები, რომლებიც ამას კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ... სამი შესაძლო ადამიანი - გახარია, კობახიძე და გოგაშვილი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მოტივი პოლიტიკური ანგარიშსწორების მათ აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

“გახარიაზე შედარებით ნაკლებად ვფიქრობ. ჰიპოთეტურად, გახარია საკმაოდ უკმაყოფილო იყო, ნეგატიური ფონით წავიდა და მას არ მიუღია ივანიშვილისგან ის მხარდაჭერა, რაც სურდა... გოგაშვილის თემა ყველაზე გაცვეთილია, თავად გამოდის და გამოაქვს ამბები უსაფრთხოების სივრციდან - შესაბამისად, მასზე ეჭვის მიტანა ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა მე ყველაზე სარწმუნო მგონია კობახიძის ფაქტორი. კობახიძეს რეალური გავლენები აქვს სასამართლოზე, აღმსარულებელ და საკანონმდებლო უწყებებზე. სამწუხაროდ, მის გავლენებს ნაკლები ყურადღება ექცევა და კომიკურ პიროვნებად აღიქვამენ, რაც ადრე ვთქვი “ალიასთან” და გავიმეორებ - შეცდომაა. ნიკა მელიას კეისი კობახიძის აფეთქებულია. ამას შეეწირა გახარიას პოსტი. ღარიბაშვილის დანიშვნა კობახიძისთვის სილის გაწვნა იყო. მას სპიკერობაც კი ჩამოერთვა, ამიტომ რეალისტურია, რომ მან დაუდო ღარიბაშვილს ეს ნაღმი ახლა”, - დაასკვნის გამზარდია და შეკითხვაზე - “თუ კობახიძეა ჩანაწერების გამავრცელებელი, ის ღარიბაშვილის კი არა, პირდაპირ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა” - პასუხობს:

“დიახ. კობახიძემ გარკვეული ტიპის გავლენები და გარკვეული კლანი უკვე შექმნა, მისი კომიკური პერსონის გამო, ოპოზიცია არ უთმობს მასზე საუბარს დიდ დროს. კობახიძის შემთხვევაში მოტივი მეტია. არც ის გამორიცხოთ, რომ მას სურს იქით გახდეს ივანიშვილი დასახმარებელი”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა