გიორგი ბუნტური - გერმანიაში დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, ჰქონდეს გამოცდილება და იცოდეს უცხო ენა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსის, გიორგი ბუნტურის განცხადებით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, ჰქონდეს გამოცდილება და იცოდეს უცხო ენა.

როგორც გიორგი ბუნტური აცხადებს, სავალდებულო მოთხოვნებთან ერთად, შესაძლოა, ცალკეულ დამსაქმებლებს განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეთ, მათ შორის ენის ცოდნასთან ან გამოცდილებასთან დაკავშირებით.

„შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა“, - აცხადებს გიორგი ბუნტური.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, როგორც გიორგი ბუნტური აღნიშნავს, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება.

„მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს“, - აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა