ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021

ვინ წავა კომპრომისზე - “ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს”

როგორ ავირიდოთ საფრთხე შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში

მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება?!

* * *

ვინ წავა კომპრომისზე - “ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს”

“ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს. ძირითად საკითხზე არც ერთ მხარეს აზრი არ შეუცვლია და რაზე უნდა მოილაპარაკონ. მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს სათქმელად მიდიან? ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკვე უბედურებად იქცა” - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დაუშვებელია ფარული ჩანაწერები ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად გამოიყენოს. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეზე სასწრაფოდ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს აღნიშნული ჩანაწერები არის თუ არა ფალსიფიცირებული. სხვაგვარად, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი გასცემს ბრძანებებს ხალხის დასჯაზე, თუ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, ხალხისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომაც ჯობია აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარდეს და ხელისუფლებამ დაამტკიცოს, რომ ჩანაწერში მოცემული საუბარი ტყუილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ წავა კომპრომისზე - “ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს”

“რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ნება იბოძოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. კი ბატონო, მესმის, რომ ღარიბაშვილთან დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდათ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, ძალიან დიდი პრობლემა ის აუდიოჩანაწერია რაც გამოქვეყნდა. ეს თუ არ გაირკვა, არის თუ არა ფალსიფიცირებული, მაშინ მოსახლეობა ჩათვლის, რომ ჩაწერილი საუბარი რეალურია და რაღა არჩევნებზე ან მოლაპარაკებაზე შეიძლება ლაპარაკი იყოს?! ოპოზიციამ ეს მიზეზად მოიტანოს და მოლაპარაკებები შეწყვიტოს, აბსოლუტური სისულელეა. “ოცნებაში” სხვა ხალხიც არის და იმათ დაელაპარაკონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“იმ მოსაზრებას, რომ “ნაციონალები” ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა მათ ინტერესში მოლაპარაკებები არ შედის, აქვს არსებობის უფლება და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვიღაცამ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. თუმცა, აქვს ამას მნიშვნელობა უკვე, ვინ რატომ გამოაქვეყნა? მე ის მაწუხებს, ეს საუბარი მართლა იყო თუ არა. რა განსხვავებაა, ბერა ივანიშვილი გასცემს ძალოვან მინისტრებზე ეს შეასრულეთ და ის დასაჯეთო, თუ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია. ხალხი უკვე განსხვავებას ვეღარ მიხვდება. რადგან ეს მასალა გამოქვეყნდა და საჯარო გახდა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ამ აუდიო ჩანაწერებს ექსპერტიზა ჩაუტაროს და საზოგადოებას გასცენ პასუხი ჩანაწერში მოცემული ამბავი შეესააბამება თუ არა სიმართლეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჯობს, რომ ექსპერტიზა უცხოეთში ჩაატარონ და დადგინდეს ავთენტიკურია თუ არა. 2010-ში იყო თუ 2020-ში რა არსებითი მნიშვნელობა აქვს. დანაშაული დანაშაულია, რა მნიშვნელობა აქვს როდის არის ჩადენილი. თუ ეს მონტაჟია, მაშინ ყველაფერი დაწყნარდება. ის ტელევიზია, რომელმაც ეს გამოაქვეყნა, მაშინ ვალდებული იქნება წყარო დაასახელოს და მსგავსი ფაქტი აღარ გაბედოს. თუ დადგინდა, რომ ეს აუდიო ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, კანონში რაღაცეებია შესაცვლელი. არა ის, რომ მედიას რაღაცა ცენზურა დავუწესოთ, არამედ ის, რომ თუ დამტკიცდა, რომ ყალბია, მაშინ ვალდებული უნდა იყოს წყარო დაასახელოს. მნიშვნელოვანი ეს არის. ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს. ძირითად საკითხზე არც ერთ მხარეს აზრი არ შეუცვლია და რაზე უნდა მოილაპარაკონ. მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს სათქმელად მიდიან? ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკვე უბედურებად იქცა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

როგორ ავირიდოთ საფრთხე შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში

“რვა მარტიდან მოსახლეობის მობილობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან, გარკვეული რეგულაციები, რომელიც საზოგადოების თავშეყრის შეზღუდვას გულისხმობდა, მოიხსნა - სპეციალისტები ამაში რისკებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ადამიანთა შორის უფრო მეტი კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტი შანსია. ორშაბათიდან შაბათ-კვირის გარდა რესტორნები ფუნქციონირებას შიდა სივრცეებში განაახლებენ, ასევე, შაბათ-კვირის ჩათვლით არასასურსათო საცალო ვაჭრობა, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ. ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იფუნქციონირებს სამთო-კურორტებზე არსებული საბაგიროები. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს და შაბათ-კვირის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ მიიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ავირიდოთ საფრთხე შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში.

“სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი. თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება”, - განაცხადა ფერაძემ. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გახსნილი რეგულაციების პირობებში ერთადერთი და მთავარი საფრთხე ისაა, რომ ადამიანებთან უფრო ახლო კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტ შანსს ქმნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რისკი ერთადერთია ის, რომ ადამიანთა შორის უფრო ახლო კონტაქტი იქნება, რაც აირწვეთოვანი ინფექციის გავრცელების მეტი შანსია, მაგრამ, ახლანდელი მდგომარეობა ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე იყო, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ვირუსული ინფექცია მოიხადა და გარკვეული იმუნიტეტი უკვე არსებობს, დღე დღეზე კი, როგორც ანონსირდება, აცრები დაიწყება, სადღაც 25 მარტიდან. იმედი მაქვს, რომ სიცხიანი და ავადმყოფი ადამიანი მაინცდამაინც რესტორანში საქეიფოდ არ წავა, რისკები არსებობს, მაგრამ წესები თუ დავიცავთ, ბევრად ნაკლები რისკი იქნება, ვიდრე ადრე იყო” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომ შეიქმნას მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. 60% ადრე იყო პრობლემური იმიტომ, რომ ადამიანებს ვირუსი მოხდილი არ ჰქონდათ და ახლა უკვე ძალიან იშვიათად შეხვდები ადამიანს, ვისაც მოხდილი არ აქვს, ამიტომ პრაქტიკულად იმ 60%-ის სათქმელი თვითონ ვირუსის მოხდამ გააკეთა, ამას უკვე მოესწრება აცრები და ამ მხრივ ეს პრობლემაც პრინციპში გადაჭრილია. თუმცაღა, მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს და მოსახლეობას არ ვურჩევ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ისედაც ამდენი უბედურეებაა, რესტორნებში სიარული მაინცდამაინც მისაღებად არ მიმაჩნია, თუ მაინცდამაინც რაღაც აუცილებლობა არაა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 15 ადამიანი მეც გამიკვირდა, იმიტომაა ასეთი მაღალი, რომ ასაკოვან და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანებში კოვიდი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ვისაც სისხლის შემადედებელი ფუნქციების პრობლემები, თრომბის წარმოქმნის, კარდიალური და ფილტვების პრობლემები აქვს, ის ადამიანები ამ ვირუსს ძალიან მძიმედ იტანენ”, - განაგრძობს ეპიდემიოლოგი.

“სამწუხაროდ ჩვენ ანტივირუსული პრეპარატი არ გაგვაჩნია, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აცრაზე ვართ დამოკიებული, რაც მკურნალობა არაა, ესაა ვაქცინაცია დასუსტებული ვირუსების, ან მათი კომპონენტების ორგანიზმში შეყვანა, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავოთ, თორემ ამითი მკურნალობა, სამწუხაროდ, არ ხდება. ამიტომაა ის, რომ მთელი მედიცინა დამოკიდებულია არა ეტიოლოგიურ მკურნალობაზე, ანუ უშუალოდ ვირუსის საწინააღდეგო მკურნალობაზე, არამედ მხოლოდ პათოგენურზე, რაც ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს. პრაქტიკულად ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუ იგი ამ ვირუსთან ბრძოლას რამდენად აიტანს და ის ვინც სამწუხაროდ ვერ უძლებს, ვერ ეწინააღმდეგება ცალკე მათი იმუნიტეტი და ცალკე მათი ორგანოთა მდგომარეობა, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ლეტალურად მთავრდება”, - განმარტავს ხმალაძე.

“სანამ ლაპარაკია იმაზე, რომ არსებობს ვირუსი და ინფიცირების შანსია, თან მეორად შემთხვევებზე საუბარი ისევ დაიწყეს - ასე რომ, ის, რომ მე ვირუსი გადავიტანე და იმუნიტეტი მაქვს, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება, სანამ ექსპერიმენტებით და კლინიკური კვლევებით არ დადასტურდება. ამიტომ ის, რომ ადამიანებმა მოიხსნან პირბადე და ის წესები არ დაიცვან, რომელზეც ამდენი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, შესაძლოა კიდევ პრობლემა შეექმნათ. ამიტომ ისევ და ისევ ძველი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად დისტანცირება მოვახდინოთ. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ირგვლივ ადამიანი არაა, საშიშროებაც ნაკლებია, ამიტომაც სოციალური დისტანცირება ყველაზე მეტად დასაცველია, მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რესტორნები გაიხსნა, სადაც დარწმუნებული ვარ რომ დისტანციის დაცვა ფიზიკურად ვერ მოხდება. ამიტომ, ადამიანები თავის თავს თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ და არა სხვა და ინდივიდუალურად ეცადოს, რომ ახლოს არ მივიდნენ ადამიანთან, ერთმანეთის გვერდზე და განსაკუთრებით პირისპირ არ დადგნენ, მითუმეტეს თუკი შეატყეს, რომ ვინმე ან ახველებს, ან აცემინებს და რა თქმა უნდა ხელების დამუშავება და ა.შ.” - დასძენს რესპონდენტი.

მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება?!

“გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. თუკი ამ ნიშნულს მიაღწევს ფასი, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი, მინიმუმ, 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. “რეგულარის” ღირებულებამ, არაბრენდირებულ სადგურებზე კი შესაძლოა, 2.50-ს გადააჭარბოს. ნავთობის ფასმა მვეთრი გაზრდა თებერვალში დაიწყო, როდესაც ამერიკაში, ტეხასში ძლიერი ყინვების გამო ჭაბურღილების მუშაობა შეაჩერეს. გაძვირებაზე იმოქმედა კორონავირუსის ვაქცინაციის ფონზე გლობალური ეკონომიკის აღდგენის ოპტიმისტურმა განწყობებმაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება?! / ამას მოჰყვება ინფლაცია და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირება.

“ბუნებრივია, ეს სამომხმარებლო ფასებზეც იმოქმედებს, შესაბამისად, გაიზრდება ინფლაცია. ამ ეტაპზე ლონდონის ბირჟაზე მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ “ბრენტის”ტიპის ნავთობზე 70 დოლარის ფარგლებშია. ამერიკული “ლაითის” მარკის ნავთობის ღირებულება კი 68 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასი 2020 წლის იანვრის შემდეგ არ ყოფილა. ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს, ეკონომიკის სფეროს ექსპერტის, დავით ებრალიძის ვარაუდით, შეიძლება ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება იყოს მოპოვების გაზრდის შესახებ. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ვარაუდით, ტენდენცია, მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე კვარტალში შეიძლება ნავთობის ფასი დაბლა ჩამოვიდეს, თუმცა 60-დოლარიან ნიშნულს ვერ ჩამოსცდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გლობალურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში ტენდენცია გაძვირებისკენაა. სავარაუდოდ, ეს ტრენდი შეანრჩუნდება. ერთადერთი გზა რჩება, რომ ოპეკის წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ მოპოვება, თუმცა შიძლება პირიქითაც მოხდეს. ვფიქრობ, მსხვილი მწარმოებლები შეთანხმდებიან, 70-დოლარიან ნიშნულს ისინი შედარებით ზომიერად მიიჩნევენ. თუ მეტად მოიმატა ფასმა, წარმოებასაც გაზრდიან, თუმცა ამაზე ქვევით არ ჩამოვა. საქართველოში ამას ფასების ზრდა და ინფლაცია შეიძლება მოჰყვეს, ერთადერთი იმით შეიძლება დაბალანსდეს, რომ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია გადახდისუნარიანობის კლების გამო, ამიტომ ინფლაციასთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ებრალიძე.

“ნავთობი პირველ კვარტალში რომ გაძვირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდი. რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, ვფიქრობ, ფასი ზრდას ჯერჯერობით გააგრძელებს, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დასტაბილურდება და კლებისკენ აიღებს გეზს, ალბათ 60 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. ჯერჯერობით კი მოსალოდნელია 70-72 დოლარამდე მატება. ასეთი ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც მოახდენს გავლენას. მაღალი ფასები შენარჩუნდება, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზეც. საწვავის ფასი ყოველთვის ახდენდა გავლენას, ყველა პროდუქტის თვითღირებულებაზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამიტომ ცვლილება საქონლის ფასზეც ადეკვატურად აისახება. თუკი 80 დოლარს თუ მიაღწევს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება, მაშინ საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარამდეც გაძვირდება, მინიმუმ 2,90 ლარი იქნება, გააჩნია ლარის კურსსაც. ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ვალუტა 3,33-ის ფარგლებში იტრიალებს“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“რაც შეეხება ფასის ზრდის მიზეზს, ანალიტიკოსის თქმით, ეს გამოიწვია მოთხოვნის ზრდამ, რაც შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება, ყველნაირი მიმოსვლა გააქტიურებულია და ამან რეალიზაციის საგრძნობი მატება განაპირობა. “ოპეკის წევრ ქვეყნებს ხელს აძლევთ ეს ფასი, მოპოვებაზეც შეთანხმებული არიან, იგი ხელსაყრელია ასევე რუსეთისთვისაც. მათი სურვილია რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. წლების წინ 100 დოლარზე მეტიც იყო ერთი ბარელის ღირებულება, თუმცა ამ მაჩვენებლამდე ნავთობის გაძვირებას არ ველოდები”, - დასძენს ნიკა შენგელია. ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გაძვირების გავლენა შეაფასა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამაც. მან არ გამორიცხა, რომ მსოფლიო ბაზრის ტენდენცია საწვავს საქართველოში 3 ლარამდეც გააძვირებს, რაც დიდ პრობლემას შექმნის ყველა მიმართულებით”, - წერს სტატიის ავტორი.

“საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა იწვევს შემდეგ უკვე საწვავის შესასყიდი ფასის მატებას. კომპანიებს თვითღირებულება თუ გაეზრდებათ, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასიც მოიმატებს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში შეიძლება ინფლაციაც გაიზარდოს. დღეს ბაზარზე არის საკმაოდ მძაფრი კონკურენცია, ბევრი ახალშემოსული კომპანიაა, რომელსაც სურს ადგილის დამკვიდრება. ასეთი კომპანიები უმნიშვნელო ფასნამატით ცდილობენ საწვავის რეალიზაციას, მინიმალური მოგების მარჟით მუშაობენ. ეს აბალანსებს ვითარებას, მაგრამ თუკი თვითღირებულება გაიზარდა, აქაც იძულებით გამოიწვევს ფასის ზრდას და შეიძლებნა 3 ლარსაც მიაღწიოს 1 ლ ბენზინის ღირებულებამ. არც მომპოვებელი ქვეყანა ვართ, არც გადამუშავებელი ქარხანა გაგვაჩნია და მთლიანად საერთაშორისო ფასზე ვართ დამოკიდებული. თუკი კურსი გამყარდება, საწვავის ფასსაც მეტ-ნაკლებად დააბალანსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებას უნდა ველოდოთ. 100-მდე კომპანიაა ბაზარზე, კონკურენცია არის და კარტელური გარიგებების ნიშნები არ ჩანს. ისედაც მინიმალურად ზრდიან ფასს და არ მგონია, ამ მხრივ შეიქმნას პრობლემა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა კემულარია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს