ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2021

ლია მუხაშავრია პროკურატურას დაუპირისპირდა - “ორი დღე იფიქრეს და ყველაზე უარესი ვარიანტი მოიფიქრეს”

სამხედრო გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში

სამ თვეში შეიძლება ახალი “აფეთქება” მოხდეს - პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე დაეცა

* * *

ლია მუხაშავრია პროკურატურას დაუპირისპირდა - “ორი დღე იფიქრეს და ყველაზე უარესი ვარიანტი მოიფიქრეს”

“ბერა ივანიშვილის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო. იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ უწყება თავად წყვეტს გამოძიება რა მუხლით დაიწყოს და სამართლებრივი შეფასება ბრალდების თვალსაზრისით რა კუთხით მისცეს, თუმცა ამჯერად პროკურატურამ “ყველაზე უარესი” გადაწყვეტილება მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლია მუხაშავრია პროკურატურას დაუპირისპირდა - “ორი დღე იფიქრეს და ყველაზე უარესი ვარიანტი მოიფიქრეს”.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მუხაშავრია ამბობს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში პროკურატურა საუბრის შინაარსს და მასში მოყვანილ ფაქტებს იკვლევდა, ახლა კი გამოძიება ჩანაწერის ფორმაზე დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროკურატურა, რა თქმა უნდა, თავად წყვეტს, თუ ფაქტის გამოძიება რა მუხლით დაიწყოს და ბრალდების თვალსაზრისით სამართლებრივი შეფასება რა კუთხით მისცეს, მაგრამ ახლა რაც ხდება, ესაა გამოხატვის თავისუფლების ანაბანა. ჟურნალისტს შეუძლია გამოაქვეყნოს ისეთი დოკუმენტიც კი, რომელსაც ოფიციალური შტამპით აწერია, რომ ის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, კონფიდენციალური და კლასიფიცირებულია, ანუ ასეთი ოფიციალური დოკუმენტის სახე აქვს. ჯერ ერთი, ამ ჩანაწერში არაფერი მსგავსი არ იყო და ასეთი კლასიფიკაცია მას არ ჰქონდა და მეორეც, ეს საჯარო ინტერესის საგანია, თუ ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ძალოვანი უწყებიის ერთ-ერთი ხელმძვანელი ასეთ შემთხვევებში როგორ იქცევიან. მედიის წინააღმდეგ ამგვარი გალაშქრება ძალიან კარგი და პოზიტიურია იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მარცხით დამთავრდება და “ქართული ოცნება” რაც უფრო მალე დამარცხდება, მით მალე გავთავისუფლდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“ამ ჩანაწერის შემდეგ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველაზე უარესი ვერსია, რაც კი წარმომედგინა, ეს იყო. ჩემთვის ასე გულში ვფიქრობდი - რომ დაიწყონ, რომ ეს უკანონო ჩანაწერია და ა.შ., ეს იქნება საოცრება-მეთქი და მართლაც ეს საოცრება მოხდა. ანუ “ოცნება” გვაოცებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა იმ ფაქტების გამოძიება უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ საუბრებშია აღწერილი და დადასტურდებოდა მოხდა თუ არ მოხდა. ყველა სხვა შემთხვევაში პროკურატურა შინაარსში იქექებოდა და ახლა მისთვის მთავარი და საინტერესო ფორმაა. ეტყობა ორი დღე იფიქრეს და აი, ეს მოიფიქრეს - ყველაზე უარესი ვარიანტი. ახლა ვნახე თეა წულუკიანის კომენტარი. ეს ევროსასამართლოს იურისტი ქალი ასე პირწავარდნილ საბჭოთა ადამიანად როგორ გარდაიქმნა, ძალიან გასაოცარია იმიტომ, რომ ევროსასამართლოში პრესის და მედიის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოების ქვაკუთხედად მიიჩნევა”, - დასძენს მუხაშავრია.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში

“დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომლის ერთ-ერთი პოტენციური ხელმძღვანელიც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა იყო. იგი უკვე დაკავებულია თავის 5 პირად მცველთან ერთად, თუმცა “ოფიციალურად” მათ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება აქვთ წაყენებული. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ავიძბას დაკავების გამო ახალი პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი თქმით, ავიძბას დაკავების გამო აფხაზურ საზოგადოებაში ჯერჯერობთი ვნებათაღელვა არ ჩანს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამხედრო გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში.

“თავად ახრა ავიძბა ბოლო პერიოდში აფხაზეთში საკმაოდ მნიშნელოვან და გავლენიან ფიგურად იქცა. იგი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მონაწილეა და პრორუს სეპარატისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად ითვლებოდა. მას “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის” წოდებაც აქვს მინიჭებული. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში და ღიად უპირისპირდებოდა ბჟანიას წინამორბედ “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას. ამ კონფლიქტის მიზეზი სოხუმის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა იყო, როდესაც 2019 წლის ნოემბერში სოხუმის ცენტრში, შუადღისას ერთ-ერთ კაფეში ორი კრიმინალური ავტორიტეტი და კაფეს მიმტანი ჩაცხრილეს. მათგან ერთ-ერთი - “კანონიერი ქურდი” ალხას ავიძბა - ახრა ავიძბას ახლო ნათესავი გახლდათ. ახრა ავიძბა მიიჩნევდა, რომ ამ მკვლელობის უკან დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ და მათ წინააღმდეგ ღიად გამოსვლა დაიწყო. უფრო მეტიც, ავიძბა ხელისუფლებიდან ხაჯიმბას ჩამოცილების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი გახდა. აქედან გამომდინარე, მოქმედი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მისგან დიდადაა დავალებული და ავიძბას დაკავება მას სერიოზულ უხერხულობას უქმნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დე ფაქტო ხელისუფლებაში ბჟანიას მოსვლის შემდეგ ავიძბა მის თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. გასული წლის დეკემბერში იგი რუსეთიდან აფხაზეთში მიემართებოდა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა, საბანკო დავალიანების გამო, მას ქვეყნის დაკავების უფლება არ მისცეს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ მესაზღვრეებმა არაფრად ჩააგდეს მისი ე.წ. დიპლომატიური პასპორტი. საბოლოოდ, ავიძბა მათ არ დაემორჩილა და აფხაზეთში ძალით შეღწევა სცადა - დიდი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი საზღვარზე აღმართულ წინაღობას, თუმცა მისი გარღვევა ვერ შეძლო და ადგილზე დააკავეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან “პრეზიდენტის თანაშემწის” თანამდებობა დატოვა. ბოლო პერიოდში კი სოციალურ ქსელებში დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო და სოხულში ბჟანიას საწინააღმდეგო აქციებზეც გამოდიოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“უშუალოდ დაპატიმრების წინა დღეებში კი ავიძბამ გამოაცხადა, რომ ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას - “ნოვიე ლიუდი” (“ახალი ადამიანები”). ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს იარაღის უკანონ შენახვის ბრალდებით და მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საინტერესოა მისი დაკავების ფორმა - იგი ჯერ ე.წ. გამოკითხვაზე დაიბარეს და მოკლე საუბრის შემდეგ დააპატიმრეს. პარალელურად მის სახლში ხმაურიანი სპეცოპერაცია მოეწყო, რომლის დროსაც დე ფაქტო ძალოვნებმა სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს. ავიძბასთან ერთად დაკავებულია მისი პირადი დაცვაც - უკრაინის 5 მოქალაქე, რომელთაც ასევე იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი. თუმცა, რუსული წყაროების ცნობით, დე ფაქტო სპეცსამსახურები ამჟამად მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რათა სახელმწიფო გადატრიალებასთან მათი კავშირის შესახებ აღიარებითი ჩვენებები მიიღონ. რუსეთის ხელისუფლება კი ამ პროცესებისგან დისტანცირებას ცდილობს. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ თავის “ფეისბუკ” გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავიძბას დაკავება “აფხაზეთის შიდა საქმეა”. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ავიძბას თავად სურს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში მოსვლა”, - დასძენს გამოცემა.

“ახრა ავიძბა მეომარია და იბრძოდა დონბასში, ითვლებოდა მნიშვნელოვან ფიგურად რუსულ კონტექსტში. ავიძბა მონაწილეობდა აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც მოჰყვა 2020 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას გადაგომა. მან ერთი ხელის მოსმით მოახერხა ჩამოეგდო ხაჯიმბა და ფაქტის წინაშე დააყენა აფხაზეთის საზოგდაოება და ოპოზიცია. ახალ არჩევნებში გაიმარჯვა ხაჯიმბას მეტოქემ ოპოზიციის იმდროინდელმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ. ბჟანიამ იგი თავის მრჩევლად დანიშნა. დღეს ავიძბა დაპატიმრებულია, ასევე დაპატიმრებულია 4-5 პიროვნება, მათ ბრალად ედებათ შეირაღებული ფორმით გადატრიალება. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ბჟანია თუ ჩამოაგდეს თავის თავს ხედავსო. დღეს ყველა ელოდება, რა მოხდება, აფხაზურ საზოგადოებაში ჯერჯერობით არ ჩანს ვნებათაღელვა ავიძბას დაკავების გამო. თუმცა ბჟანიას ხელისუფლება უხურხულ მდგომარეობაშია, მათ კარგად გათვლილი ნაბიჯები უნდა გადადგან, არც მწვადი დაწვან და არც შამფური”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

სამ თვეში შეიძლება ახალი “აფეთქება” მოხდეს - პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე დაეცა

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამაც, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდსიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს. სპეციალისტები პარალელს ავლებენ შარშანდელ მოვლენებთან, როდესაც ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის ანალოგიური “მოდუნებიდან” 3 თვეში ეპიდემიის კატასტროფული აფეთქება მივიღეთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამ თვეში შეიძლება ახალი “აფეთქება” მოხდეს - პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე დაეცა.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტ “ჰელსმეტრიკთან” ერთად ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელზე დაკვირვება ხორციელდება. მათი კვლევით კი, საქართველოში პირბადეების ტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 75% იყო. შემდეგ ეს 66%-ზე ჩამოვიდა, ხოლო ორშაბათის მონაცემებით კი 43% გახდა, რამაც, გამყრელიძის თქმით, შესაძლოა ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება გამოიუწვიოს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ პირბადეების ტარების მაჩვენებლის დაახლოებით 32%-იანი კლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ამან კი საზოგადოების ყურადღება მოადუნა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ რადგან ინფიცირებულთა და სიკვდილობის რაოდენობა მაღალი არაა, ყველაზე უარესმა პერიოდმა გადაიარა და გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელია ნაკლებად ვიფრთხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლაც თუ წესების და პირველ რიგში პირბადეების ტარების იგნორირება გავაგრძელეთ, ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. გასაგებია, რომ ადამიანები შეზღუდვებისგან, მოლოდინისგან, პირბადის ტარებისგან დაიღალნენ. კოვიდ-19-სგან დაღლილობა ცუდი ფენომენია და ბევრი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ რეალურად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მწარე გაკვეთილი უკვე გვქონდა, როდესაც ზაფხულში ანალოგიურად რეგულაციების დაცვა პრაქტიკულად არ ხდებოდა და ნოემბერ-დეკემბერში ეპიდმიის კატასტროფული აფეთქება მივიღეთ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, წლის ბოლომდე ვერ მოვახერხებთ, რომ ვაქცინაციით საკმარისი რაოდენობა - მოსახლეობის 60% მოვიცვათ იმისათვის, რომ პირბადეების ამ ტარების მაჩვენებელს ყურადღება არ მივაქციოთ. დღესდღეობით კი ესაა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვსაზღვრავთ თუ საფრთხე რამდენად გროვდება. იმ პირობებში, როცა კომენდანტის საათისა და ფართომასშტაბიანი შეკრებების გარდა პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა შემსუბუქებულია, ეს უმნიშვნელოვანესი რეგულაციაა, რომელიც სიტუაციის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დაიღალნენ, ეს წესი მაინც უნდა დაიცვან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო