ალუდა ღუდუშაური - თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს

თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მუსიკოს ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა, რასაც გამოძიება დაადგენს.

„ბერა ივანიშვილმა თქვა ის, რაზეც თქვენც და მეც იგივეს ვიტყოდით. ადამიანმა თქვა, რომ თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოვითხოვო. გეკითხებით, თქვენ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, პასუხს არ მოითხოვთ? მარტივი ტესტი შემიძლია შემოგთავაზოთ. მაგალითად, ის ადამიანები გამოვიდნენ, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და საჯაროდ თქვან, რომ ამაზე პასუხს არ მოითხოვენ. მე, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, მაქვს თმენის ვალდებულება, ბერა ივანიშვილისგან განსხვავებით. კიდევ გეუბნებით, მიუხედავად ამისა, თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს. გეუბნებით, თქვენც პასუხს მოითხოვთ“, - განუცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„არსებობს ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია, რაც განაცხადა უკვე ბერა ივანიშვილმაც. ეს საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია. იმ პერიოდში, როდესაც ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ღარიბაშვილი ფონდ „ქართუს“ გენერალური დირექტორი და ორ კერძო სუბიექტს შორის მოხდა ფარული აუდიოჩანაწერი და უკანონო მიყურადება, მითუმეტეს ფაბრიკაცია, თქვენ ან ვინმე ფიქრობთ, რომ ამაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს?“, - მიმართა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, ბერა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ჩანაწერის შინაარსი „ლაკუნურად და ამომწურავად განმარტა“.

„ჩვენი ოპონენტები ითხოვდნენ, გამოძიება რატომ არ იწყებაო და ის დაიწყო. გამოძიება იქნება ობიექტური და დაადგენს ყველაფერს, რაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს. ფარული აუდიოჩანაწერები, „მოდელირებული ქრონიკები“, ეს ხომ ძნელი ამოსაცნობი არ არის, ვისი ხელწერაა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა