გორის მერი ფოტოგრაფთა კლუბის წევრებს შეხვდა

გორის მერი ფოტოგრაფთა კლუბის წევრებს შეხვდა

გორის ხელოვნების სახლში უფროსკლასელები ფოტოგრაფიასა და მულტიმედიაში პროფესიულ უნარ - ჩვევებს ეუფლებიან. ასევე, კინოხელოვნების გამოყენებით ადამიანის უფლებებს ეცნობიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტს „ალტერ - Space” “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, „ალტერ - Space” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერაა დაფინანსებული.

მათი ინფორმაციით, პროექტთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ.

„შეხვედრაზე განიხილეს ის საჭიროებები, რასაც პროექტი ითვალისწინებს. მინდა მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებს ასეთი საინტერესო და მოზარდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ისეთ საქმიანობას, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგება და მათ განვითარებაზე ორიენტირებული იქნება ‘’, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.