ტრენერების ბაზის ფორმირებისთვის საქპატენტის სასწავლო ცენტრი სპეციალურ პროექტს ახორციელებს

„ტრენერთა ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სტუდენტების, იურისტებისა და მასწავლებლების გადამზადებას და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენერად ჩამოყალიბებას.

როგორც საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი აღნიშნავს, ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი სწავლება, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალური განათლების სისტემაში. სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრენერები საჭიროებენ, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგის, ისე მისი სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნას. სწორედ ამიტომ, საქპატენტის სასწავლო ცენტრმა განავითარა ტრენერთა ბაზის ფორმირებისკენ მიმართული სპეციალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს და მათ პროფესიული საქმიანობის პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ დაუფლებოდნენ სასწავლო სილაბუსის შედგენის მეთოდოლოგიას და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ინფორმაციას. ამასთან, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, პროგრამის ფართოდ დანერგვა და ტრენინგში სხვა სფეროების წარმომადგენლების ჩართვა იგეგმება.

„სტუდენტების უკუკავშირის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგრამა წარმატებულად განხორციელდა. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის 10 სტუდენტს შეეძლო. ჩვენი მიზანია, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სასწავლო პროგრამები წარიმართოს მაღალი სტანდარტით და დარგის სწავლება უზრუნველყოფილ იყოს ერთგვაროვანი, სისტემური მიდგომებით. დარგის კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, ტრენერთა ტრენინგის გავლაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი სეგმენტი მოგვმართავს. ამ ეტაპზე ტრენინგის პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებია სამართლის სტუდენტები, იურისტები და მასწავლებლები, თუმცა სამომავლოდ, ცხადია, განვიხილავთ ტრენინგის სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის შეთავაზებასაც. ამასთან, ვაპირებთ, რომ პროგრამა ფართოდ დავნერგოთ, გავაუმჯობესოთ, მოვარგოთ კონკრეტული ჯგუფების საჭიროებებს და ჩავრთოთ არა მხოლოდ სტუდენტები, მასწავლებლები და იურისტები, არამედ სხვა სამიზნე წრეების წარმომადგენლებიც. როგორც აღვნიშნე, წელს გვინდა ვკონცენტრირდეთ ამ სამ სამიზნე წრეზე და შესაბამისად, შემდეგი ტრენინგი მასწავლებლებისთვის ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ჩვენს საკომუნიკაციო არხებს. ზოგადად, ტრენერობა, როგორც პროფესია, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, განსაკუთრებით კი ისეთი აქტუალური და საინტერესო სფეროს მიმართ, როგორიც ინტელექტუალური საკუთრებაა“,- აღნიშნავს ანა დალაქიშვილი.

საქპატენტის სასწავლო ცენტრი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასთან ერთად მუშაობს ახალი კურსების დანერგვაზე. „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE)“ გარდა, უკვე წელს დაინერგება ქართულ ენაზე ადაპტირებული, განვითარებული საფეხურის კურსი. ამასთან, 2021 წელს დაგეგმილია საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) აკადემიის ერთობლივი კურსის გაშვება.

„საქპატენტის და სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დარგის პროფესიონალთა რიცხვის ზრდას, რაც გლობალურად არის დარგის გამოწვევა. ამისთვის, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის WIPO-სთან და EUIPO-სთან. DL101GE კურსის გარდა, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ზოგად, დისტანციურ, უფასო, ქართულენოვან კურსს, რომელზეც გაიცემა WIPO-სერტიფიკატი, წელს ვნერგავთ განვითარებული საფეხურის კურსსაც ე.წ. DL302, რომელიც ასევე დისტანციური სწავლებისაა და მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამ ობიექტს: სასაქონლო ნიშნებს, დიზაინებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს. ის, ძირითადად აღწერს, ამ ობიექტების როლს მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკაში. კურსის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ WIPO-ს ტუტორები. ძირითადი სამიზნე წრეა იურისტები, დარგის მკვლევარები და სტუდენტები. საქპატენტის მიერ მიმდინარეობს კურსის თარგმნა ქართულ ენაზე და მისი მორგება საქართველოს კანონმდებლობასთან.

EUIPO-ს თანამშრომლობის შედეგად, 2021 წელს დაგეგმილია საქპატენტისა და EUIPO-ს აკადემიის ერთობლივი კურსის „ინტელექტუალური საკუთრება როგორც ბიზნესის დამატებითი ღირებულება“ (IP as a valuable business asset) ქართულ ენაზე შემუშავება, დანერგვა და მონაწილეებისთვის ერთობლივი სერტიფიკატის გაცემა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და კურსს უახლოეს მომავალში გავხსნით. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის ინფორმირებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მნიშვნელობაზე და გაზრდის ობიექტების დაცვაზე შემოტანილი განაცხადების რიცხვს.

ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, ვინაიდან ჩვენი მიზანია რომ სწავლების საწყისი საფეხურიდანვე ინტელექტუალური საკუთრება აქტიურად იქნეს ინტეგრირებული სასწავლო პროგრამებში“,- აღნიშნავს ანა დალაქიშვილი.

მისივე თქმით, სასწავლო მიმართულებით, ძირითადი გამოწვევა ის რომ საქართველოში არ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების სამართალის სამაგისტრო პროგრამის.

„ჩვენი მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების მაღალი საფეხურის სწავლების ინტეგრირება განათლების სისტემაში. სამაგისტრო პროგრამის დანერგვა იქნება მნიშვნელოვანი შედეგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. მოხარულები ვართ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დადგა და საწყისი ნაბიჯებიც გადაიდგა. საქპატენტისა და WIPO-ს ხელმძღვანელი პირები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება“,- აცხადებს ანა დალაქიშვილი.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენერი, ადვოკატი ელენე შენგელია საქპატენტის ტრენინგთან დაკავშირებით საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროგრამის გავლის შემდგომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, შესაძლებლობას აძლევს, თავად მიიღოს მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიას ესაჭიროება კვალიფიციური ინტელექტუალური საკუთრების იურისტი, ამიტომ ყველა სტუდენტს, იურისტს, მოქმედ ადვოკატსა თუ დარგით დაინტერესებულ პირებს ურჩევს, მონაწილეობა მიიღონ საქპატენტის ტრენინგში, რომელიც პირადად მისთვის პრიორიტეტული ცოდნისა და გამოცდილების მიღებასთან ასოცირდება.

ელენე შენგელიას შეფასებით, იყო ინტელექტუალური საკუთრების ტრენერი, დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთან, საკმაოდ პერსპექტიულია თანამედროვე შრომის ბაზარზე.

„ვიტყოდი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმიღია. პროგრამის ფარგლებში, სფეროს ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ტექნიკები, მათი მხრიდან შეფასდა დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მნიშვნელოვანი პრაქტიკა. შესაბამისად აღნიშნული პროგრამის გავლის შემდგომ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად მივიღო მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ჩემი პრაქტიკული საადვოკატო საქმიანობა, ძირითადად, სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში ხორციელდება, შესაბამისად, სფეროს ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, ცალკეულ პრობლემატურ საკითხებზე, ვფიქრობ, არსებითად დამეხმარება სტრატეგიულ დავებში. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სწავლების ტენიკებისა და მეთოდოლოგიის ცოდნა მნიშვნელოვნად ზრდის ტრენერზე მოთხოვნას თანამედროვე შრომის ბაზარზე.

საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენერთა ტრენინგის პროგრამა საკმაოდ მასშტაბურ მიზნებს უკავშირდება და საგანმანათლებლო ბაზარზე ამზადებს სფეროს კვალიფიციურ ტრენერებს. იყო ამ წამოწყების მონაწილე, ნამდვილად დიდი შანსია. ერთი მხრივ, სრულად ეცნობი, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სამართლებრივად მოთხოვნად დარგს, მეორე მხრივ კი აღნიშნული ცოდნა ზრდის შენზე მოთხოვნას დასაქმების ბაზარზე“,- აღნიშნავს ელენე შენგელია.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო