სალომე სამადაშვილი „ტვ პირველზე“ - „ქართულ ოცნებას“ არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ საქმე ისე არ აქვს, რომ დამატებით პრობლემები წამოიკიდოს

საქმე გვაქვს აშკარა მცდელობასთან, რომ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შურისძიების ოპერაცია მოხდეს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქმე „თეთრი ძაფით“ არის შეკერილი, რასაც „არავინ გაატარებს“.

„ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს საქმე „თეთრი ძაფით“ არის შეკერილი. აქ ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა მცდელობასთან, რომ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შურისძიების ოპერაცია მოხდეს. „ტვ პირველს“ რომ დიდი ხანია ხელისუფლება ერჩის, ეს ვიცით და ახალი არ არის, რადგან გვახსოვს სასამართლო საქმეები, რომელიც მათ შორის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, შეტევის ახალი ტალღა იწყება. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ამას არ გავატარებთ. პირველ რიგში, ჩემი სრული სოლიდარობა „ტვ პირველს“ და მის გუნდს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას ამ საქმესთან დაკავშირებით უკან დახევა მოუწევს. როგორც სამადაშვილმა განმარტა, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ საქმე ისე არ აქვს, რომ დამატებით პრობლემები წამოიკიდოს.

„რაზე უნდა შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან, როდესაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნაა. „ტვ პირველის“ წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებები, ცხადია, რომ პრობლემების სიას არ ამოკლებს, რომელიც მედიატორთან უნდა განვიხილოთ, პირიქით, ზრდის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, მან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დუმილი პიარ-სტრატეგიას დაუკავშირა.

„ვფიქრობ, ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მათ დაგეგმეს პიარ-სტრატეგია, როგორ აპირებენ ამ გამოწვევას უპასუხონ. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ გამოვა ბერა ივანიშვილი, რომელიც შეეცდება ქართველი ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი სხვა მოიქცეოდა მის ადგილზე, რაც ცხადია, სრული სიცრუეა. ჩვენ პრობლემა გვაქვს სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ბერა ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანი კი არ არის, ის და მისი ოჯახი ფაქტობრივად ქვეყანაში ძალაუფლების მპყრობელია, რომელიც სადამსჯელო ოპერაციისთვის იყენებს სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების პირებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სადამსჯელო ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა, ამაშია პრობლემა, ეს არ იყო ჩვეულებრივი ქუჩის გარჩევა, ნურავის მოატყუებენ და მეორე, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ღარიბაშვილი საერთოდ ხმას არ ამოიღებს და შეეცდებიან, ეს ამბავი ისე გადაატარონ, თითქოს ის არც ფიგურირებდა ამ ფარულ ჩანაწერებში. ეს არის პიარ-სტრატეგიის ნაწილი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს არის „მოთმინების ფიალის დამატებითი წვეთი, რომელიც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით დიდი ხანია გადაევსო“.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა