ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “ევროპაში მიხვდნენ, რომ ჩვენი მარტო დატოვება არ შეიძლება. ასევე, ბრიუსელში მარტო გაშვებაც აღარ გვანდეს...”

როგორ გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციისადმი - “ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ უვაქცინოდ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ”

ამ დამატებითი მოთხოვნების გამო თქვენ ვერ წახვალთ სამუშაოდ გერმანიაში!

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ევროპაში მიხვდნენ, რომ ჩვენი მარტო დატოვება არ შეიძლება. ასევე, ბრიუსელში მარტო გაშვებაც აღარ გვანდეს...”

“ასეთი დაინტერესება დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. ევროპიდან ამას საკმაოდ მკაცრი პასუხი მოჰყვება და ქვეყანას საბოლოოდ უფსკრულში გადაჩეხავენ” - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენილსონის საქართველოში დარჩენის შეფასებისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს არის პირდაპირი საფრთხე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება” - რისკენ მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ძაბირაძე.

“ძაბირაძე ამბობს, რომ ევროპელებმა დაინახეს ქვეყანაში სიტუაცია იმაზე მძიმეა, ვიდრე მოელოდნენ. ამიტომ დრო აღარ ითმენს და საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც ქვეყანაში შესაძლოა განვითარდეს, ორივე მხარემ უნდა აიღოს. მისი აზრით, თუ ევროპაში არსებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ისედაც სკეპტიკურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რუსეთს ანგარიში უნდა გაუწიონ, დაინახეს, რომ ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა, მაშინ ევროპულ ოჯახში ჩვენი შეშვება კიდევ დიდი ხნით გადაიწევს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგანაც სასწორზე ქვეყნის და ხალხის ბედი დგას”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“როგორც ჩანს ევროპაში მიხვდნენ, რომ ჩვენი მარტო დატოვება არ შეიძლება, ასევე, ბრიუსელში მარტო გაშვებაც აღარ გვანდეს. ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი გააყოლეს. თუ სერიოზულად შევხედავთ, ახლა ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ მოლაპარაკებებმა უნაყოფოდ არ ჩაიაროს და შეთანხმება შედგეს. ასეთი დაინტერესება დასავლეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. ასევე, ევროპიდან ამას საკმაოდ მკაცრი პასუხი მოჰყვება და ქვეყანას საბოლოოდ უფსკრულში გადაჩეხავენ. ევროპაში არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც ევროკავშირის და ნატოს გაფართოვების წინააღმდეგები არიან. არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთის ფაქტორს ანგარიშს უწევენ. ამ წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე მათ საბაბი გაუჩნდებათ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო შორეულ პერსპეტქივაში გადაწიონ”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ისევ და ისევ რუსეთის ადვილ სამიზნედ რჩება. კვლავ დამოკიდებული უნდა ვიყოთ რუსეთის განწყობებზე, როდის მოესურვება პუტინს საქართველოში ჯარით თუ მისი გარეშე შემოსვლა. ეს არის პირდაპირი საფრთხე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება. ასევე დიდი პრობლემები გვექნება ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით. როდესაც ერის და ქვეყნის წინაშე ასეთი რამ დგას, იქ რომელიმე მართალი და რომელიმე მტყუანი ვერ იქნება. ორივე მხარის ბრალი იქნება, თუ კი ქვეყანას ამ საფრთხის წინაშე დააყენებენ. ყველაზე მეტად კი მტყუანი ამ ყველაფერში ქართული საზოგადოებაა, რომელიც ჯერჯერობით, ისევ მართალი მხარის აღმოჩენას ცდილობს. მაშინ როდესაც მოსახლეობის მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს და მთლიანობაში პოლიტიკური სპექტრი დაავალდებულონ, რომ ამას ანგარიში გაუწიონ. ეს ადამიანები ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოიყვანონ, თან გვაფრთხილებენ და გვეუბნებიან, რომ გონს მოვიდეთ. სხვა მეტი რაღა გააკეთონ?” - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ რა თქმა უნდა, რეგიონში ვითარება ძალიან მკვეთრად შეიცვალა. რუსეთმა კავკასიაში მაქსიმალურის მიღება შეძლო, არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში. მას ორივე ქვეყანაში სამხედრო ძალები და შენაერთები ჰყავს. ახლა იმაზე გადავა, რომ აზერბაიჯანზე უფრო მასშტაბური კონტროლი მოიპოვოს. ერთადერთი კუნძულად საქართველო რჩება, რომელიც რუსეთს ამიერკავკასიის სრულად ათვისების საშუალებას არ აძლევს. ამას ხვდება ყველა და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ამიტომაც ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამას ხელს ნუ შეუწყობთო. უპასუხისმგებლოა ოპოზიცია, მაშინ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ნაბიჯი პირველმა გადადგას. ხელისუფლებაა უპასუხისმგებლო? მაშინ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ პირველი ნაბიჯი გადადგას. პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის და ერის წინაშე ყველა უპასუხისმგებლოა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ამ მოლაპარაკების მანძილზე საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს წითელ ხაზებზე საუბარი აღარ იყო და ორივე მხარე რაღაცაზე თანმხდებოდა..” - პასუხობს:

“ ყველაზე რეალური პლებისციტზე შეთანხმებაა. წითელ ხაზებზე ორივე მხარე აღარ ლაპარაკობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს. წითელი ხაზები დარჩა, მაგრამ ღიად აღარ საუბრობენ. ამიტომ თვითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ თავად უნდა გადაწყვიტოს ქვეყნისთვის რა აჯობებს და რა არის მნიშვნელოვანი. თუ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, პასუხისმგებლობა ოპოზიციამ გამოიჩინოს და ევროკავშირში შესვლის პერსპეტქივა არ დავკარგოთ. როცა ერთი მხარეც და მეორეც, ლაპარაკობს, რომ რუსული სცენარია, ორივე მხარე მათ თამაშს თამაშობს, როცა გაჯიუტებულები მოლაპარაკებებს შლიან. პასუხისმგებლობა იმას ნიშნავს, რომ რაღაცა დათმობაზე წახვიდე და ქვეყანა უფკრულის პირამდე არ მიიყვანო. რამდენჯერ მივედით და გადავრჩით, ამიტომ გადაწყვეტილება ვიღაცამ ხომ უნდა მიიღოს...”

“როგორც ჩანს ერთობლივი მოლაპარაკებები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალით ამ თემებზე გაგრძელდება. ღარიბაშვილმა ნამდვილად წაიღო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში ქვეყანამ რა გააკეთა და ნაკისრი ვალდებულებები როგორ შეასრულა. მეორე მხრივ კი მას ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე სერიოზული საუბარი ექნება. ისევე როგორც ამის პარალელურად დანიელსონის შუამავლობით მოლაპარაკებები გაიმართება. ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ შეთანხმება უნდა შედეგს და ამ მოთხოვნაში კატეგორიული უნდა იყოს, როგორც დასავლეთი, ასევე ამერიკა. ვფიქრობ, რომ მათ პრინციპულობაზე ბევრია დამოკიდებული. მოლაპარაკებები თუ ჩაიშალა, ამის შემდეგ უნდა გასაჯაროვდეს დიალოგი რაზე მიდიოდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პერსონალურად პასუხს ვინ რაზე აგებს. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ჩვენ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა დაგვეკისრება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორ გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციისადმი - “ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ უვაქცინოდ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ”

“საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო - რისკჯგუფის ცნობილმა სახეებმა პირდაპირ ეთერში “ასტრაზენეკათი” აცრა გაიკეთეს და აცხადებენ, რომ თავს გადასარევად გრძნობენ და რომ ამაში საშიში არაფერია. ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები: მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ. - ქვეყანაში პირველი აცრა ზუგდიდში “ევექსის” ექიმმა გაიკეთა. ვაქცინაციის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად 24 საათიანი უფასო ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, წელს მილიონ 600 - მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას და თუ ეს მოხდება, მაშინ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციისადმი - “ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ უვაქცინოდ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ”.

“იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს”, - განაცხადა გამყრელიძემ. “თავს ვგრძნობ გადასარევად... ამაში საშიში არადფერია”, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტერის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, რომლის შეფასებითაც, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე კორონავირუსი ვერ დამარცხდება. პაატა იმნაძე, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა “ფაიზერი” იქნება თუ „ასტრაზენეკა", რადგან ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასტრაზენეკათი” საჯაროდ აიცრა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიაც, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, ხოლო კოლეგებს კი მოუწოდა, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ. “რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. “ასტრაზენეკა” ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს”, - განმარტავს ეზუგბაია. “მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი” - ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასობრივად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი”, - თქვა ენდელაძემ. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შემაშფოთებელს უწოდებს ვაქცინაციის პროცესის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაღვივების მცდელობას და აცხადებს, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში აცრა გაიკეთოს, როგორც კი რიგი მოუწევს. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ვაქცინაციისადმი ნდობა ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც უკვე აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ქვეყანა მანამდე ეტაპებს როგორ გაივლის”, - დასძენს გამოცემა.

“ნდობის გაზრდა ისევ და ისევ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც აიცრება და გამოაცხადებს, რომ ცუდი არაფერი მოსვლია. პაატა იმნაძე ვნახეთ რომ პირდაპირ ეთერში აიცრა. თავიდან ადამიანი ყველაფერს უნდობლად უყურებს, ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა საინფორმაციო წყაროებმა სინამდვილის კონსტატაცია მოახდინონ და დაადასტურონ ის, რომ ადამიანი თუ არ აიცრა, ბევრად უფრო დიდ უბედურებას მივიღებთ, ვიდრე ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება მეორე დღით უკვე აღარ გქონდეს. ჩემი თხოვნა იქნება თვითონ იმ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ვაქცინაციას იწყებენ, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ ადამიანთა შესწავლა, ვისი აცრაც საჭიროა იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი ალერგიული იყოს, ან თრომბოემბოლიის მიმართ მიდრეკილება ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში აცრისთვის მოამზადონ, იმიტომ, რომ ეს მაინც წამალი არაა, ეს პრევენციაა, ვაქცინა, რომელიც ძალიან ძლიერ ორგანიზმს მოითხოვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ინფორმაციის სწორი, დროული და ადეკვატური მიწოდება, ეს იქნება იმ რაოდენობის გაზრდის წინაპირობა, რომელი რაოდენობაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ პანდემია თავიდან ავიცილოთ. მასობრივი ვაქცინაციაც ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ახლანდელ ექიმების ეტაპს როგორ ჩავატარებთ, აქედან გამომდინარე უკვე გადაწყდება, იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მომდევნო ეტაპებთან, ეს თუ ჩავარდა, რომელ ვაქცინაციაზე იქნება ლაპარაკი, მერე უკვე „ფაიზერიც" და „ჯონსონიც" შემოვა, მთავარია, რომ ეს ორი თვე სწორად გავაროთ”, - დაასკვნის ხმალაძე.

ამ დამატებითი მოთხოვნების გამო თქვენ ვერ წახვალთ სამუშაოდ გერმანიაში!

“გერმანიაში დასაქმების მსურველი უამრავია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას ეძლევა შანსი, რომ დასაქმების პროგრამაში მოხვდეს. მართალია, კრიტერიუმები წინასწარ განისაზღვრა, თუმცა შერჩევის პროცესში შეიძლება ისეთი ფარული დეტალები გამოიკვეთოს, რასაც განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. ცხადია, ოფიციალურ დონეზე ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა სპეციალისტებს უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვინ შეიძლება ვერ წავიდეს. ასეთი კი იქნება ყველა, ვისაც სუსტი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასევე ახალგაზრდაა და ნაკლები გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. ცხადია, პროგრამაში ვერც ის მოხვდება, ვისაც ენის ბარიერი აქვს. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამ დამატებითი მოთხოვნების გამო თქვენ ვერ წახვალთ სამუშაოდ გერმანიაში! / არის ბევრი ნიუანსი, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ კადრების შერჩევისას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას

“როგორც წინანსწარ ითქვა, ჯერჯერობით 300 სამუშაო ადგილია და რამდენიმე შეიძლება დაემატოს. რაც ზედაპირზე დევს, გასაგებია, მაგრამ შერჩევის პროცესში რა იმოქმედებს და რაზე გაამახვილებენ ყურადღებას, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, თქვენ თუ ხართ ძალიან ახალგაზრდა, სოფლის მეურნეობაში გამოუცდელი, დიდად ვერც ფიზიკური შესაძლებლობით დაიკვეხნით და არც “მფარველი” გყავთ, ვერ წახვალთ გერმანიაში! ეს რომ ასე იქნება, ეჭვი არ ეპარება ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელამაც “რეზონანსთან” იმ დამატებით კრიტერიუმებზე ისაუბრა, რის დაკმაყოფილებაც დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ. ანალოგიური მოსაზრებისაა აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის ვარაუდითაც სიების შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წამსვლელთა სიის შედგენისას იმოქმედებს ასაკობრივი ბარიერი, გარდა ამისა, ჯგუფში აუცილებელია უცხო ენის ცოდნა. მოთხოვნა ისეთია, ბევრი ვერ მოხვდება სიაში. კონკრეტული კრიტერიუმები, რის დაკმაყოფილებაც მოუწევთ, რთულია. ცხადია, ფიზიკურად ამდენი მოქალაქე შეზღუდვის პირობებში, ვერ მოახერხებს გამგზავრებას. ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ვალის მქონე ადამიანები ვერ წავიდნენ. რეალურად, ვალთან მიმართებაში პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან თუ ვალი აქვს ადამიანს, მისთვის პროგრამაში მონაწილეობა კარგი შანსია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვალდებულებები შეასრულოს. როგორც ვიცით, 100 000 ლარზე მეტი ვალის მქონეები ისედაც ვერ გადაკვეთენ საზღვარს, მათ შორის, ვერც დასაქმების მიზნით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

“მწეველებზეც არ იქნება შეზღუდვა, მაშინ დისკრიმინაციას ექნება ადგილი, მაგრამ “ნაცნობობით” რომ ბევრი გაემგზავრება, ამის დიდი ალბათობაა... საშუალო ასაკის მოქალაქეებს პროგრამაში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. გამოცდილებასაც ყურადღება მიექცევა და ფიზიკურ მონაცემებსაც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაზე წავა ყველა. ეკონომიკური კრიზისის გამო ბერს შეუმცირდა შემოსავალი და ამან უფრო გაამწვავა წასვლის სურვილი, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის ეს ოცნება მიუწვდომელი დარჩება“, - დაასკვნის გერლიანი.

“პროტოკოლი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, რის დაცვაც სავალდებულოა, თუმცა ყველაზე მეტად საყურადღებო, შეფარვით აქცენტს განსაკუთრებით გააკეთებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაოს შესრულების უნარი - წინა პლანზე ეს კრიტერიუმები წამოიწევს. არ გამოვრიცხავ, ყურადღება მიექცეს ვაქცინაციასაც, თუმცა მთავარი ჯანმრთელობა და შრომისუნარია. საბოლოო ჯამში, შემრჩევი შრომის ბიურო ვის მიანიჭებს უპირატესობას, ძნელი სათქმელია. დამსაქმებელმა თვითონ იცის, ვინ არის მისთვის ხელსაყრელი სამუშაო ძალა, მაგრამ ვინ იქნება შემრჩევი, ამასაც დიდი მნიშვნელობა ექნება”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“გერმანიაში სამუშაო ძალის მიმართ არსებული სტანდარტი და მოთხოვნები კარგად ცნობილია ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც იქ წლობით ცხოვრობენ და ფიზიკური შრომით ირჩენენ თავს. ერთ-ერთ ასეთ ემიგრანტს, რაულ სორდიას ,”რეზონანსი” სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა. როგორც სორდიამ აღნიშნა, 15 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და კერძო კომპანიის თანამშრომელია. პასუხისმგებლობა, სუფთა ბიოგრაფია და კომპეტენტურობა - ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რასაც ქართველი ემიგრანტის თქმით, გერმანელი დამსაქმებლები ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას”, - დასძენს გამოცემა.

“მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, ასევე ფიზიკური მონაცემები და პასუხისმგებლობა, რის გარეშეც გერმანიაში დასაქმების ალბათობა მინიმალურია. რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და მინახავს, სამსახურში აყვანისას ძირფესვიანად სწავლობენ ადამიანს, გერმანელი ისე არ დაგასაქმებს, რომ არ იცოდეს, ვინ ხარ და წარმოდგენა არ ჰქონდეს შენს წარსულზე, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობიანობაზე. რაღაც დონეზე მაინც, ენის ცოდნა აუცილებელია. ძალიან ფრთხილობენ მუშის აყვანის დროს და საბუთების მწყობრში ყოფნას სთხოვენ სპეციალურ კომისიას, ვისაც ადამიანების შერჩევა ევალება. რაც შეეხება გერმანიაში დასაქმებას, ვინც ამას მოახერხებს, ვთლი, რომ ძალიან გაუმართლებს, რადგან აქაური დამსაქმებლები განსაკუთრებით გამორჩეულები არიან. აფასებენ კეთილსინდისიერ ადამიანს და პატივისცემით ეპყრობიან თითოეულ მუშას“, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს