გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ა.ქ-ის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ა.ქ-ის ადვოკატის მილერი ხარებავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა და ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში რიგი დარღვევებია და არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„მიმაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. 25-ზე მეტი ტომია ამ საქმეში. 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული, მაგრამ ვერ ნახავთ ერთ მოწმესაც კი, რომელიც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც მერე სრულწლოვანი გახდა, რამეში ამხელს, თუნდაც დაბადების დღიდან დაწყებული, რომ მაპროვოცირებელ ქმედებებს ჩადიოდა ან ვინმეს აღიზიანებდა“,-განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ა.ქ-ს კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი განაჩენის გამოცხადებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

„მოვახსენე სასამართლოს, რომ ამ აბსურდულ, მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე გამოტანილი სამარცხვინო გადაწყვეტილების მოსმენას არ ვაპირებდი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანს.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღე სხვებთან ერთად გიორგი შაქარაშვილმაც დატოვა და თბილისის მიმართულებით გაემართა. შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს ჯერ, თბილისიდან წამოსული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი, „ტოიოტაში“ მყოფები.

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ა.ქ. და ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და დანარჩენები, გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში. ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვახტანგ ახვლედიანი მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი