ალეკო ელისაშვილი - პლებისციტი საერთოდ სისულელეა

შეთანხმების წკიპზე და ზღვარზე ვართ, ამიტომ არ ვილაპარაკებ ნიშნის მოგებით, თორემ ძალიან ნიშნის მოგებით შემიძლია ოპოზიციას ველაპარაკო, თუნდაც დღეს. ყველა იმ ადამიანს შემიძლია ნიშნის მოგებით ველაპარაკო, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ტყუილ უბრალოდ გვწყევლა, გვლანძღა და გვთათხა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის შეფასებისას განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, დაუსვა თუ არა წერტილი ვადამდელი არჩვენების მოთხოვნას ასოცირების საბჭოს განცხადებამ იმის შესახებ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული, ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ძირითადად კი“.

„მანამდე განცხადებებიც ვნახეთ, რომ ოპოზიციამ პარტიული ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესი დააყენოს და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდესო. ჩავატაროთ ნებისმიერი კვლევა, ხალხს რა ურჩევნია, სამართლიანი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა თუ ვადამდელი არჩევნები? კი არ ვეწინააღმდეგები ვადამდელ არჩევნებს, უბრალოდ ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და ვეწინააღმდეგებით პლებისციტს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, პლებისციტის ჩატარება „სისულელეა“.

“ეს პლებისციტი ხომ საერთოდ სისულელეა, მაგრამ ვადამდელი არის ერთჯერადი რაღაც. პლებისციტი სისულელეა. ერთი სახელმწიფოებრივი ამოცანა ამ ქვეყნის იყო საარჩევნო სისტემის რეფორმა და ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ, ეს რეფორმა მიდის, ამით მთელი ცხოვრება ვიამაყებთ.

მეორე, პროკურატურას რომ ვენდობოდეთ და პროკურატურა რომ არავის ინდობდეს, როცა ხედავს დანაშაულს, რიჟვაძეს, ბერა ივანიშვილს, ანზორ ჩუბინიძეს ან ირაკლი ღარიბაშვილს და გარჩევა რომ არ ჰქონდეს, მართლა დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და კანონის სადარაჯოზე მყოფი სტრუქტურა რომ იყოს და სასამართლო არა მურუსიძეების და ვიღაც ყურმოჭრილი ყმების კი არ იყოს, არამედ მართლა სამართლიანობის სადარაჯოზე იყოს, ეს ხომ არის ეროვნული ამოცანა? ეს გვირჩევნია თუ რაღაც გაუგებარი პლებისციტი?, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტული იყო.

„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს