“ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე” -  „ჯეო–ჰოსპიტალსის“ ექიმები კოლეგებს აცრისკენ მოუწოდებენ

ვაქცინაციის მესამე დღეს იმუნიზაციის პროცესში საქართველოს რეგიონები აქტიურად ჩაერთნენ. ქვეყნის მასშტაბით დღეს დამატებით 35 პუნქტი გაიხსნა, სადაც წინასწარ დარეგისტრირებულ მედპერსონალს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთება შეუძლია.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი. აცრების პროცესი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულისა და დუშეთის კლინიკებში მიმდინარეობს. ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია გადამზადებული მედპერსონალი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოქმედებს.

კლინკებში აცრები დილიდან დაიწყო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მედპერსონალს აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„თანამშრომლების ვაქცინაცია დილიდან დაიწყო. ამ ეტაპზე მათი ნაწილი უკვე რეგისტრირებულია და ეს პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და განმეორებითი აცრა რამდენიმე კვირაში, ვაქცინების მეორე ეტაპის შემოსვლის შემდეგ ჩატარდება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და მის სანდოობაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დირექტორმა გელა ორველაშვილმა.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი ხსნა, რომ პანდემია დამარცხდეს. თითოეულ კოლეგას მოვუწოდებ აცრისკენ. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე. იმისათვის, რომ აღარ დავკარგოთ ახლობელი ადამიანები, პაციენტები, კოლეგები, აუცილებელია, გავაგრძელოთ და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაცია და შესაბამისად, პანდემიაც,“ – განაცხადა COVID-19-ის მართვის ონლაინ კლინიკის ხელძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა, რომელიც დილით თავადაც აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით