დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას არ დაესწრება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მედიატორ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება.

მიზეზს დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში განმარტავს და აღნიშნავს, რომ რადგან შეხვედრაზე ყველა პარტია მხოლოდ ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი, პარტია „ევროპულ საქართველოს“ გიგა ბოკერია წარმოადგენს. მისივე განმარტებით, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წასულია და აღარ ერევა პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში.

“მინდა წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით.

ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში.

ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს “ევროპული საქართველოს” ლიდერად დარჩენას.

წარმატებულ მოლაპარაკებებს ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს და კოლეგებს. მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე ჩემს პოზიციებსა და შეფასებას აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას. აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პოლიტიკური და პიროვნული რესურსით ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინსვლა, დემოკრატია, სტაბილურობა და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს”, - ნათქვამია ბაქრაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა