ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2021

4-საათიანი მძიმე შეხვედრა შეთანხმების გარეშე - მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

როგორ „ამოვქოქოთ“ ვაქცინაცია და რას გამოიწვევს პროცესის შეფერხება

ეროვნული ბანკი გაიჭედა - ეკონომიკის სტიმულირების გეგმა ჩავარდა, ახლა ინფლაციის მოთოკვასღა ცდილობენ

* * *

4-საათიანი მძიმე შეხვედრა შეთანხმების გარეშე - მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

“მძიმე 4 საათიანი მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ხვალ უნდა დასრულდეს. მათი ცნობით, საუბარი მიდის რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლოტპატიმრებზე და როგორც ირკვევა, პრობლემური სწორედ ეს ორი საკითხია. “ნაციონალები” ღიად ამბობენ, რომ თუ ამ ორ თემაზე შეთანხმება არ მოხდება, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4-საათიანი მძიმე შეხვედრა შეთანხმების გარეშე - მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, უკვე მეექვსე დღეა, თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. იგი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ოპოზიცია და “ოცნება” მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდნენ. მოლაპარაკების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა შალვა ნათელაშვილმა იმ მიზეზით, რომ პირველ თემად არ განიხილება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი” - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი” , - განაცხარა “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს. “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, “ოცნებასთან” შეხვედრა რთული იყო და კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა ვიდრე მოელოდა. “პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ. წინსვლა გვაქვს. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია”, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, შეთანხმება მანამდე არ შედგება, სანამ ყველა საკითხს არ გაივლიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაცმოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე შეთანხმდნენ. ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა და ქვეყნის ინტერესებშია, რომ არჩევნები ჩატარდეს. “მათთვის ძალიან მძომე შედეგებით დასრულდება, თუკი ისინი ამ ორ საკითხზე არ წამოვლენ. საერთაშორისო პარტნიორებიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით არ მოქმედებენ”, - განაცხადა მინაშვილმა, რომლის თქმით, “ვადამდელი არჩევნები კოალიციურ მთავრობას მოგვიტანს და ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება მიეცემა”, - დასძენს გამოცემა.

როგორ „ამოვქოქოთ“ ვაქცინაცია და რას გამოიწვევს პროცესის შეფერხება

“ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ამ შინაარსის პასუხი გასცა საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის თხოვნას, რომელიც თვლის, რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მაღალია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესია 11 თებერვლის სინოდის განჩინებით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვით ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ „ამოვქოქოთ“ ვაქცინაცია და რას გამოიწვევს პროცესის შეფერხება.

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა”, - წერს ჯაღმაიძე. მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სასულიერო პირებს თხოვნით მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს”, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ვაქცინაციის დაწყებისას დიდი აქტივობა არაა და ტემპის მომატებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირველი დოზა მედიცინის ყველა მუშაკს ყოფნის. ხშირად ასეა, პირველი “სტარტის” დროს დიდი აქტივობა არ არის და იმედია, ეს აქტივობა მოიმატებს. შექმნილია ელექტრონული პორტალი, სადაც ელექტრონულად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემი კოლეგები, დაჯავშნოთ თქვენთვის მისაღები დრო. ვაქცინაცია საქართველოში 29 დაწესებულებაში დაიწყო, ხვალიდან ემატება 35 დაწესებულება, ზეგიდან 24. სულ იქნება 88 დაწესებულება ამ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, როცა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როცა მარაგში მილიონი და მეტი დოზა გვექნება, მაშინ დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ამას ველით ზაფხულში, სადაც რამდენიმე დიდი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება ქვეყანაში, ღია, დიდი სივრცეები, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი ვაქცინაცია იქნება. ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ჩვენ უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი”, - თქვა გამყრელიძემ. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესი პირველ რიგში მედიამ უნდა “ამოქოქოს” და შემდეგ ადამიანების თვითშეგნებამდე უნდა დავიდეს ის, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძენს გამოცემა.

“იმის ბრალია, რომ სატელევიზიო და საინფორმაციო წყაროებიდან ყველამ გაიგო, რომ რამდენიმე ქვეყანამ ამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. საქმე იმაშია, რომ აღმოჩნდა, რომ ის გართულებები ვაქცინაციის ბრალი არ იყო, რაც მედიის საშუალებით საზოგადოებას უკვე კარგად აღარ მიეწოდება. ჯერ ერთი ყველა ვაქცინას უბრალო “აკადეესსაც” კი თავისი გართულებები აქვს, მაგრამ, ამაზე არასდროს ამბავი არ ატეხილა იმიტომ, რომ ეს იყო საყოველთაო და აუცილებელი, უბრალოდ მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენება უნდა მოხდეს და ახსნა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინაც იგივე ეფექტურობით ხასიათდება. ვიღაცამ ყური მოკრა, რომ ამ ვაქცინას 75% აქვსო და ფაიზერს 90%-ზე მეტიო და ზუსტად ამის გამოც შეიძლება გარკვეული შიშებიც გაჩნდა, შესაბამისად მოსახლეობის ინფორმირება მოგვცემს იმას, რომ გაიგებენ, რომ ამის ბრალი არაა და შესაბამისად ვაქცინირებულთა რაოდენობა მოიმატებს. პირველ რიგში მედიამ უნდა გააკეთოს ეს და ასევე თავად ადამიანმა და პირველ რიგიში ექიმებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუ ამ ტემპით წარიმართა პროცესი, არ ჩავარდება, მერე უკვე ფაიზერი და სხვა ვაქცინა შემოვა, უბრალოდ თუ ასე წავიდა ის შედეგები გადაიდება, რომელსაც ველოდებით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“უკვე ვაქცინირებულ მედიკოსთა შორისაა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, რომელიც 15 მარტს აიცრა და საუბარში განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, საქმიანობას ჩვეუილ რეჟიმში განაგრძობს. “სამსახურს არ მოვცდენილვარ, ჩემს საქმეს ჩვეულებრივად ვაკეთებ, ვატარებ სტუდენტებთანაც და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ იყო. აცრის ადგილას ზომიერი ტკივილი მქონდა, დღეს უკვე ამ ადგილზე ტკივილს ოდნავღა ვგრძნობ... გასაგებია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ყველა ქვეყანა გახსნის და მერე ერთდროულად ყველა მიაწყდება, მე მოვუწოდებ ყველას და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ავიცერი. ვიცი ეს ვაქცინა როგორ მუშაობს და ამდენად ვფიქრობ, რომ ყველა უნდა აიცრას და მოვუწოდებ, რომ მედიკოსებმა პირიქით მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვაქცინაცია აუცილებელი და საჭიროა. ჯანმომაც ამ ვაქცინაზე უკვე რეკომენდაცია მისცა, რომ ის თრომბოზები ვაქცინასთან კავშირში არაა”, - განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, მილიონობით ადამიანი აიცრა და ამდენ ადამიანში “ეს შემთხვევები რომ იქნებაოდა ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ”, - წერს სტატიის ავტორი.

ეროვნული ბანკი გაიჭედა - ეკონომიკის სტიმულირების გეგმა ჩავარდა, ახლა ინფლაციის მოთოკვასღა ცდილობენ

“ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ სიტუაციაში ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები განხორციელდეს და ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, რეალურად საპირისპირო გადაწყვეტილებაა მიიღეს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეად კი ინფლაციის მოთოკვა დასახელდა. ცოტა ხნის წინ ექსპერტები საუბრობდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთები შესამცირებელია, მინიმუმ, 6%-მდე და ამ დროს მონეტარული პოლიტიკა 8,5%-მდე გაიზარდა, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის ბიზნესს, მსესხებელთა დიდ არმიას და რიგით მოქალაქეებსაც, რამდენადაც ამით ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად ექცევა ჩიხში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ გაჰკვირვებია. ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ითქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კოვზანაძის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი წნეხის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეროვნული ბანკი გაიჭედა - ეკონომიკის სტიმულირების გეგმა ჩავარდა, ახლა ინფლაციის მოთოკვასღა ცდილობენ / “ასე გაგრძელდება ყოველთვის, სანამ სებ-ის ფუნქციები არ გადაიხედება”.

“ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, დიდი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები”, - განაცხადა კოვზანაძემ. სპეციალისტები კი საპირისპიროს ფიქრობენ. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, 8,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რითაც ეკონომიკის ამოქოქვა რთული და იმავდროულად წარმოუდგენელიცაა. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს. ექსპერტ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, სანამ სებ-ს ინფლაციის კონტროლის ვალდებულება გააჩნია, ის ყოველთვის ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადრე, როცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ხდებოდა, ეროვნული ბანკი თავს იმართლებდა იმით, რომ მაღალი დედოლარიზაციის გამო იძულებული იყვნენ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ჰქონოდათ. ახლა იმიზეზებენ, რომ გადაწყვეტილება ინფლაციის გათვალისწინებით მიიღეს. სინამდვილეში ინფლაცია ძალიან მაღალია - როგორც პროდუქტები, ასევე მომსახურება გაძვირებულია. საგადასახადო შეღავათები დასრულდა და ცხადია, ინფლაციაც მარტიდან უფრო მოიმატებს. როცა გვჭირდება ეკონომიკის ამუშავების სტრატეგია, საპროცენტო განაკვეთებს აძვირებენ. ამით ეკონომიკის დაქოქვა რეალურად ძალიან გაუჭირდებათ. სებ-ის მონეტარული პოლიტიკა და სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკაც გადასახედია. ველოდები, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო დიდი პრობლემა შეექმნებათ იპოთეკარებს, ასევე ბიზნესსაც. სიმართლე ითქვას, შემცირების იმედი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ველოდი, რომ იგივე მაჩვენებელზე დატოვებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, ბიზნეს უფრო უჭერენ მარწუხს. არ ჩანს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება სურდეთ, ყველა გადაწყვეტილება სექტორის საზინაოდ არის მიმართული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“სებ-ის გადაწყვეტილება ორ გარემოებასთან არის დაკავშირებული: ფასების ზრდასა და ლარის კურსის მდგომარეობასთან. პირველ რიგში, ცდილობენ, ლარის არსებული პოზიცია შეინარჩუნოს და უფრო მეტად არ გაუფასურდეს. ცხადია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის სტიმულირებაზე, ზემოქმედებს უშუალოდ სესხებზე, რადგან ამ დროს საკრედიტო მოცულობა მცირდება. მალე ლარებში გაცემული სესხები გაძვირდება. სებ-ი გამოდის იმ პოლიტიკიდან, რომ ინფლაციის პროცესი მოთოკოს, სანამ ეს ფუნქცია აკისრია, ის ყოველთვოს ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რადგან მისი მთავარი მცდელობა ფასების შენარჩუნება იქნება. ,ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ბანკებს საგრძნობლად დააზარალებს, რადგან სესხების მიმართ მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება, ისედაც ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ ფინანსურ ბაზარზე. კრედიტების განაკვეთის გაზრდისას ყოველთვის ჭირს ეკონომიკიდან ფულის ამოღება. შეიძლება, ინფლაციური პროცესი მოთოკონ, მაგრამ ეკონომიკა და ბიზნესი ზარალდება. ფაქტობრივად, სხვა არჩევანი არც დარჩა ეროვნულ ბანკს, ასე გაგრძელდება ყოველთვის, სანამ მისი ფუნქციები არ გადაიხედება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი.

“რაც შეეხება ბიზნესს, “საზოგადოება და ბანკების” მონაცემით, ჯამში, 29300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1-ელ იანვართან შედარებით 700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3359.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1078.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.86%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი თებერვლის მონაცემებით 2281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.59%-ში”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა