"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს და არსებული ქონების გასხვისების აკრძალვა მოითხოვეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მორიგი სარჩელი შეიტანეს.

როგორც ჟურნალისტებს აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია "რუსთავის 2" -ის შესაძლო გასხვისებასა და ახალი ჰოლდინგის შექმნაზე, 15 მარტს სასამართლოს მიმართეს და ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების აკრძალვა მოითხოვეს. უფრო კონკრეტულად, როგორც ადვოკატი განმარტავს, მათი მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია გასხვისდება და ჰოლდინგად ჩამოყალიბდება, ტელეკომპანიის ქონებაზე შეზღუდვები დაწესდეს.

კახა კოჟორიძის თქმით, ნებისმიერი მესამე პირი "რუსთავი 2"-ის ქონების შეძენის შემთხვევაში კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლება, ვინდიდან კომპანიის რეალური მესაკუთრეები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან.

"მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია "რუსთავი 2-ის" შესაძლო გასხვისების, თუ ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნის შესახებ, ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ ქონების გასხვისების აკრძალვა და ასევე, დირექტორისთვის გარკვეული უფლებამოსილებების აკრძალვა.საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2019 წელს დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სახელით სასამართლოს სარჩელით მივმართეთ და მოვითხოვეთ დანაშაულებრივად წართმეული ქონების დაბრუნება. ყველამ კარგად იცის, რომ 2004 წელს მათ აღნიშნული კომპანია დანაშაულებრივად წაართვეს. 2019 წლიდან სარჩელის შეტანიდან დღემდე, ერთ წელზე მეტია გასული და სასამართლოს არცერთი სხდომა არ ჩაუტარებია, მაშინ, როცა 2015 წელს ქიბარ ხალვაშმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში, უკვე 3 თვეში გადაწყვეტილებაც მიიღეს ხალვაშის სასარგებლოდ. ეს არის პირდაპირი მითითება იმაზე, თუ როგორ უსამართლოდ იქცევა სასამართლო. ანუ თუ ხალვაშმა შეიტანა სარჩელი, მის სასარგებლოდ სასამართლომ სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პროსახელისუფლებო პირი იყო, ხოლო თუ სარჩელს შეიტანენ თავისფალი და დამოუკიდებელი ადამიანები, როგორებიც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან, მათ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ ძინავს. რაც შეეხება დღევანდელ საჩივარს, ის ეხება იმას, რომ მოხდეს დაზღვევა სასარჩელო მოთხოვნის. კონკრეტულად ვგულისხმობ შემდეგს - სასარჩელო მოთხოვნა არის ის, რომ "რუსთავი 2"-ის წილის 60% დაუბრუნდეს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ცხადია, წილს რომ ღირებულება ჰქონდეს, უნდა იყოს შესაბამისი აქტივი უძავ-მოძრავი ქონების სახით, რადგან იგეგმება ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ამ ახალ კომპანიას გადაეცეს უძრავ-მოძრავი ქონება, რაც ცხადია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება იქნება. ამიტომ, ჩვენ რომ ეს შევზღუდოთ, ვითხოვთ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, ანუ შეზღუდვების დაწესებას. ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ ვითხოვთ ზუსტად იმ ღონისძიებების გამოყენებას,რომელსაც ითხოვდა ხალვაში 2015 წელს და სააპელაციო სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით ჩაითვალა კანონიერად", - განაცხადა კოჟორიძემ.

ადვოკატმა კომპანიის შესაძლო შემძენსაც მიმართა.

"მინდა მივმართო ნებისმიერ მესამე პირს, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ შეიძენს "რუსთავის 2"-ის უძრავ-მოძრავ ქონებას ეს ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ ქმედებად, ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი და მისი ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს არამხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ, არამედ სისხლის სამართლებრივ დარღვევასაც,რასაც ცხადია, რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ "რუსთავი 2"-ის 60% წილი დაუბრუნდეს ამ კომპანიის შემქნელებსა და დამფუძნებლებს, რათა "რუსთავი 2" გახდეს ისეთი, როგორიც საზოგადოებს უყვარდა და სადაც თავისუფალი სიტყვა ისმოდა", - განაცხადა კოჟორიძემ.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, მათი მოთხოვნა არ არის ისეთი ღონისძიებების დაწესება, რითაც ტელეკომპანიას მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელი შეეშლება.

"თუმცა ვითხოვთ იმ ღონისძიებებს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის იმას, რომ წილის დაბრუნების შემთხვევაში, ეს წილი უბრალოდ, ფარატინა ქაღალდზე დაწერილი ციფრი არ იყოს და ჰქონდეს რეალური ქონებრივი ღირებულება, რათა მერე შეეძლოთ ამ ადამიანებს კვლავ აამუშაონ ეს კომპანია,როგორც საჭიროა", - განაცხადა კოჟორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა