ნორვეგიის მთავრობასა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება

განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ანდა სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.

პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ხელშესახებ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს“ , – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„ოთხწლიანი თანამშრომლობა ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიან სტრატეგიულ ხედვას“, – განაცხადა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენმა.

„პროექტი ეფუძნება განვითარების პროგრამის ეროვნულ პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას პრაქტიკოს სპეციალისტებსა და თანამოაზრეთა შორის, გაერო-ს წამყვანი სააგენტოს მხარდაჭერას, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება და ასევე ათეულობით წელია მუშაობს ქვეყანაში. პროექტის მიზანია, განახორციელოს თითოეული ბავშვის უფლება, განავითაროს პიროვნული თვისებები, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები“.

„თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და სწავლის უფლება“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოშიღასან ხალილმა. „როგორც ყველა ბავშვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აქვთ სამომავლო გეგმები და ოცნებები, მაგრამ განათლების მიღების გზაზე ისინი ხშირად აწყდებიან მუდმივ ბარიერებს არსებული სტიგმისა და სასკოლო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მომსახურებების არარსებობის გამო. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ერთად სწავლობს, ერთსა და იმავე სკოლაში, და ქმნის მრავალფეროვან გარემოს საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ სწავლება და სასწავლო გეგმა, სკოლის შენობები, საკლასო ოთახები, სათამაშო ადგილები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის შესაფერისი. მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და თავისი პოტენციალის განვითარების სრული შესაძლებლობა“, – აღნიშნა ხალილმა.

პროგრამის განხორციელების შედეგად შემუშავდება მასწავლებელთა ეფექტიანი სასწავლო პროგრამები და დამხმარე სწავლა-სწავლების რესურსები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; შეირჩევა გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მქონე რესურს სკოლები, შეიქმნება სასწავლო რესურსები და გადამზადდებიან სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი სკოლები ბავშვებს უზრუნველყოფენ გაკვეთილების შემდგომი, სასწავლო, გასართობი და ზედამხედველობის ქვეშ თავისუფალი დროის ორგანიზების პროგრამებით; სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება ცოდნის რესურს-ცენტრები/ბავშვთა უფლებების ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების შესახებ; გაძლიერდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში, რათა ახალი მასწავლებლები აღიჭურვონ სათანადო ცოდნითა და უნარებით.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული