ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე რუსთავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანსა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს კახა კობერიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბავშვთა კოდექსიდან გამომდინარე, გარკვეული უფლებების დელეგირება ადგილობრივ თვითმმართველობებზე მოხდა და ახლა მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და ამ კუთხით არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაჭრა.

„პარლამენტის მიერ ბავშვთა კოდექსის მიღება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ბავშვის დაცვის მიმართულებით. საუბარია, მუნიციპალურ დონეზე სოციალური სამსახურის შექმნაზე, რუსთავში ამ მიმართულებით მსგავსი განყოფილება უკვე ფუნქციონირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც სოციალურ სამსახურს აქვს, ასევე ვისაუბრეთ, იმ მეთოდოლოგიებზე რომელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა. რუსთავში ჩამოყალიბდება საკოორდინაციო საბჭო და ერთობლივი მუშაობის მექანიზმი, მოხდება პრობლემური საკითხების, მათი მოგვარების გზების განხილვა და ერთობლივი მიზნების დასახვა“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების გადაჭრაში აქტიურად ჩაერთვება.

„წინგადადგმული ნაბიჯია, ის, რაც უკვე კანონის სახით გვაქვს ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ერთობლივად მოხდეს ამ კანონის აღსრულება. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ბავშვებს ჩვენს ქალაქში, მათ სოციალურ პრობლემებს, მათი უფლებების დაცვის საკითხებს. აუცილებელია, რომ ჩვენ მუდმივად და ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ საკითხების გადაჭრაში და მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ამ პროცესში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, იმისათვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სრულფასოვნად განახორციელოს ის უფლებამოსილება, რაც მასზე იქნა დელეგირებული, მნიშვნელოვანია კადრების გადამზადება.

„საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადმოდის უფლებამოსილება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ეს ჩვენთვის სიახლეა და აქამდე მსგავსი გამოცდილება მუნიციპალიტეტს არ ჰქონია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კადრების გადამზადება, არსებული გამოცდილების გაზიარება. თვითმმართველობა ყველა პრობლემას და საჭიროებას ადგილზე უფრო ადვილად დაინახავს და რაც მთავარია, ამ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელია პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, რუსთავში არსებული ბავშვთა ცენტრებს ესტუმრნენ და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს