ხათუნა ლაგაზიძე - ქართულ პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს

ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით - გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ქართულ პოლიტიკურ ველზე კონკურენციას ზრდის.

„ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ზრდის კონკურენციას ქართულ პოლიტიკურ ველზე - ოპოზიციისთვისაც ერთგვარად ცივი შხაპის ეფექტი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის მათთვის რეალურად ბოლო შანსი, რომ გამოფხიზლდნენ, საკუთარი შეცდომები გაანალიზონ, დაუბრუნდნენ ამომრჩევლის წიაღს, გაცდნენ ტელეეკრანის ჩარჩოებს იმიტომ, რომ ბოლო თვეების მანძილზე თითქმის არ გვინახავს ჩვენ ხალხთან გასული და ხალხთან მისული პოლიტიკოსი. ამიტომაც ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ამ ცივ შხაპს კი არ ჩაყვნენ, არამედ გამოფხიზლდნენ და საკუთარ ამომრჩევლებს ახალი იდეებით, ახალი სახით და განახლებული ენერგიით მიადგნენ.

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს ისევე, როგორც არ გაგვიკვირდეს ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისა. მას აქვს ქარიზმა როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ამომრჩევლებთან ურთიერთობაში და გამოსვლების დროსაც. ჩვენთან აქამდე ქარიზმა აღიქმებოდა მაგალითად, ზვიად გამსახურდიასთან, მიხეილ სააკაშვილთან, მათთან ვინც პროაქტიული ლიდერები იყვნენ, ქუჩაშიც ფრთა გაშლილები და კარგად გრძნობდნენ თავს და მათი ემოციური და ენერგეტიკული მდგენელი იყო ძალიან მაღალი. გახარიას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით „ნაციონალური მოძრაობას“ ამომრჩევლის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ამომრჩეველთა შენარჩუნებისთვის, გაასმაგებულად უნდა იმუშაონ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მყარი ამომრჩეველი და მე ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ უფრო ჩადუღაბდება, რადგან გახარიას სახით ისინი რეალურ საფრთხეს დაინახავენ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშის შემოსვლით. „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვა არ ემუქრება, სამაგიეროდ ყველა დანარჩენ პარტიას მოუწევს გაათმაგებული, გაასმაგებული მუშაობა იმისთვის, რომ ახალი ამომრჩეველი მოიზიდოს კი არა ვინც ყავდა ის ამომრჩეველი მაინც, რომ შეინარჩუნოს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო