პარლამენტში „აღსრულების კოდექსის“ პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში „აღსრულების კოდექსის“ პროექტის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 1999 წელს მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი მოძველებულია და თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. მისივე თქმით, აღსრულების სფეროში არ არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. როგორც სარჯველაძე განმარტავს, კანონში არასრულყოფილად არის ასახული სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა, აღსრულების ცალკეული სპეციფიური წესები, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების წესები; კანონმა დაკარგა ფორმა და სტრუქტურა, რაც ართულებს მის გამოყენებას როგორც აღმასრულებლების, ისე სააღსრულებო წარმოების მხარეთა მიერ.

ამდენად, “აღსრულების კოდექსის“ პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი გახდა აღსრულების სფეროში ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის - კოდექსის არარსებობა და ე.წ. შერეული სისტემის გამთლიანების აუცილებლობა.

“აღსრულების კოდექსის“ პროექტის მიხედვით, უქმდება “აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და “კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და აღსრულების სრულიად ახალი სისტემა ყალიბდება. პროექტის გათვალისწინებით, ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სსიპ-ი - აღმასრულებელთა პალატა იქნება, რომლის შემადგენლობაში ყველა აღმასრულებელი შევა. რაც შეეხება ცალკეულ აღმასრულებლებს, მათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, სამოქმედო ტერიტორია განესაზღვრებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა.

აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს შეინარჩინებს. მისი ძირითადი უფლებამსილება იქნება - აღმასრულებელთა საქმიანობაზე განახორციელოს მუდმივი დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზედამხედველობა, აღმასრულებელთა პალატისთვის/აღმასრულებლისთვის შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია სააღსრულებო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად.

პროექტით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას უზრუნველყოფს, ინსპექტორი ეწოდება. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეების აღსრულებისას ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღმასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა.

აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტუქტურული ერთეული იქნება. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

ამავე პროექტით, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 5-დან 2 წლამდე მცირდება. სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცვლება და ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის 5 წლით განისაზღვრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა