თეა ახვლედიანი - შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს

25 წლის განმავლობაში პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ცალსახად ადამიანზეა ორიენტირებული და უწყების ამოცანაა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობდეს იმავე შესაძლებლობებით, პროგრამებითა და სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის.

„შესაბამისად, მათზე ზრუნვა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი ამოცანა, ასევე, არის ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოების დაძლევა, ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ნდობის მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფით დონეზე კონფლიქტის მოგვარებისთვის.

დასახული ამოცანების მისაღწევად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ და დინამიურ ნაბიჯებს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, რაც შეძლებისდაგვარად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტიურად ყველა სფეროს - ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მიმდინარე ოკუპაციისა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ასევე ადგილზე განხორციელებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ვიყოთ კრეატიულები, გამოვნახოთ სტატუს-ნეიტრალური გზები და შევქმნათ უნიკალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გავუხსნათ სხვადასხვა შესაძლებლობებით სარგებლობის გზები.

სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ინიციატივის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ მიმართულებას: 1. ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ; 2. განათლების შესაძლებლობების განვითარება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; და 3. სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივება.

2019 წელს დასრულდა ინიციატივის ამოქმედებისათვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან. შედეგად, ცვლილება განხორციელდა 8 სამართლებრივ აქტში და მიღებული იქნა 5 სრულიად ახალი აქტი, რომლებიც ეხებოდა ინიციატივით გათვალისწინებული სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების დანერგვასა და ამოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების აქტიური მუშაობით განხორციელდა, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. თუმცა, იმავდროულად, ამ სიკეთეებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მექანიზმების შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან მოყოლებული შეიქმნა და ამოქმედდა ინიციატივით გათვალისწინებული სხვადასხვა ფინანსური და საგანმანათლებლო ინსტრუმენტი,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, უწყებამ მოახერხა სამშვიდობო ინიციატივის უნიკალური ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედება.

„ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ერთადერთი მიზანია მოემსახუროს ინიციატივის მიზნებს და გააუმჯობესოს ოკუპირებული რეგიონების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ გზით ფონდი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ეკონომიკურ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ფონდმა უკვე ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი და ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი 14 წარმატებული პროექტის დაფინანსება. აღნიშნული პროექტები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, ასევე წარმოებასა და პროდუქციის გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ნათლად ავლენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ მიერ საერთაშორისო დონორებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ფონდის საქმიანობაში კონტრიბუციის მზადყოფნა უკვე გამოხატეს გერმანიამ და შვეიცარიამ, თუმცა არიან რიგი სხვა დონორები, რომლებიც, ასევე, აპირებენ ფინანსური დახმარების გაწევას. საჯარო ფორმატი არ მაძლევს საშუალებას ღიად ვისაუბრო მათ შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, გადმოიტანონ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გასაყიდად და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის იმ მექანიზმებით, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც პოლიტიკური ნების გამოვლენისა და ხელსაყრელი გარემოს შექმნის პირობებში გააჩნია უდიდესი პოტენციალი გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა და გაუხსნას უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ რაოდენ დიდია ადამიანების ინტერესი და სურვილი ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში, რასაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აფერხებს მიმდინარე ოკუპაცია, დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და რუსეთის მიზანმიმართული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია ადამიანების დაშორიშორება და მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს