„ყველა ის მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია ISO-სა და HACCP-ის სისტემებთან, უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას“ – რა უნდა გააკეთონ საწარმოებმა ამ სტანდარტების დანერგვისთვის

საქართველოში, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა კანონით სავალდებულოა. შესაბამისად, საწარმოს თუ ეს სტანდარტი არ აქვს ან ამ მიმართულებით ეხლა იწყებს ბიზნეს, აქტიური მუშაობა მოუწევს მისი დანერგვისთვის. HACCP-ის სისტემა და ასევე ISO-ს სტანდარტი წლებია უკვე წარმოებაში დანერგილი აქვს სს „ნიკორას“ ქუდის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ბრენდს. სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს HACCP-ის და ISO-ს სტანდარტები წარმოებაში? რა ეტაპები უნდა გაიარონ მწარმოებლებმა და რამდენად უწყობს ხელს ამ სისტემების არსებობა კომპანიებს წარმოებული პროდუქციის ექსპორტში, „ბიზნესპრესნიუსი“ „ნიკორას“ ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ლეფსაია ესაუბრა.

- როგორც ვიცით, საქართველოში ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი კომპანიები ვალდებულები არიან, რომ წარმოებაში დანერგილი ჰქონდეთ HACCP-ის სისტემები. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რას ნიშნავს ეს და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული წარმოებისთვის ამ სისტემის დანერგვა?

- HACCP სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა 2019 წლის 26 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე, კერძოდ, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან გადამუშავებას, ვალდებულია დანერგოს HACCP სისტემა.

მსოფლიოს მასშტაბით HACCP წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ყველაზე ოპტიმალურ მექანიზმს, რომელიც საფრთხეების არიდებისა და პრევენციის საშუალებას იძლევა ნებიესმიერ ეტაპზე, რასაც გაივლის პროდუქტი ნედლეულიდან სავაჭრო ობიექტის დახლამდე. პროცესების რაციონალური მართვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მივიღოთ მაქსიმალური შედეგი და საუკეთესო პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ბიზნესოპერატორი, რომელსაც აქვს ამბიცია და სურვილი, აწარმოოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტი, უნდა ფლობდეს HACCP სისტემას საწარმოში.

- საინტერესოა, რა ეტაპები უნდა გაიარონ საწარმოებმა ამ სისტემის დანერგვისთვის?

- ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გაგიზიაროთ, რა ეტაპები უნდა გაიარონ საწარმოებმა ამ სისტემის დანერგვისთვის. სს „ნიკორა“-ს, რომლის ქუდის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა ბრენდები, ISO 22000, ISO 9001 სტანდარტები და HACCP სისტემა დანერილი აქვს 2008 წლიდან და სწორედ მასზე დაყრდნობით ვარეგულირებთ ნებისმიერ პროცესს ნედლეულიდან დაწყებული პროდუქციის სავაჭრო ობიექტში, დახლზე განთავსებამდე. ეს არის საფეხურეობრივი პროცესი, რომელიც გადის მუდმივ განახლებას ბაზარზე არსებული სიახლეების თუ საკანონმდებლო ცვლილებების ფეხდაფეხ.

ბიზნესოპერატორი, რომელიც აპირებს საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას საკუთარ საწარმოში, უნდა მოემზადოს, გაეცნოს სათანადო მოთხოვნებს და შესაბამისად მოაწყოს წარმოების პროცესი. სტანდარტის დანერგვაში დახმარება შეუძლიათ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე კონსალტინგ-ორგანიზაციებს, რომლებიც გაუმარტივებენ მეწარმეს სტანდარტის დანერგვა-მართვის პროცედურების გაწერას. სტანდარტის დანერგვა მუდმივად გადამოწმებას, პროცედურების გაახლებას მოითხოვს, რაშიც მეწარმეს სწორედ კონსალტინგი ეხმარება.

HACCP სისტემის დანერგვის საწყის ეტაპზე, პირველადი აუდიტის შედეგად გაიცემა რეკომენდაციები, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი ქმედებები მეწარმის მხრიდან, რაც შემდგომ გადამოწმდება და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თუმცა სერტიფიკატის მინიჭებით არ სრულდება პროცედურები. გარკვეული პერიოდულობით წარმოების კონტროლი გრძელდება, კერძოდ, ყოველწლიური გადამოწმებით კონსალტინგი ადასტურებს სერტიფიკატის ვალიდურობას, ხოლო რამდენიმე წელიწადში ერთელ ახორციელებს სერტიფიკატის განახლებას აუდიტის საფუძველზე. მთელი ეს ეტაპობრივი პროცესი ასახავს მეწარმე და კონსალტინგ-ორგანიზაციის ერთობლივ საქმიანობას, რაც საწარმოში ISO სტანდარტების დანერგვას და პროცესების მართვის გაუმჯობესებას ემსახურება.

- რამდენად შეუწყობს ხელს ISO-ს, ასევე HACCP-ის სისტემის დანერგვა ბიზნესს, რომ მათ შემდგომ ექსპორტიც განახორციელონ? რამდენად აუცილებელია ეს სტანდარტები საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის გატანისთვის?

- როგორც ISO სტანდარტი, ასევე HACCP სისტემა მეწარმეს აძლევს საშუალებას დაადასტუროს საკუთარი პროდუქციის სანდოობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, რის საფუძველზეც აქვს საკუთარი პროდუქციის გატანის შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე. უცხოეთში პროდუქციის გატანისას ბიზნესოპერატორს უწევს გაითვალისწინოს ექსპორტთან დაკავშირებული, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე მიმღები ქვეყნის დამატებითი მოთხოვნები. თუმცა მეწარმესთვის, რომელსაც დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტები, აღარ არის რთული დააკმაყოფილოს და გაითვალისწინოს ექსპორტის მოთხოვნები.

ჩვენ მაგალითხე გეტყვით - სულ ორიოდე წელია „ნიკორა“-ს წარმოებული ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ გადის აზერბაიჯანში, პროდუქციის გატანამდე გათვალისწინებული იქნა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ამ ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისიწინებს პროდუქციასთან მიმართებაში. ეს ერთგვარი საწყისი ეტაპია ჩვენი და ჩვენი მსგავსი ბიზნესოპერატორების საქმიანობის განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის.

- დაბოლოს, რას ურჩევთ იმ საწარმოებს, ვისაც არ აქვთ ეს სტანდარტები დანერგილი ან ახლა იწყებენ წარმოებას...

- ვურჩევდი, დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით. რეალურად ყველა ის მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია ISO-სა და HACCP-ის სისტემებთან, უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებასა და საერთაშორისო სტანდარტის მქონე პროდუქციის წარმოებას. დღეს, უკვე საკმაოდ მომზადებული, გათვიცნობიერებული და მომთხოვნია მომხმარებელი. სულ მცირე გადაცდომასაც კი მკაცრი კრიტიკით აფასებს, რაც მისასალმებელია და მეწარმე-მომხმარებლის ჯანსაღი ურთიერთობის ნიმუშია. ისევე, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ყოველი ბიზნეს ოპერატორისთვის უმთავრესი უნდა იყოს კმაყოფილი მომხმარებელი, რის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ აღნიშნული სტანდარტების დანერგვაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა