არჩილ თალაკვაძე - ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორსაა, რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენ უშუალო გარემოში

ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა, რომელიც „დედამიწის საათს“ მიეძღვნა, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ონლაინ დისკუსიის მონაწილეებმა კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დეპუტატები - ნოდარ ტურძელაძე, მარიამ ლაშხი და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

ემისიების შემცირება, წყლის რესურსების მართვა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ტყის რესურსები და მწვანე გარემო, ნარჩენების მართვა და ურბანიზაცია - ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც ონლაინ შეხვედრისას იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დეპუტატებმა ემისიების შემცირებასა და ეკოლოგიურად უფრო დამზოგველ ტრანსპორტზე, ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ლიდერთა სკოლის სტუდენტებს კითხვები ჰქონდათ ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების, ურბანიზაციის პროცესის, ელექტროტრანსპორტის წახალისების და გარემოს დაბინძურებაზე არსებული რეგულაციების შესახებ.

„ეს ის თარიღია, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ცივილიზებული საზოგადოება იკრიბება და განიხილავს, თუ რას მიაღწია კლიმატური ცვლილებების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ; რა გამოწვევებია ამ სფეროში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. საამაყოა, რომ თითოეული თქვენგანი ამ გლობალური დისკუსიის მონაწილეები ხართ“,- მიმართა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს არჩილ თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს