კასპის კოლეჯი  პირველ პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს

შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

კოლეჯის ინფრასტრუქტურის გასაცნობად და ადგილზე არსებული გამოწვევებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, კასპის კოლეჯმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორმა ჰანს-იურგენ კასენსმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა საბახტარაშვილმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თამარ ქიტიაშვილმა რეგიონის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აუცილებელია იმისთვის, რომ კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე.

„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, იმაზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო კარგი შედეგისთვის, ამისათვის გვაქვს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ბიზნესიდან და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - ევროპელი მეგობრებისაგან“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კასპის მსგავსად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ახალი კოლეჯების დაარსება, მათი მოდერნიზირება და მოწყობა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის საშუალება მსურველებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, შეიძინონ პროფესია, ჰქონდეთ კარგი შემოსავალი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მზად არის, მომავალშიც მხარი დაუჭიროს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს