ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2021

როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ არ მოხერხდა

რა საფრთხე გველის მესამე ტალღის შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე

დღეში 40-50 ლარად ხალხს სოფელში მუშაობა აღარ უნდა - მალე დადგება დრო, როცა უცხოელების ჩამოყვანა გახდება აუცილებელი

* * *

როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ არ მოხერხდა

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ განიხილება. ის ორი-სამი პუნქტი კი, რომელთან მიმართებაში მედიატორს წინადადები ჰქონდა, ნაწილზე პოზიცია უკვე დააფიქსირეს, ნაწილზე კი გუნდთან შეჯერდებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ არ მოხერხდა / “ჩვენს პარტნიორებს სურთ პარტიები ერთმანეთის მტრები არ იყვნენ და ის ენერგია, რაც შიდა პარტიულ კინკლაობაზე იხარჯება, ქვეყნის განვითარებისკენ იყოს მიმართული”.

“ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ წინადადებს დანიელსონის მხრიდანაც. თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები. არის ერთი-ორი ნიუანსი და დეტალი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება. ამასაც დავაზუსტებთ და ამის შესაბამისად დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ალბათ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები და ჩვენ პოზიციებს გავაცნობთ პარტნიორებს”, - განაცხადა კობახიძემ. ვადამდელი არჩევნები გამორიცხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით ვადამდელი. არჩევნების საკითხი დახურულია, პოლიტპატიმრები კი ქვეყანაში არ არსებობენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად “ოცნებამ” პირადი ინტერესები უნდა დაივიწყოს და სახელმწიფოებრივად იფიქროს, თავად კი იმსჯელებენ იმ გზებზე, როგორ მივიდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და ახალ არჩევნებამდე...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსები მოლაპარაკების მეორე რაუნდიდან დადებითს არაფერს ელიან და ფიქრობენ, რომ ამჯერადაც მხარეები ვერ მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას. როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, წითელი ხაზები ისევ ადგილზეა და თუ ორივე მხარე იმავე პოზიციებს შეინარჩუნებს, შედეგის მიღწევის იმედი არა აქვს. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ევროპელების ჩართულობით ეს მოლაპარაკებაც თუ ჩავარდება, მედიაციის საკითხში შეიძლება ამერიკა ჩაერთოს”, -დასძენს გამოცემა.

“თუ გადავხედავთ ორივე მხარის რიტორიკას, წითელი ხაზები ისევ ადგილზეა. თუ იგივე პოზიციებს შეინარჩუნებენ მხარეები, ძნელია თქვა, რომ შედეგს მივაღწევთ, რადგან ორივე მხარე აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს. თუ მეორედაც ჩავარდება მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპელების ჩართულობით, ის ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი ევროპას საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემების გაგონებაც აღარ მოუნდეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა კრიზისი განემუხტათ. ჩვენს პარტნიორებს სურთ, პარტიები ერთმანეთის მტრები არ იყვნენ და ის ენერგია, რაც შიდა პარტიულ კინკლაობაზე იხარჯება, რეფორმებისა და ქვეყნის განვითარებისკენ იყოს მიმართული. თუ ევროპამ დაინახა ამ კუთხით რაღაც შეხების წერტილების არსებობს, არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და მედიატორები მესამედაც ჩამოვიდნენ საქართველოში. მაგრამ ვერანაირი მედიაციამ ვერ გვიშველის, პოლიტიკურმა კლასმა თუ არ აჩვენა შედეგი, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა, მიუხედავად განსხვავებული აზრისა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ვფიქრობ, რომ დანიელსონის ჩამოსვლა ნაადრევი იყო, რადგან ოპოზიციას სჭირდებოდა დრო, რათა სწორად შეეფასებინა სიტუაცია. ვნახოთ, რა მოწოდებები იქნება მისი მხრიდან. არა მგონია, რომ მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში ევროპამ ხელი ჩაიქნიოს, რადგან მათი ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია, რაც გეოპოლიტიკურ ვიტარებას უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რო მედიაციაში აშშ ჩაერთოს, თუმცა შეეცდება, რომ მედიაციის პროცესი ევროპამ მიიყვანოს ბოლომდე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

რა საფრთხე გველის მესამე ტალღის შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე

“60%-იანი გეგმა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის მასობრივ აცრას გულისხმობს, იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ დღიური ვაქცინაციის ტემპი მაქსიმალურად დაჩქარდება. კორონავირუსის ვაქცინაცით აცრილი მოსახლეობის რიცხვი კი დღევანდელი მონაცემებით 4924 -ს შეადგენს, ხოლო ბოლო 24 საათში 70 ადამიანია აცრილი. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი დასაჩქარებელია, რადგან ამ ტემპით სახელმწიფოს წლის ბოლომდე 60%- იანი გეგმის შესრულება გაუჭირდება. ზოიძის “რეზონანსს” ასევე იმ რისკებზეც ესაუბრა, რომელიც შესაძლოა ვირუსის მესამე ტალღამ გამოიწვიოს”, - წერ გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხე გველის მესამე ტალღის შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე.

“ვაქცინაციის პროცესის ტემპი ძალიან უნდა დავაჩქაროთ, თუ გვინდა, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 60%-იანი გეგმა შევასრულოთ წლის ბოლომდე. სერიოზულად არის დასაგეგმი საინფორმაციო კამპანიების ჩართულობა საზოგადოებისთვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის მისაწოდებლად. იმედს გვაძლევს ის, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის მსურველი 9 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ჩაეწერა, 14 ათასმდე ადამიანს კი, დაჯავშნილი აქვს ფაიზერის აცრა, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანი მაინც დღიური რიცხვია, რომელიც მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. მასობრივი ვაქცინაციის გეგმა დასახული ივნისში იყო და იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის საზოგადოებაში სრული მზაობა იქნება. მესამე ტალღას ნამდვილად ცუდი შედეგები ექნება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავიცავთ რეგულაციებს, რათა ხელი არ შევუწყოთ ვითარების გაურესებას. თუ მესამე ტალღა დაიწყება, ის ისევე დააწვება ჯანდაცვის სექტორს, ეკონომიკას, როგორც ნოემბერ-დეკემბერში იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“შეიქმნება ძალიან მძიმე ვითარება და თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ - ჩვენ ვირუსით ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური აფეთქება თავიდან ავირიდოთ. მოვუწოდებ ყველას, რომ რეგულაციები დაიცვან, ატარონ პირბადე, შეინარჩუნონ დისტანცირება. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მხრივ სავაჭრო ცენტრებში და ბაზრობებზე უნდა განხორციელდეს”, - დასძენს ზოიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს უკვე აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო პირი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე, ჯამში ვაქცინით 4924 ადამიანია აცრილი, ხოლო ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 14 ადამიანი...” - წერს სტატიის ავტორი.

დღეში 40-50 ლარად ხალხს სოფელში მუშაობა აღარ უნდა - მალე დადგება დრო, როცა უცხოელების ჩამოყვანა გახდება აუცილებელი

“საქართველოს რეგიონებში მუშახელის სერიოზული დეფიციტია. მაშინ, როცა სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, 100 ათასამდე ადამიანი მზადაა, გერმანიაში სამუშაოდ გაიქცეს, სამშობლოში მუშაობის სურვილი მოქალაქეებს თითქმის აღარ აქვთ. ამ დროს არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა თვეში, საშუალოდ, 1200 ლარი გამოიმუშავონ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს და ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ასეთ დროს, არ არის გამორიცხული, მათი ადგილი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიკავონ, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერი გასამრჯელოს ფასად იმუშაონ საქართველოში. მომავალში ამგვარი საფრთხე საკმაოდ მაღალია. როგორც აღმოჩნდა, არის სოფლები, სადაც მუშახელის ლოდინს, მოსახლეობის სიმცირის გამო, შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს. ზოგ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ხალხი სამეურნეო სამუშაოს შესრულებას გაურბის. დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 30 ლარია, მაქსიმალური კი - 50 ლარი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეში 40-50 ლარად ხალხს სოფელში მუშაობა აღარ უნდა / მალე დადგება დრო, როცა ადგილობრივების ინერტულობის გამო, უცხოელების ჩამოყვანა გახდება აუცილებელი.

“შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს. თერჯოლის მკვიდრი ვახო ქავთარაძე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა და მიღებული ჯამაგირი მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. ამჟამად მას საკუთარი სოფლიდან გასვლა სამუშაოს შოვნის მიზნით არ უწევს, რადგან ფიქრობს, რომ გაწეული შრომა ანაზღაურებას არ შეესაბამება. “შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და 25 ლარზე მეტი ვერ მიიღო. თუმცა სამეგრელოში მუშაობა უფრო სარფიანია, სეზონზე შეიძლება თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებში დასაქმდე. მთავარია, მოსავალი იყოს. შარშან ფაროსანას გამო სამუშაოდ ვერ წავედი, მაგრამ წინა წლებში სისტემატურად ჩავდიოდი. ახლა მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლო-მახლო სოფელში ვიმუშაო, თუკი საქმე გამომიჩნდება. სახლ-კარს თვეობით ვშორდები და ვერ ვიღებ იმდენს, რომ ოჯახი ყველანაირად დავაკმაყოფილო”, - თქვა იმერელმა გლეხმა. გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრებ დავით ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 35-50 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა. ხალხი სოფლებიდან გაიქცა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ევროპაში წავიდა სამუშაოდ, უმეტესობა კი თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადის. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს. სოფელი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს”, - უთხრა “რეზონანსს” გურულმა გლეხმა. გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გივი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ აუვიდოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო საქმეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 30-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ცოტა არ არის, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს”, - აღნიშნა გივი მდივნიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სეზონური დასაქმების მეტი შესაძლებლობაა, როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მუშახელის სიმცირე აქაც შესამჩნევია. ხალხი კახეთში ძირითადად სხვა რეგიონებიდან ჩადის, განსაკუთრებით, დასავლეთიდან. წინანდალელი ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად სამუშაო ძალა ადგილზე არასაკმარისია”, - დასძენს გამოცემა.

“2 წლის წინ ვენახში მომუშავეებს 40 ლარს ვუხდიდი, შარშან მეტიც შევთავაზე, მაგრამ ხალხი ვერ ვიპოვე. კახეთის შემთხვევაში სეზონური დასაქმების პრობლემა იმან გამოიწვია, რომ ხალხმა ქარხნებს მიაშურა. ამდენად, ყველა, ვინც დღიურ მუშახელად ითვლებოდა და დადიოდა ვენახებში, ქარხნებშია დასაქმებული. ახლა რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, ვერავის დაიქირავებ. ამიტომ ბოლო წლებში ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს, ყველაზე მეტად სამეგრელოდან და იმერეთიდან, სხვადასხვა სეზონზე არიან დასაქმებულები და ნორმალურ გასამრჯელოსაც იღებენ, მინიმუმ 50 ლარს დღეში”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. სპეციალისტები სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანური რესურსების სიმცირეს ასახელებენ. როგორც აგროექსპერტი პაატა აროშიძემ “რეზონანსთან” აღნიშნავა, გარდა იმისა, რომ კონტინგენტის სიმცირეა, არსებობენ პროფესიები, რომლის მცოდნე კადრი საქართველოში საერთოდ არ იძებნება. სადაც მუშახელი მეტ-ნაკლებად არის, იქაც კი კვალიფიკაციის დიდი პრობლემაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“შარშან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ გადარჩენა იყო სოფელში და გარბოდნენ, პროგრამებიც შემუშავდა, მაგრამ წელს ხალხი პანდემიურ სიტუაციას შეეგუა. სოფლად არ მიდიან იმის გამოც, რომ ურჩევნიათ, ქალაქად იცხოვრონ, ვიდრე იშრომონ, დახარჯონ ენერგია და მიიღონ შემოსავალი. გერმანიაში თუ საქართველოში, აგრარულ სფეროში შრომა ყველგან რთულია. აქ კი სტიმულიც ნაკლებადაა, მით უმეტეს, თუ ადამიანი სოფელში არ ცხოვრობს. კვალიფიკაცია კი დასაქმების ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სასწავლებლების უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს. ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პარალელურად ეს მიმართულებაც განვითარდეს. სასურველია, რომ სწორედ სოფლად ცხოვრებასთან დაკავშირებული პროფესიები ფინანსდებოდეს. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობას დიდი პერსპექტივა აქვს და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობაც მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“ამასობაში სოფლის როლი კნინდება და დოვლათი არ იქმნება. ასე თუ გაგრძელდა, ცხადია, სამუშაო ძალა ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოვა და ეს პროცესი ნამდვილად არ იქნება სახარბიელო”, - დაასკვნის ექსპერტი. რაც შეეხება თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველებს, ცხადია, იქ დიდი მოთხოვნაა იაფ მუშახელზე, მაგრამ პანდემიის დროს მოწვევის მიღება უკვე მთავარი დაბრკოლებაა. ეს გახდა მიზეზი, რომ 2020 წელს, საბუთების უქონლობის გამო, დასაქმების მსურველი ყოველი 10-დან 8 ადამიანი ქვეყნიდან ვეღარ გავიდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა