ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამწუხაროდ, უარესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, რამაც შესაძლოა, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

გამყრელიძე პრევენციული ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მოქალაქეებმა პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის და თავშეყრების თავის არიდების რეკომენდაციები დაიცვან.

„ეპიდსიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამწუხაროდ, უარესდება. ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესდა. დღეს გვაქვს ახალ შემთხვევათა რაოდენობა 673. ქვეყანაში ჩატარებულია დაახლოებით, 31 ათასამდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია, დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა, დღიური 2,19%-მდე, თუმცა 14-დღიანი გვაქვს 1,69; 7-დღიანი - 1,60. მარტის მთლიანი დადებითობის პროცენტი არის 1, 63; ბოლო 30 დღის 1,6. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე თებერვალში გვქონდა და კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო 2 კვირაში გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. ბოლოს 600-ზე მეტი შემთხვევა თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა! ბინაზე და საავადმყოფოებში დღევანდელი რიცხვით 4447 პირია და თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. გუშინ გვქონდა სიკვდილიანობის მატება, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში სიკვდილიანობის დინამიკა კლებისკენაა. დღეს გვქონდა 8 შემთხვევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლის გამოსავალი, გარდა პრევენციული ღონისძიებების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისა, არ არსებობს.

„როგორც აგვისტოში, ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, გამეორდეს იგივე, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყოს. ამიტომ ყველას გთხოვთ, განსაკუთრებით ტელევიზიებს, რომ მეტი მოწოდებები გავაკეთოთ და ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას თუ რას ნიშნავს პრევენციული ღონისძიებები. ერთის მხრივ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება - სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა