ირაკლი კობახიძე - დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას

რადიკალური ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო. ამგვარი მოქმედებებით სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ზიანს მიაყენებენ არა ქართულ დემოკრატიას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს, - ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიცავდა არანაირ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე, შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ არჩევნების რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება „ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.

„როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა პირობების ძალზე ფართო პაკეტი და ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა - მათ უარი უნდა ეთქვათ სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. თუმცა, ოპოზიციამ უარი უთხრა შეთანხმებაზე როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რადიკალური ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო. ამგვარი მოქმედებებით სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ზიანს მიაყენებენ არა ქართულ დემოკრატიას, არამედ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს.

გამოვთქვავთ მზადყოფნას, ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და საკუთარი პასუხისმგებლობით განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამისთვის ყველა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიისათვის პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ. ყველა ჩვენი ნაბიჯი მომავალშიც ამ სულისკვეთებით იქნება განსჭვალული.

ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის და გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც აფასებს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საქართველოს მოსახლეობა. წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ბატონმა დანიელსონმა მხარეებს წარმოუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. იმთავითვე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არანაირ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნების რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პუნქტები განიხილა.

"ბატონი დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა საკითხზე, პირველი ეს არის საარჩევნო რეფორმა, კერძოდ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, რაშიც შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისებრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის 8 წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა, საარჩევნო უბნების გარშემო 100 მეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ. ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან შეთანხმების გარეშეც განახორციელებს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა რასაც ვიღებთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი არის სასამართლო რეფორმა. ბატონი დანიელსონის დოკუმენტი ასახავდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე „ქართული ოცნება“ იღებდა პასუხისმგებლობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს კანონი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და მასაც მივიღებთ საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე. „ქართული ოცნება“ ასევე იღებდა პასუხისმგებლობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე, რაზეც ასევე ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით. საბოლოოდ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლა და დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების ,დაგეგმვა-გატარება, რასაც ასევე გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით და არ გვჭირდება შეთანხმება ოპოზიციასთან.

ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას. 20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიცის მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც ნიკა მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერასდროს გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს, შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის შესაფერისი პასუხი გასცა, შესაბამისად ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს, თუმცა ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ.

დოკუმენტის ბოლო პუნქტი ეხებოდა ოპოზიციის აღჭურვას ქმედითი პოლიტიკური ბერკეტებით. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას შევთავაზეთ სხვადასხვა ინსტრუმენტის განხილვა, მათ შორის ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის 7-დან 4 დეპუტატამდე შემცირება, რაც 5 ოპოზიციურ პარტიას ფრაქციების შექმნისა და შესაბამისი ბერკეტებით სარგებლობის შესაძლებლობას მიანიჭებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს