სალომე სამადაშვილი - ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ მედიატორის გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს ამ მოლაპარაკებებს, ან გააგრძელებს თუ არა

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ჩვენ რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხედით, ეს უკვე არის კომპრომისი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, ხელისუფლება როგორც მონათა ბაზარზე, ისე ვაჭრობს ადამიანების თავისუფლებით.

„ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ევროპარლამენტის წევრების განცხადებას, განსხვავებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის 7 ადამიანის განცხადება. კარგად გვესმის, როცა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო ასაბლეის თანათავმჯდომარე, ფაქტობრივად, ყველა ადამიანი, ვინც ევროპარლამენტში აქტიურად მუშაობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე რაიმე განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან საყურადღებო განცხადება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი პარტნიორები გარკვეულწილად გაწბილებულები არიან, რომ შეთანხმება ვერ შედგა, გასაგებია მათი პოზიცია, რომ ორივე მხარეს მოუწოდებენ შეთანხმებისთვის, მაგრამ იმავე განცხადებაშივეა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი რეაქცია და ჩვენი პასუხი ამაზე არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ კარგად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს სამადაშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არანაირი შეთანხმება არ უნდა სჭირდებოდეს. სამადაშვილის თქმითვე, მათი მხრიდან იმისთვის მზაობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს კონსენსუსით მიაღწიონ, არის.

„პოლიტპატიმრების თემა ვფიქრობ, მათთვის სრულიად გასაგებია. ყველაზე მარტივი მექანიზმი გიორგი რურუას გასათავისუფლებლად ეს არის შეწყალების მექანიზმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებს მხარეებს შეთანხმდნენ, კონსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც მის ხელშია, არ იყენებს იმისთვის, რომ თუნდაც, ერთი საკითხი - გიორგი რურუას გათავისუფლების თემა დაიხუროს. თუ მისი შეწყალება ვერ ხერხდება, ჩემი წინადადება იყო, 20 ივნისის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ამნისტია შეეხება ორივე პოლიტპატიმარს - ნიკა მელიას და გიორგი რურუას, რაზეც ჩვენ არ მიგვიღია პოზიტიური პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. მათი პოზიცია იყო, რომ გიორგი რურუას საქმეს კავშირი არ აქვს 20 ივნისის მოვლენებთან. ძალიან აშკარაა უკვე, რომ მართლა, როგორც მონათა ბაზარზე, ისე ვაჭრობს ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლით და ადამიანების თავისუფლებით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგებია და მიუღებელია. პოლიტპატიმრები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. ის, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ ქვეყანაში და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხედით, ეს უკვე არის კომპრომისი. რა სავაჭრო თემაა ადამიანების დაპატიმრება და მათი ციხეში ჩაყრა, პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში და საერთოდ, არანაირი შეთანხმება არ უნდა სჭირდებოდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, უკვე გათავისუფლებული უნდა იყვნენ რეალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ვაჭრობენ ადამიანების თავისუფლებით და ამას ყველა ხედავს, სულელი არავინაა. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მაგრამ ყველანაირი მზაობა არის იმისთვის, რომ მოიძებნოს ამ პოლიტიკური კრიზისიდან კონსენსუსით გამოსავალი“, - აცხადებს სამადაშვილი.

ის ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სწრაფად ჩაინიშნა.

„მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ჩემი აზრით, შეიძლება ძალიან სწრაფად ჩაინიშნა, რადგან იმისთვის, რომ შედეგი მიიღო, მათ შორის, პოზიციებს შორის წინასწარი დაახლოება უნდა იყოს. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო უფრო გრძელი პაუზა აგვეღო მედიაციის პროცესში და მეტი დრო დახარჯულიყო იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვებულიყო, ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ მედიატორის გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს ამ მოლაპარაკებებს, ან გააგრძელებს თუ არა“, - აცხადებს სამადაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა