რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის რეაბილიტირებული დარბაზი და ლიტერატურული სკვერი გაიხსნა

რუსთავში ორი რეაბილიტირებული კულტურული სივრცე გაიხსნა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელის საკონცერტო დარბაზი და ლიტერატურული სკვერი, ქართველმა პიანისტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს. სტუმრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურამ დოჩანაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას.

ღონისძიებას პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ელისო ბოლქვაძემ, ლიტერატურულ სკვერში, სიმბოლურად ხის ნერგი დარგო.

,,მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, მთლიანად გადართულები ვართ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ყველაზე მეტად სწორედ კულტურას გაუჭირდა. დღევანდელი დღე, იძლევა იმედს, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ხელოვნება და კულტურა არის ჩვენი ქალაქის ნომერ პირველი პრიორიტეტი. დღეს, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, ახალ რუსთავში გავხსენით ძალიან ლამაზი ლიტერატურული სკვერი და სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ევროპული, თანამედროვე და კომფორტული სივრცეა და საშუალებას მოგვცემს ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი გავმართოთ, კიდევ უფრო გამოვაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება რუსთავში“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების სასწავლებელში შეკრებილმა საზოგადოებამ, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც იმსჯელა.

როგორც ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, სიტუაციის შესწავლა ზედმიწევნითაა საჭირო და არა ზერელედ.

,,უნდა შევისწავლოთ სიტუაცია და კულტურის სამინისტროსთან კოორდინირებულად უნდა მომზადდეს რეფორმა, რადგან აუცილებელია მხარი ავუბათ თანამედროვე მოთხოვნებს კულტურაში. კულტურის კომიტეტის ნომერ პირველი ამოცანა, სწორედ ეს იქნება შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში. როცა ასეთი ტრადიციების მატარებელ ქალაქში, ასეთი არაჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზის განახლება ხდება, ეს არის დასაწყისი იმ საინტერესო მუსიკალური ცხოვრებისა, რომელიც აუცილებლად ელოდება რუსთავს მომავალში. იმედია, პანდემია უკან დაიხევს და მე აუცილებლად გავმართავ სოლო კონცერტს რუსთაველებისთვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. ქალაქის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს უკვე ხელოვნების სასწავლებლის სტატუსს ატარებს, ერთ-ერთი ისტორიული დანიშნულების შენობაა რუსთავში და უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია, მისი გახსნის დღიდან პირველად განხორციელდა. დარბაზის გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლებლის ფოიეში, მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ჩატარდა შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელიც. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და ქალაქის მერია უახლოეს მომავალში შენობის ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებსაც დაიწყებს.

,,ორი ძალიან ლამაზი კულტურული სივრცე გავხსენით დღეს რუსთავში. ეს არის ხელოვნების სასწავლებელი, რომელიც რუსთაველებისთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და ლიტერატურული სკვერი, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციითაა შექმნილი. რეკრეაციულ სივრცეში განლაგებულ სკამებს ქართული ანბანის ფორმა აქვს მიცემული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარა და მიხარია, რომ პანდემიის პირობებში შევძელით და პროექტები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის განვახორციელეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 000 ლარით, ხოლო ლიტერატურული სკვერი, რუსთავის ბიუჯეტიდან, კიდევ ორ მინი რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 151 000 ლარით დაფინანსდა.

2021 წლისთვის რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა