გასული 48 საათის განმავლობაში, მოსახლეობის საკმაო რაოდენობის გადამოწმება მოხდა, რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა განაცხადა.
მამუკა საღარეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება.
,,რეგიონის სამ ლოკაციაზე, კასპის მუნიციპალიტეტში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე სადღეღამისო კონტროლი ხორციელდება, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტარდება ტესტირებაც. პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდკვლევები. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, ამ ეტაპზე, შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ყველა არსებულ რეკომენდაციას და დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ გახდება", - განაცხადა საღარეიშვილმა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან, 23 შიდა ქართლში დადასტურდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში 2 აპრილიდან გამშვები პუნქტები მოეწყო.