ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2021

ახალი შტამი, 10 კლასტერი და ერთი ახალი შეზღუდვა - რა ელის საქართველოს უახლოეს დღეებში

დაბნეულობა ოპოზიციაში - ვაშაძე მოლაპარაკების ახალ რაუნდს აანონსებს, თუმცა “ნაცმოძრაობაში” ამაზე არაფერი იციან

რას ამბობენ “ოცნებაში” პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე

* * *

ახალი შტამი, 10 კლასტერი და ერთი ახალი შეზღუდვა - რა ელის საქართველოს უახლოეს დღეებში

“საქართველოს პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა. 6 აპრილს ნახტომისებურად გაიზარდა ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი კი კრიტიკულ ნიშნულს - 3%-ს ასცდა. ყოველივე ამის ფონზე ხელისუფლებაში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებასა და ახალი შეზღუდვების შემოღებაზე ალაპარაკდნენ. ერთი ახალი შეზღუდვა კი, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება, უკვე ოფიციალურად დასახელდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი შტამი, 10 კლასტერი და ერთი ახალი შეზღუდვა - რა ელის საქართველოს უახლოეს დღეებში.

“სამშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დადებითობის მაჩვენებელი 3.65% გახდა. გასულ ზამთარში, განსაკუთრებით კრიზისული პერიოდის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ შეზღუდვების გაუქმება მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუკი გრძელვადიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალი იქნებოდა. ახლა, როდესაც ეს მაჩვენებელი იმატებს, ხელისუფლებაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ დაწყებულია მუშაობა მოქმედი რეგულაციების გამკაცრებასა და ახალი რეგულაციების შემოღებაზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუანიას თქმით შეზღუდვების გამკაცრება, საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული. “თუ ვირუსით ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება, უკვე დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოვებული პროგრამა, როგორც ბიზნესგარემოში, ასევე უკვე დასახლებულ პუნქტებში, სადაც ვირუსის ზრდა ფიქსირდება. მთავარია, რომ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით შევასრულოთ”, - ამბობს გაბუნია. რაც შეეხება ეპიდემიის მესამე ტალღას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა სტრესულ გარემოს, რომელიც ქვეყანაში პიკურ პერიოდში იყო, “სამედიცინო სფერო ძალიან რთულად გადაიტანს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ ნოემბერსა და დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე მზად არის პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები, მაგრამ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, ძალიან რთულად გადაიტანს. გვესმის უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა შემთხვევების ესკალაცია არ მივიღოთ. ტექნიკური მზაობა არის, მაგრამ დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება”, - ამბობს თამარ გაბუნია. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის აზრით, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დღესასწაულების ჩატარება და დიდ სუფრებზე ხალხის შეკრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტერის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით კი ქვეყანაში უკვე 10-მდე კლასტერი ჩამოყალიბდა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოგეხსენებათ, წინა კვირებში დადებითობის მაჩვენებელი 1.94-2.32% -ს შეადგენდა. ახლა, როდესაც 3.65% დაფიქსირდა, ეს უკვე განგაშის საფუძველს გვაძლევს, ამ ეტაპზე ჩანს აუცილებლობა არსებული შეზღუდვებისა და კონტროლის გამკაცრების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდვები გავამკაცროთ სხვადასხვა თავყრილობების ჩატარების კუთხით. ასევე უნდა გავამკაცროთ ღამის გაადგილების შეზღუდვა, რაც მობილობას კიდევ უფრო მეტად დაწევს. ეს ის ორი შეზღუდვაა, რომელთა გამკაცრებაც აუცილებელია. გარდა ამისა, ასევე სამსჯელოა სხვა ღონისძიებებიც, რადგან ფაქტობრივად ჩვენ ორი კვირის დადებითობა საგრძნობლად გავაუარესეთ. ამავდროულად ქვეყანაში უკვე 10-მდე კლასტერის ჩამოყალიბება შეინიშნება, რაც ზრდის ვირუსის შიდა გავრცელების საფრთხეს. შესაბამისად, ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი და დამატებული იქნეს საკითხი აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული ცვლილებებისა რეგულაციებში, რომელზეც მსჯელობაც უკვე დაწყებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

“სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის ზრდის ტემპის ფონზე უახლოესი დღეებიდან შეზღუდვები იმოქმედებს სახლებისა და სოციალური ღონისძიებებისთვის გასაქირავებელ ფართებზე, ხოლო შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება”, - დასძენს გამოცემა.

“მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული. იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით თავს დაიზღვევს და მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა ფერაძე.

“ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბოლო პერიოდში მასშტაბური ღონისძიებები იმართებოდა, სადაც 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების კუთხით მნიშვნელოვნად იწვევდა ინფიცირების მაჩვენებლის მატებას”, - თქვა ფერაძემ. საკითხზე, თუ რამდენად არის აუცილებელი დღევანდელი ეპიდვითარების ფონზე ახალი შეზღუდვების შემოღება და უკვე მოქმედის გამკაცრება, “რეზონანსი” ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს ესაუბრა. მისი თქმით, მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც უფრო მარტივად ვრცელდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ დადებითობის მაჩვენებელმა არ დაიკლო, მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა გამოსავალი აღარ დარჩებათ და შეზღუდვების გამკაცრებას დაიწყებენ. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან არსებულ ვითარებას, ატარებენ პირბადეს და მაქსიმალურად შეზღუდავენ თავშეყრის ადგილებში ყოფნას. ახალი შტამის პირობებში, რომელიც შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობასაც მარტივად აინფიცირებს, საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციებზე. თუ რა ფორმით მოხდება აღკვეთა, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩუმად ხდება შეკრებები და სხვადასხვა ღონიძიებები ტარდება, რაც დაუშვებელია. ვფიქრობ სახელმწიფო და პოლიტიკოსები მაგალითი უნდა იყვნენ დანარჩენი მოსახლეობისთვის. კადრები, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი რეგულაციას არღვევს, მოსახლეობაში პროტესტის განცდას იწვევს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რეგულაციები ყველაზე ვრცელდება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

დაბნეულობა ოპოზიციაში - ვაშაძე მოლაპარაკების ახალ რაუნდს აანონსებს, თუმცა “ნაცმოძრაობაში” ამაზე არაფერი იციან

გიორგი ვაშაძის განცხადება ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ახალი შეხვედრის დანიშვნის შეთანხმებაზე მას ინფორმაცია არ აქვს. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ხოლო შეხვედრაზე სასაუბრო თემა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებმადე მისასვლელი გზა იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაბნეულობა ოპოზიციაში - ვაშაძე მოლაპარაკების ახალ რაუნდს აანონსებს, თუმცა “ნაცმოძრაობაში” ამაზე არაფერი იციან.

“ვითარება არის ჩიხური, თუმცა მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდის დრო. ვფიქრობ, რომ არსებული შეთანხმების დოკუმენტში უნდა დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებმადე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. ეს გზა არსებობს”, - ამბობს გიორგი ვაშაძე. “ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ვაშიძის მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე არაფერი იციან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რატომ გააკეთა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეუთახმებლად აღნიშნული განცხადება. “ჩემთვის არ არის ცნობილი რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში. რატომ აკეთებს ვაშაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეუთანხმებლად ასეთ განცხადებებს, არც ეს ვიცი”, - ამბობს სამადაშვილი. თავად ვაშაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ განცხადება მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების საფუძველზე გააკეთა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ შეთანხმება გაიმართება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ალბათ. ჯერ დაზუსტებული არ არის შეხვედრის დეტალები. მე ვფიქრობ, თუ გაიმართება შემდგომი რაუნდი, წინასწარ მოსამზადებელი სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. მე დიპლომატიურ კორპუსთან მაქვს გარკვეული სახის კომუნიკაცია ამ მიმართულებით და მათთან ერთად ვაპირებთ, რომ ჩამოვყალიბდეთ რა გზით განვაგრძობთ სვლას. უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა და ევროპული მხარდაჭერის დაკარგვა ძალიან მძიმე დარტყმა იქნება საქართველოსთვის, განსაკუთრებით თუ ფინანსური სანქციები დაგვიწესეს. შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში “ქართული ოცნების” და შემდგომ ოპოზიციის მხრიდანაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.

“უახლოეს დღეებში მე მექნება ეს კომუნიკაციები და უფრო თვალსაჩინოდ დავინახავ გამოსავალს. რეალურად ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი და შეთანხმების გარკვეული რესურსი დარჩენილია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ”, - დასძენს ვაშაძე და შეკითხვაზე - “რამდენად ერთსულოვანია ოპოზიცია თავის მოთხოვნებში და რამდენად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი პარტია პარლამენტში შესვლას ვადამდელ არჩევნების საკითხში ხელისუფლების დათმობის გარეშეც დათანხმდეს?” - პასუხობს:

“ჩვენ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შევთანხმდით ერთგვარ ჩარჩოზე, რომელსაც ვერ გადავალთ, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს “ოცნებას”. ვნახოთ რა იქნება. მე მაქვს იმედი, რომ შეთანხმება შედგება და თუ უახლოეს მომავალში ისევ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, სავარაუდოდ ეს ისევ დასავლელი მედიატორების თანდასწრებით მოხდება, თუმცა წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო”.

რას ამბობენ “ოცნებაში” პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე

“ქართულ ოცნებაში” გადაჭრით უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველ პარტიაში საკადრო გადაადგილებები იგეგმება, რომლის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ამბობენ “ოცნებაში” პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე.

“ქართული ოცნების” წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური “რეზონანსთან” საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ პარტიაში არავითარი რღვევა არ შეინიშნება. “ამ საკითხთან დაკავშირებით მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ და არც მსგავსი რღვევის ნიშნები არ მინახავს პარტიაში, ვერც კი ვისაუბრებ ამ საკითხზე”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს არის იაფასიანი ჭორები. საიდან მოიგონეს ეს ყველაფერი, არ ვიცი. ბ-მა კახი კალაძემ თვითონ გააკეთა განცხადება. ის იყო შეუძლოდ, ახლა გამოვიდა საავადმყოფოდან და გააკეთა კომენტარი, რომ როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება, დაუბრუნდება თავის საქმიანობას. რაც შეეხება იმას, რომ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლებას ცდილობს, რასაკვირველია სრული სიცრუეა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ყველამ ვნახეთ მისი განცხადება ამის შესახებ, ის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის სიცრუე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ალუდა ღუდუშაური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა