ირანის ელჩი - მაშინ, როდესაც პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს მიმოსვლის ნებართვა ეძლევათ, ირანელები ასეთ შესაძლებლობებს მოკლებულნი არიან, ამგვარი მიდგომა კითხვებს აჩენს

მაშინ, როცა პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს მიმოსვლის ნებართვა ეძლევათ, ირანელები ასეთ შესაძლებლობას ამ დრომდე მოკლებულნი არიან; ამგვარი მიდგომა კითხვებს აჩენს ირანულ საზოგადოებაში და ამის შესახებ ჩემგანაც ითხოვდნენ პასუხს; მე განვუმარტე, რომ მიზეზები ჩემთვისაც ბუნდოვანი და გაუგებარია,- ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა აქბარ ყასემ ალიაბადიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ელჩის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ირანსა და საქართველოს შორის ადამიანური ურთიერთობები შენელდა და ნაწილობრივ უკუსვლით წავიდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კოვიდ პანდემიაა, არის სხვა მიზეზებიც, რაც მისთვის ბუნდოვანია. ამასთანავე, აქბარ ყასემ ალიაბადი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, საკმაოდ დიდი პოტენციალია ტურიზმის მიმართულებით, ორ ქვეყანას შეუძლია განავითაროს ეს მიმართულება, მათ შორის, რელიგიური და სამკურნალო ტურიზმი და სხვ.

ზოგადად, ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, მით უფრო, რომ საერთო გეოგრაფიულ არეალში ვცხოვრობთ. ბოლო 2 წელია ეს ურთიერთობები გარკვეულწილად შენელებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზი კორონა ეპიდემიაა, თუმცა სხვა მიზეზების ზუსტი ახსნა მიჭირს, რადგან ეს მიზეზები გარკვეულწილად ჩვენთვისაც გაუგებარია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სხვა მეზობლებს უფრო მეტად მიეცათ მიმოსვლის შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის, ვიდრე ირანს, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტიური ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან. არაერთი ირანელი მეკითხება, რატომ არის ჯერჯერობით გაურკვეველი დუმილი ამ მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით, ჩემთვისაც კითხვის ნიშანია.

თუ ეს საკითხი უკავშირდება კორონას, შეიძლება ითქვას, რომ ირანი ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელიც წარმატებით ებრძვის ვირუსს და არსებული სტანდარტებით, პანდემიის მართვას წარმატებით ახერხებს. ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდა 30 ქვეყანას შორის, ასე რომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ირანში ნორმალური მდგომარეობაა“, - განაცხადა ირანის ელჩმა.

მისივე ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველო 30 ათასმა ირანელმა დატოვა, ამის მიზეზი კი გარკვეულწილად მათი კაპიტალის უსაფრთხოების საკითხი გახდა საინვესტიციო პროექტებში.

„დაახლოებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 40 ათასამდე ირანელი შემოვიდა საქართველოში, რომელთაგან მიმოსვლის სირთულეებიდან გამომდინარე, 10 ათასი ირანელია დარჩენილი; ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ირანელების მიერ 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული. სირთულეები პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, რასაც მოჰყვა ირანელების გასვლა. მიზეზი გახდა ის, რომ მათ შემოსვლას სირთულეები ახლდა, ამიტომ აქ მშვიდად ვეღარ იგრძნეს თავი, შემდეგ უკვე საკუთარი ინვესტიციების უკეთ დაცვისა და გაფრთხილების მიზნით, მოხდა ისე, რომ ირანელებმა გადაწყვიტეს, სხვაგან გაეტანათ ის“, - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ირანის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალიც განიხილა. მისი თქმით, ირანი მზად არის საქართველოს ამ მიმართულებით არსებული სამეცნიერო მიღწევები გაუზიაროს.

„მომავალი ორთვენახევრის განმავლობაში ირანი გეგმავს, წარმოებაში ჩაუშვას საკუთარი ვაქცინა და მზად არის, რომ ეს სამეცნიერო მიღწევები და საკუთარი გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გაუზიაროს. იგეგმება შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ვაქცინის საკითხიც განიხილება. ჯერჯერობით ვაქცინა გადის ტესტირების მეორე და მესამე ფაზას და ამის შემდეგ უკვე მოხდება მათი წარმოებაში ჩაშვება 20 მილიონი დოზის. ასევე ირანს შეუძლია სამედიცინო ვენტილატორების, პირბადეების მოწოდება, ასე რომ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ქართულ მხარესთან ნებისმიერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო