ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2021

რეინფიცირების პირველი შემთხვევები საქართველოში - “ამ ვირუსზე არ მოქმედებს ბუნება, მას სხვანაირი გენეტიკა აქვს”

ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოქცეული და ოკუპაციას შეწირული კიდევ 4 ადამიანი

საქმე ისე მიდის, ზაფხულის ტურისტული სეზონიც ჩასავარდნად არის განწირული

* * *

რეინფიცირების პირველი შემთხვევები საქართველოში - “ამ ვირუსზე არ მოქმედებს ბუნება, მას სხვანაირი გენეტიკა აქვს”

“კორონავირუსი მსოფლიოში თითქმის წელიწადნახევარია მძვინვარებს და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა - კაცობრიობამ ამ დროის მანძილზე ვირუსთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება თითქოს დააგროვა, ვაქცინაციაც დაწყებულია, თუმცა, ვითარებას ეს ვერ ცვლის და ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდი ფიქსირდება. სააგენტო “როიტერი” საკუთარ კვლევის მონაცემებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი 3 თვე დასჭირდა. ევროპის რეგიონში ყველაზე მეტი გარდაცვლილია - 1.1 მილიონი, ამ შემთხვევების 60% კი ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, გერმანიასა და რუსეთზე მოდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რეინფიცირების პირველი შემთხვევები საქართველოში - “ამ ვირუსზე არ მოქმედებს ბუნება, მას სხვანაირი გენეტიკა აქვს”.

“კორონავირუსს ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ში ჰყავს - მათი რიცხვი 550 000-ს შეადგენს, რაც დაღუპულთა საერთო რაოდენობის 20%-მდეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მესამედს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ვაქცინირების მსოფლიო მაჩვენებელს, ვაქცინის ერთი დოზა დედამიწის მოსახლეობის 5%-ს აქვს გაკეთებული. 7 აპრილის მონაცემებით ერთ-ერთი მაღალი სიკვდილიანობა ბრაზილიაში დაფიქსირდა, ბრაზილიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 4 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირზეა, საავადმყოფოები გადატვირთულია და კლინიკებში რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან. რაც შეეხება აშშ-ს, სადაც ვირუსს ყველაზე დიდი მსხვერპლი აქვს, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა და მოდუნების დრო არ არის, ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და 19 აპრილისთვის ვაქცინაციაზე წვდომა ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამერიკელი ხალხისა და ჩემი გუნდის დიდი მუშაობის შედეგად, დღეს მე ვაცხადებ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღი პირველი მაისიდან 19 აპრილისთვის გადმოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, 18 წელს გადაცილებული ყოველი ზრდასრული შეძლებს ვაქცინაციას. ბევრი კარგი სიახლეა, თუმცა ცუდი სიახლეებიც არის. ვირუსის ახალი სახეობა სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ იკლებს. პირდაპირ ვიტყვი: ფინიშის ხაზთან ჯერ არ ვიმყოფებით”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. საქართველოში კი სპეციალისტების თქმით, ეპიდვითარება ნელ-ნელა არასასურველი სცენარისკენ მიდის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისი განმარტებით, ქვეყანაში იმატებს რეინფიცირების შემთხვევებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტენსიური ვაქცინაციის საჭიროებას.”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. ძირითადად მაინც ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი, უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა. გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება. უნდა დავიცვათ მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა!” - განაცხადა გამყრელიძემ, რომელიც დასძენს, რომ თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, რომ უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დააყენოს”, - დასძენს გამოცემა.

“ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს”, - ამის შესახებ კი ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქზე წერს. “სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით - არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს კოვიდ შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მით უმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია. დღეს საქართველო კოვიდპანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი”, - წერს ცერცვაძე. პანდემიური ვითარების გაუარესებაზე ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თუ ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა შტამი დაემართა, ანუ მანამდე სხვა შტამი ჰქონდა და შემდეგ სხვა დაფიქსირდა. ესე იგი ვირუსი მუტაციას განიცდის და რაოდენობაც შესაბამისად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მოხდილი აქვს, შესაძლოა თავიდან დაემართოს, თუმცა, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ჯერ ერთი ხალხი საკმარისად არ აცრილა, რომ ჯერჯერობით სიტუაციას რაღაცა შეეტყოს, მეორე ის, რომ ადამიანები რაღაც შეეჩვივნენ და უკვე ვხედავთ ქუჩაში პირბადის გარეშე მოსიარულე ბევრ ადამიანს. ეს ყველაფერი ერთად მუსირებს, უბრალოდ სანამ ქვეყნების სრული ვაქცინაცია არ მოხდება და ვინც არ აიცრა ის მანამ არ გადაიტანს, მანამდე შედეგს ვერ მივიღებთ. თუ მართლაც რეინფექციის შემთხვევები არსებობს, ან არსებობს სხვა შტამი, რომელზეც ეს აცრა არ მოქმედებს და ადამიანებს ისევ ემართებათ, ეს სიტუაცია გასაგები იქნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ახალი ვაქცინების შექმნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ეს რთული სიტუაცია იმის ბრალია, რომ ჯერ ერთი ადამიანები შეეჩვივნენ და რეკომენდაციებს არ იცავენ, მერე ინფექციაგადატანილ ადამიანებში იმუნიტეტი რამდენად ყალიბდება, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ეს ანალიზები ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ალბათ ამის გაკეთება მოგვიწევს, იმიტომ, რომ უნდა ვიცოდეთ - კარგი, აიცრა-აიცრა, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ანტისხეულების ის რაოდენობა ჩამოყალიბდა, რომელიც პაციენტს ინფექციისგან დაიცავს, ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმაც და პაციენტმაც აუცილებლად უნდა მიიღოს. აშკარად არც მსოფლიოში და არც საქართველოში ამნაირი გაუთავებელი ვირუსული ინფექცია ნამდვილად არ ყოფილა, გრიპისგანაც ბევრი ადამიანი იღუპება ხოლმე, მაგრამ ასე მასიურად და განსაკუთრებით საქართველოში ათასობით ადამიანია დაღუპული, მარტო სტატისტიკაა საგანგაშო, მით უმეტეს ეს ვირუსია და არა მიკრობი, რომლის წინააღმდეგ მკურნალობა ძალიან რთულია, პრაქტიკულად არ არსებობს. რაც მთავარია ამ ვირუსებზე არ მოქმედებს არანაირი ბუნება, არანაირი სიცხე-სიცივე, არანაირი ზამთარი-ზაფხული, სამი მილიონი გარდაცვალების შემთხვევა - ეს ძალიან ბევრია, ჩვეულებრივი გრიპითაც ბევრი ადამიანები იღუპება, მაგრამ ეს ვირუსი რაღაც სხვანაირად მიმდინარეობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხომ არის, რომ ადამიანს განხვავებულად რომ აცვია, ამ ვირუსსაც რაღაცნაირად სხვანაირი გენეტიკა აქვს და მთავარია, რომ დროზე გავიგოთ ახალი რეინფექციის შემთხვევები მართლაც არის თუ არა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანი მოსახლეობა რომც ავცრათ, აზრი არ აქვს, თუ ახალ შტამებს ცალკე აცრა სჭირდება”,- დაასკვნის ირაკლი ხმალაძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ როცა ახალი ვირუსი აღმოცენდება, მისი თავიდან მოშორება ადვილი არაა. მისი თქმით, კორონავირუსი ასე მალე ვერ გადაივლიდა, რადგან წელიწადნახევარში არც ერთი პანდემია არ დამარცხებულა”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„ხელოვნურია თუ ბუნებრივი, ამას მსოფლიო იძიებს და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ბუნებრივია. რაც შეეხება ამ პერიოდს წელიწადს და ოთხ-ხუთ თვეს, როცა ახალი ვირუსი აღმოცენდება, მისი ელიმინაცია ასეთი ადვილი არაა და წელიწადში არცერთი სხვა პანდემია არ დამარცხებულა და თავისთავად ასე მალე ეს ვერ დამარცხდებოდა. თან საკმაოდ რთულია ის, რომ ეს ჰაერწვეთოვანი ინფექციაა, რომელიც ძალიან ადვილად გადადის და მოსახლეობაში ყველა რეგულაციის დაცვის შენარჩუნება ძნელია. ამდენად, აქ არაფერია განსაკუთრებული, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა, კიდევ გაგრძელდება, თუ მოსახლეობამ არსებული რეგულაციები არ დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძველ პანდემიების სიკვდილობასთან შედარებით პროცენტულად მაინც ძალიან დიდი არაა, რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში ამ ვირუსით სამი მილიონი ადამიანის სიკვდილი დიდია, მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებოა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

“ბოლო მონაცემებით საქართველოში ვაქცინაცია სულ 11 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა მიიღო. 25 მარტს საქართველოში “ფაიზერის” 29 250 დოზაც ჩამოვიდა. 3 აპრილს კი ჩინეთში წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის “სინოფარმის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების “სინოფარმისა” და “სინოვაკის” საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს - ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებია საჭირო. იგი დასძენს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოქცეული და ოკუპაციას შეწირული კიდევ 4 ადამიანი

“ოკუპაციის კიდევ 4 მსხვერპლი - გალიდან ზუგდიდში ენგურის მეშვეობით მალულად 2 კაცი და 2 ქალი გადმოდიოდა, რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი უკვე იპოვეს. მეოთხეს კი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ეძებს. ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. დაახლოვებით 3 დღის წინ გალიდან ზუგდიდის მისამართით ცოლ-ქმარი, მათი რძალი, ბიძაშვილის ცოლი და მეზობელი მამაკაცი, რომელიც მათი გამყოლი იყო, დაიკარგნენ. ისინი ღამის განმავლობაში მდინარის გადმოვლას ცდილობდნენ, რა დროსაც 4-ივე მათგანი წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ წაიღოთ. მათ ოჯახთან კონტაქტი მდინარეში შესვლამდე ჰქონდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოქცეული და ოკუპაციას შეწირული კიდევ 4 ადამიანი - ენგურის გადმოკვეთისას 2 ქალი და 2 კაცი მდინარეში დაიხრჩვნენ.

“როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გალში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამიტომაც ეს 4 ადამიანი ზუგდიდში პროდუქტების და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიოდა. ერთი ადამიანი პენსიის ასაღებად მოდიოდა, მეორე კი ექიმთან სამკურნალოდ. ხოლო ცოლ-ქმარი ძმასთან ზუგდიდში მის მოსანახულობელად და სააღდგომოდ პროდუქტების საყიდლად. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ნიჩბიანი ნავი ჰქონდათ. გამყოლად მეზობელი ჰყვადათ, რომელიც გალის მცხოვრებლებს ეხმარება, რომ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. მეორე ვერსიით კი, რუსმა ჯარისკაცებმა მათი ენგურზე გადასვლა დააფიქსირეს და ძაღლებით დაედევნენ. გაქცეულები კი მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ. საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისშია და ექიმთან ვიზიტისთვის, საკვების თუ მედიკამენტების მარაგის შესავსებად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ე.წ. საზღვრის ფარულად გადმოკვეთა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საშინელი ამბავი მოხდა, 3 დღის წინ დაიკარგნენ. მათმა მეზობელმა, რომელიც გამყოლი იყო, სავარაუდოდ, ნიჩბიანი ნავით ენგურიდან ზუგდიდში მათი გადაყვანა სცადა. ერთი წელია ენგური ჩაკეტილია. ასევე, საქართველოში 5-დღიანი კარანტინი მოქმედებს და ისედაც გაუბედურებულ ხალხს კიდევ დამატებით პრობლემები გვექმნება. ამიტომ ცოლ-ქმარმა ზუგდიდში ძმის მონახულება და სააღდგომოდ საკვების ყიდვა გადაწყვიტა. მათთან ერთად იყო მათივე ნათესავი ქალი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის ბიძაშვილის ცოლია. მეოთხე კი მეზობელია, რომელსაც ისინი გადმოჰყავდა. მდინარეში ღამით შევიდნენ, რადგანაც საგუშაგოდან რუსებს არ დაენახათ. სავარაუდოდ, წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა. სამი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოირიყა. ერთს კი აფხაზები ეძებენ. მისცეს ახლა გარდაცვლილების ოჯახს ზუგდიდში საბუთის გარეშე გადასვლის უფლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალის ერთ-ერთი მცხოვრები.

“მინდა ჟურნალისტებმა გალელების უმძიმესი ყოფა გააშუქოთ. აქ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ფაქტიურად ტყვედ ვართ აყვანილები. არ გვაქვს არც საკვები, არც მედიკამენტები და არც სამედიცინო დახმარება. ღმერთის ანაბარად ვართ მიტოვებულები. მავთულხლართებიდან საკვების და მედიკამენტების მოწვდას ნათესავები ადრე ახერხებდნენ, ახლა ამის საშუალებაც არ გვეძლევა. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რატომ არ ადარდებს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი ბედი? მერამდენე ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ვიღაცამ ყურადღება მოგვაქციოს. აღარ შეგვიძლია, 21-ე საუკუნეში საკუთარ მიწაზე დაპატიმრებულები ვართ და ჩვენი ქვეყნს ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რომ შეღავათი მაინც გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

მისივე თქმით, რუსები საბუთს ე.წ. საშვს ითხოვენ, რომლის ასაღებად სოხუმში უნდა წავიდნენ. საშვის აღების ღირებულება კი ქართულ ფულზე 45 ლარს შეადგენს, ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე სოხუმში ჩასვლისას ქართველებს შესაძლოა მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ეროვნებით ქართველია. ყველაფერ ამას კი ისიც ემატება, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ 5 დღე კარანტინში უნდა იყვნენ. არადა ე.წ. საშვი 10 დღიანია”, - წერს სტატიის ავტორი.

“წარმოგიდგენიათ მაინც რა საფრთხეში იგდებს ხალხი თავს, როცა სოხუმში ე.წ. საშვის ასაღებად მიდის? ეს ასევე ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული... საბუთი 10 დღიანია, აქედან 5 დღე კარანტინში ანაკლიაში ყოფნა გვიწევს. არადა ზოგი სასწრაფო საქმეზე ზუგდიდში მიდის. მეორეც - როგორია შენს მტერთან მიხვიდე და შენსავე მიწაზე გადაადგილებისთვის საშვი სთხოვო? ამიტომაც იძულებულები ვართ ქართველებმა სიცოცხლის ფასად ენგური გადავიაროთ. საშვი გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა. დანარჩენებისას ვადა ჰქონდა გასული. იმასაც ამბობენ, რომ რუსებმა დაინახეს და ძაღლებით გამოედევნენ. მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ“, - დასძენს გალის მაცხოვრები “რეზონანსთან”.

საქმე ისე მიდის, ზაფხულის ტურისტული სეზონიც ჩასავარდნად არის განწირული

“საქართველო ტურისტების დიდ ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა თებერვალში გააუქმა, ქვეყანას ვიზიტორი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი “ლოკდაუნი” გამოცხადდება. საქართველო, რომელიც პანდემიამდე ტურიზმის სფეროთი არსებობდა და მისი წარმატებული მუშაობით ამაყობდა, დღეს მძიმე ვითარებაშია, რადგან ქვეყანას ვიზიტორები არ ჰყავს და ამ გზით შემოსავლის წყარო გაუქრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქმე ისე მიდის, ზაფხულის ტურისტული სეზონიც ჩასავარდნად არის განწირული / “კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან ეს მოხდება ყველაზე გვიან”.

“2021 წლის მარტში საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 73.4 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 40 759 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით - 14 181, საზღვაო გზით - 770 და სარკინიგზო გზით - 197. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა მზადება ზაფხულის სეზონისთვის უნდა დაიწყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდის კორონავირუსის მესამე ტალღაზე და კიდევ ერთ “ლოკდაუნზე”. ასეთ შემთხვევაში, როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, ზაფხულის სეზონის ბედი გაურკვეველი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღესდღეობით ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საზღვრების გახსნა და ავიარეისების აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა იყოს წინაპირობა იმისა, რომ დიდი ვარდნა შევავსოთ. როდესაც პარალელურ რეჟიმში საუბარია კორონავირუსის მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ჩაკეტვაზე, გაურკვეველი ხდება ზაფხულის სეზონის ბედიც. იმ პირობებშიც კი, როდესაც საზღვრები გახსნილია და ავიამიმოსვლა _ აღდგენილი, ძალიან ბევრი მაინც თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან, რადგან მოქმედებს კომენდანტის საათი და სხვა ბევრი რეგულაცია. თუ “ლოქდაუნი” ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ზაფხულის სრულფასოვან სეზონზე. მესმის, რომ ეპიდსიტუაციის კონტროლი მარტივი არ არის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდებოდა ინდუსტრიის აღდგენა და სტუმრების მიღება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესიც ერთ-ერთი წინაპირობაა ტურისტულ სეზონზე, რაც დაგვიანებულია, რადგან არც კამპანია იყო ჩატარებული და არც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია სიდამონიძე.

“თუ მესამე ტალღას ავცდით, გარკვეულწილად, მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით უნდა გავავრცელოთ, რომ საქართველო მზად არის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. იმავეს აკეთებს თურქეთი, ოღონდ იქ მართლა მზად არიან. კარგი იქნება სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება, ჩვენ გამოგვადგეს, რომ არ ჩაიშალოს სეზონი, როგორც ეს მოხდა ზამთარში”, - მიიჩნევს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. მდგომარეობის გამოსწორებას სხვადასხვა მიმართულებით დადებითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. იგივე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, რომელიც ძალიან ნელი ტამპით მიმდინარეობს. ტურისტები გაურბიან იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც შეზღუდვები მოქმედებს. პრობლემაა კომენდანტის საათიც, მესამე “ლოკდაუნის” შესაძლო გამოცხადება. ასეთ შემთხვევაში ვითარების გამოსწორების იმედი საბოლოოდ გაქრება. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს, თუკი “ლოკდაუნი” ისევ გამოცხადდება, ტურიზმის გამოცოცხლება გამორიცხულია”, - დასძენს გამოცემა.

“მთელ მსოფლიოში განწყობა უკეთესია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო, ვაქცინის გამოჩენა უკვე არის იმის საფუძველი, რომ ტურიზმი ნელ-ნელა გამოვიდეს მდგომარეობიდან. ზაფხულის სეზონს ჩვენ უნდა შევხვდეთ კარგად შეიარაღებული სახელმწიფო პროგრამით, თუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტები. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ხელის შემშლელია, ესაა ვაქცინაციის დაბალი დონე, ძალიან ცოტაა აცრილი ადამიანი, უცხოელები კი ამას აკვირდებიან. ჩვენი ტურიზმი არის სამეზობლო. საქართველოში ტურისტების 70% მოდის 4 ქვეყანაზე. ისინი კვებავენ ქართულ ტურიზმს, დანარჩენი 30% სხვა სახელმწიფოებიდან შემოდიოდა. მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ზაფხულის სეზონი იქნება შეადარებით კარგი, განსაკუთრებით - ზღვის კურორტებისთვის, თუ ისინი მომზადებული შეხვდებიან, მაგრამ, მესამე “ლოკდაუნის” შემთხვევაში, ტურიზმი წელსაც არ გვექნება. ასეთ პირობებში ჩვენ ვერაფრით დავიბრუნებთ იმ 8 მილიონ ვიზიტორს, რომლებიც 2018-19 წლებში გვყავდა. წელს ტურიზმი თუ იმის 30%-ს მიაღწევს, რაც იყო, ესეც ძალიან ბევრი იქნება. კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს მოხდება ყველაზე გვიან”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო