აფგან მუხთარლის და მისი ადვოკატის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის და მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა. როგორც მუხთარლიმ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვისას აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი არ იმყოფებოდა.

„პროკურატურამ ვერ იპოვა თარჯიმანი, რის გამოც არავითარი კითხვა არ ყოფილა. პირველ ჯერზე, თურქულენოვანი თარჯიმანი იყო, რომელზეც უარი განვაცხადე. დაახლოებით 1,5 საათში სხვა თარჯიმანი მოვიდა და როცა საუბარი დაიწყო, მესმოდა, რომ აზერბაიჯანული ენა არც მან იცოდა. ამიტომ, დღეს არაფერი მომხდარა. ამბობენ, რომ ხვალ ახალ აზერბაიჯანულენოვან თარჯიმანს იპოვნიან. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ, რა მოხდება. დღეს დაახლოებით 4 საათი ვისხედით და ველოდებოდით“,-განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

როგორც მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აფგან მუხთარლი მზად არის, თარჯიმნის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამოძიებასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

„დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ გამოძიება აპირებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს. ყველა იმ წინადადებაზე განვაცხადეთ თანხმობა, რაც გამოძიებას ჰქონდა. მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მაგალითად, ხვალ თუ იქნება უზრუნველყოფილი აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, დილიდანვე გამოვცხადდეთ და მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, ასევე ყველა იმ საგამოძიებო მოქმედებაში ჩავერთოთ, რომელსაც გამოძიება აპირებს.

საგამოძიებო ექსპერიმენტი ან თუ რაიმე ნიმუშის აღება უნდათ, მაგალითად, დნმ-ის, აფგანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს. აფგანი მზად არის ყველანაირად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ოღონდ იმ პირობებში, თუ თარჯიმანი უზრუნველყოფილი იქნება ,-განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა