ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ვითარება ვერა და ვერ დალაგდა.

მეექვსე თვეა ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ვითარება არც მას შემდეგ განმუხტულა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციაში ევროპული საბჭო ჩაერთო. ევროპული საბჭოს მედიაციით მოლაპარაკებების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- არჩევნებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. თუ გავაანალიზებთ ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების საკმაოდ მკაფიოდ გახმოვანებულ სტრატეგიას, მათ პირველ რეაქციებს ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მათ მოწოდებებს და ქმედებებს კრიტიკულ ვითარებებში, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისს, თუ შევაფასებთ იმ ფონს, რომლის შექმნასაც ისინი არჩევნებამდე ცდილობდნენ, ვფიქრობ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ 2020 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მშვიდად განვითარებულიყო.

თუ გავაანალიზებთ ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების საკმაოდ მკაფიოდ გახმოვანებულ სტრატეგიას, ვფიქრობ, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ 2020 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მშვიდად განვითარებულიყო

ამასთან, ცხადია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები ართულებს ვითარებას მრავალი მიმართულებით და ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს კრიზისი ყოფილა.

ამ პრობლემამ არა მხოლოდ ზოგადი ფონი, ან რომელიმე კონკრეტული სფერო, არამედ ამ შემთხვევაში თავად ხელისუფლებაც დააზარალა, ვინაიდან არჩევნების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვადასხვა თემებზე გაკეთებული კრიტიკული შეფასებები დიდწილად სწორედ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობით იყო განპირობებული.

მოსწონთ თუ არა ეს, შესაბამის პოლიტიკური სუბიექტებს, ცხადია რომ ჩვენი პარტნიორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც ფაქტებს, ასევე აღქმებს, რომელთა არსებობა სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ეფუძნება.

ამდენად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დაინახავს მართლმსაჯულებნის მიმართულებით პროგრესული ნაბიჯების გადადგმის უკიდურეს აუცილებლობას.

კარგი იქნება, თუ ხელისუფლება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დაინახავს მართლმსაჯულების მიმართულებით პროგრესული ნაბიჯების გადადგმის უკიდურეს აუცილებლობას

- ვხედავთ, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, აშშ-ს სენატის პოზიცია ასეთი იყო - ამ ეტაპზე მმართველი გუნდის პოლიტიკური „გილიოტინა“ არ შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ამის მოლოდინი ჰქონდა, ან აჩენდა ამგვარ მოლოდინს, შეცდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ კრიტიკული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტემენტი. სახდეპის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის ზღვარი მოშლილია.

ჩვენს თემებზე საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?

- თვალში საცემია ის გულწრფელი გვაკვირვება, რაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაეუფლათ. უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევის ფონზე თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი მეტწილად შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზეა ფოკუსირებული და დასავლურ ინსტიტუტებთან მათი კომუნიკაციაც ძირითადად ამ თემებს უკავშირდება.

ის დისკურსი, რასაც პოლიტიკური პარტიები გვთავაზობენ თითქმის სრულადაა აცდენილი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს და მათ მთავარ ინტერესებს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის საკმაოდ მარტივად შესამჩნევ გამოწვევებსაც.

ის დისკურსი, რასაც პოლიტიკური პარტიები გვთავაზობენ თითქმის სრულადაა აცდენილი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს და მათ მთავარ ინტერესებს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის საკმაოდ მარტივად შესამჩნევ გამოწვევებსაც

დასავლეთმა დიდი რესურსი ჩადო ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და დიდია მათი ინტერესი, რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს. სწორედ ამას ეფუძნება მათი ძალისხმევაც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი სწორ კალაპოტში ჩადგეს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებში აშკარად იკითხება გაკვირვება იმის გამო, რომ პოლიტიკური სპექტრი სათანადოდ ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც პირველ რიგში სწორედ მათ და არა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აკისრიათ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ჩვენს შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, მით უფრო მეტად გაგვიჭირდება მათთან ურთიერთობების დღის წესრიგში იმ საკითხების წინა პლანზე წამოწევა, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. მიწევს ვიყო ბანალური, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა ამით ზიანდება.

ბოლოდროინდელი კვლევებიდან აშკარად ჩანს მოთხოვნა სიახლეზე ქართულ პოლიტიკაში. იყო ბევრი მცდელობა ამ მიმართულებით და ახლაც ხშირად ვისმენთ შესაბამის განცხადებებს

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისი არ შედგა, დასავლეთი შეეცდება ახალი და ახლებური პოლიტიკური ძალის შექმნას შეუწყოს ხელი. მოვლენათა განვითარების ამგვარი ალბათობა რამდენად დიდია?

- ზოგადად ვფიქრობ, საქართველოში ხშირად გადაჭარბებულად ფასდება საერთაშორისო პარტნიორების როლი ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით. უკვე წლებია დასავლეთი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების, მათ შორის პარტიების განვითარებას.

თუმცა, პოლიტიკური პარტიების შექმნა და მათი ორიენიტერების განსაზღვრა ქართველი პოლიტიკოსების საქმეა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებიან თავიანთ პოზიციების დაფიქსირებას თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის პერსპექტივას, აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი კვლევებიდან აშკარად ჩანს მოთხოვნა სიახლეზე ქართულ პოლიტიკაში. იყო ბევრი მცდელობა ამ მიმართულებით და ახლაც ხშირად ვისმენთ შესაბამის განცხადებებს.

კვლევებით აშკარად იკვეთება იმ პოტენციური ამომრჩევლის დიდი ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან უფრო რაციონალურ მსჯელობას და პოზიტიურ დღის წესრიგზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვენ

ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიმაჩნია მსჯელობა საქართველოსთვის სანქციების დაკისრების შესახებ, მაგრამ უდაოდ მნიშვნელოვანია იმ შეტყობინებების სწორად გააზრება, რასაც აშშ-ს კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან ვიღებთ

მიმაჩნია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა გიორგი გახარიას განცხადება მისი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით. ხშირად დიდი აქცენტი კეთდება ეფექტიანი მართვის უნარებზე, რაც ნამდვილად არის მისი ძლიერი მხარე, თუმცა ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი სხვა თვისებები, რამაც ამომრჩეველი მის მიმართ სიმპატიით განაწყო.

გახარიას საკმაოდ რთული გამოწვევების გადალახვა მოუწია მთავრობაში მუშაობის პერიოდში და ამ ფონზე მისი რეიტინგი მხოლოდ გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მისი პრემიერობისას საგრძნობლად გაიზარდა ნდობა მთავრობის მიმართ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმატებაში. ვფიქრობ, მისი გააქტიურება პოლიტიკაში სასარგებლო იქნება როგორც პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე ქვეყნისთვის.

- რამდენიმე დღის წინ აი-რაი-ს კვლევები გამოქვეყნდა. ვნახეთ, რომ ამ კვლევების შედეგებით აპელირებას ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც სათავისოდ შეეცადნენ.

თქვენი დაკვირვებით თუნდაც ამ კვლევის თანახმად როგორ აფასებს მოსახლეობა უკანასკნელ თვეებში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს?

- ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო კრიტიკულად აფასებენ პოლიტიკურ პროცესებს, ვიდრე ეს ცალკეულ პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ.

მხოლოდ საქართველოში არ ხდება ის, რომ პოლიტიკური პარტიები მარტივად აღსაქმელი და ამავდროულად ხშირად რადიკალური შეფასებებით ცდილობენ მათთვის სასურველი აღქმების დამკვიდრებას და ამ გზით ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას.

ყველაფერი შედარებითია. თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში იზრდება იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც არ მოსწონს ისტერია, ზედაპირული შეფასებები და რადიკალიზმი პოლიტიკაში.

ცხადია, ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის ხარისხი და კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სწორედ ამ გზას მიჰყვებიან.

მაგრამ, ამვავდროულად, ბოლოდროინდელი კვლევებით აშკარად იკვეთება იმ პოტენციური ამომრჩევლის დიდი ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან უფრო რაციონალურ მსჯელობას და პოზიტიურ დღის წესრიგზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვენ.

დღესაც ვერ ვხედავ ვერც ერთ რაციონალურ არგუმენტს, თუ რატომ უნდა სურდეს ხელისუფლებას ნიკა მელიას ციხეში ყოფნა

- ევროკავშირმა ხელისუფლებისაგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დახვეწა არა მარტო მოითხოვა, არამედ ეს მოთხოვნა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობად აქცია.

მანამდე ევროპარლამენტმა საკმაოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის საკვანძო პოზიციაზე მყოფი დეპუტატები, მათ შორის ერთი ის, ვინსაც საქართველოზე მოხსენების გაკეთება ევალება.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ამ განცხადების შინაარსის სისრულეში მოყვანა პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მეტიც, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს - «ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის "ლიდერშიპის" რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის“.

რამდენად შეიძლება საქმე რეალურად მივიდეს სანქციების დაწესებამდე? და რა შეიძლება იყოს ის „გარკვეული ფასი“, რის გადახდა საქართევლოს და არა პოლიტიკურ ელიტას მოუწევს, რაზეც ბატონი კუბილიუსი საუბრობს?

- ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიმაჩნია მსჯელობა საქართველოსთვის სანქციების დაკისრების შესახებ, მაგრამ უდაოდ მნიშვნელოვანია იმ შეტყობინებების სწორად გააზრება, რასაც აშშ-ს კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან ვიღებთ. აპელირება იმაზე, რომ კონგრესმენების ან ევროპარლამენტარების რაოდენობა, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ არ არის ბევრი, სიკეთეს ვერ მოგვიტანს.

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ის ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებს ევროკავშირიდან. ეს სერიოზული მხარდაჭერის გამოვლინებაა, რასაც შენარჩუნება და სწორად გამოყენება სჭირდება.

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ კონკრეტული პირობების დაწესება ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილია და ეს არ არის სიახლე, მათ შორის, არც საქართველოსთან მიმართებით.

თუმცა, ამ შემთხევაში მნიშვნელოვანია კონტექსტი და კომუნიკაციის ის ფორმა, რაც ევროკავშირმა ამ საკითხისთვის შეარჩია - მხედველობაში მაქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებების სააგენტოს ღია განცხადება. ეს იყო პოლიტიკური გზავნილი-მესიჯი, რითაც ხაზი გაუსვა ამ თემის აქტუალობას ევროკავშირისათვის.

- ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვებს, იქნება ეს იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ახლა ანალოგიური ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას? თუ სასამართლოს მელია ციხეში დატოვა, ეს რისი ნიშანი იქნება?

- რამდენადაც ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებებიდან გახდა ცნობილი, ხელისუფლებას არც ჰქონია კატეგორიული პოზიცია ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით.

დღესაც ვერ ვხედავ ვერც ერთ რაციონალურ არგუმენტს, თუ რატომ უნდა სურდეს ხელისუფლებას ნიკა მელიას ციხეში ყოფნა.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით