გუბერნატორის მოადგილე - შიდა ქართლი ტურისტული სეზონისთვის ემზადება - ვფიქრობთ, წელს კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება

ბევრი სიახლე გვაქვს, გასულ წელს, პანდემიის პირობებში, შიდა ტურიზმმა კარგად აჩვენა საკუთარი თავი და ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება. ბუნებრივია, ყველგან დაცული იქნება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის განცხადებით, რეგიონში სამი ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი იხსნება.

"შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ოფიციალურად მაისიდან გაიხსნება, ამ პერიოდისთვის, ყველა ის ობიექტი, ყველა ის მუზეუმი, რომლის მიმართაც ვიზიტორების გამორჩეული ინტერესია, იქნება ღია, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ახლაც ფუნქციონირებს. გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეებიც, კერძოდ, 7 მუზეუმი განახლებული სახით ხვდება ვიზიტორებს. მათგან რამდენიმე USAID-ის პროგრამის - "ზრდა" დახმარებით აღიჭურვა, ორი კი ამ დრომდე საერთოდ არ ფუნქციონირებდა.

მაგალითად, გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო ნუმიზმატიკის სივრცე, სადაც 80 000 მონეტაა დაცული და თავის მხრივ, არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც გამორჩეულია ეს მუზეუმი. სამწუხაროდ, შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, ვიზიტორს საშუალება არ ჰქონდა, ამ ყველაფერს გაცნობოდა.

რეგიონში ვხსნით სამ ახალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს - ერთი გახლავთ ხაშურის შესასვლელში, მეორე ქარელის ცენტრში, რომელიც ძამას ხეობის მიმართულებას სრულად მოიცავს და მესამე ცენტრი კი, ევროკავშირის გრანტის დახმარებით აშენდა და კეთილმოეწყო გორში, გორის ციხის სიახლოვეს - ლომჭაბუკის მონუმენტის სკვერში.

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორი შეძლებს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული მიმართულების ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. თითოეულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ტურისტული გზამკვლევებს, ტურისტული მარშრუტების რუკას ყველა სხვა საინტერესო ინფორმაციას.

უფლისციხის მიმართულებით გვაქვს გარკვეული გეგმები, რომ ძეგლ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ინტენსიური გახდეს ბაზრობების ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება არა ისეთი ფრაგმენტული აქტივობა, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ, ექნება სისტემური სახე.

გასულ წელს, პანდემიის პირობებში, შიდა ტურიზმმა კარგად აჩვენა საკუთარი თავი და ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება. ბუნებრივია, ყველგან დაცული იქნება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები, პარალელურად, აქტიურად ხორციელდება ვაქცინაციის პროცესიც და ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ რადიკალური ვარდნა არ იყოს.

რეგიონს შეემატა ქარელის მუნიციპალიტეტში ძამას ხეობის დასრულებული გზა. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებაზე ვიზიტორთა მხრიდან ძალზე დიდი დაინტერესებაა და საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა ბევრ დაბრკოლებას ქმნიდა. ასევე, ატენის ხეობაში წელს დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

რეგიონში ტურიზმის სამხარეო სტრუქტურის შექმნაც იგეგმება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა