როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ახალი რეკომენდაციებით ჩატარდეს. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და განათლების უწყებასთან ერთად ამ რეკომენდაციებზე უკვე მუშაობს.

კონკრეტულად რა სიახლეებზე მუშაობს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ჩაუტარდებათ თუ არა კორონავირუსის მატარებელ აბიტურიენტებს გამოცდა საკუთარ სახლში და გეგმავს თუ არა უწყება ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის განმეორებითი გამოცდის ჩატარებას, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს ესაუბრა.

- 31 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად ჯამურად 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. აბიტურიენტებისთვის 15 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს სრულდება მათთვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი. რაც გულისხმობს ეს ეტაპი და რაზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება?

- დიახ, 15 აპრილის ვადა ეხება მხოლოდ და მხოლოდ აბიტურიენტებს. მათი რეგისტრაცია წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში, სამ ეტაპად მიმდინარეობს. იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს, 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ საგნის დამატება ან შეცვლა, ასევე შეუძლიათ გამოცდის ენის შეცვლა. თუ აბიტურიენტმა გადაწყვიტა, რომ მას იმ პროგრამაზე სურს ჩაბარება, რომელიც 4 საგანს მოითხოვს, შეუძლია ამ ვადის ამოწურვამდე შესაბამისი საგანი აირჩიოს. ასევე, თუ მესამე საგნად ისტორია აქვს არჩეული აბიტურიენტს და გადაწყვეტს, რომ მათემატიკის ჩაბარებაც სურს, შეუძლია ეს ცვლილებებიც შეიტანოს. თუმცა საგამოცდო ქალაქს და სხვა მონაცემებს ის ვეღარ შეცვლის.

- გასულ წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ფორსმაჟორში მოუწია კორონადადასტურებული აბიტურიენტისთვის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფა. წელს რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სპეციალური სივრცეების მოწყობას იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც გამოცდის დღეს კორონავირუსის მატარებელნი იქნებიან?

- ვფიქრობ, წინა წლის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. შარშან სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ყოფნა, ყველაფერი იყო ახალი - ფაქტია, კარგად იმუშავა შემუშავებულმა სქემამ. უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უფრო მომზადებულად ვთვლით თავს. პირველადი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. მათ გვითხრეს, რომ შარშან შემუშავებული რეკომენდაციები რელევანტურია, თუმცა შანსი იმისა, რომ ისინი გადაიხედოს და კორექტივები შევიდეს, რა თქმა უნდა, არის - ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, რა ეპიდსიტუაცია გვექნება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე. არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვაკვირდებით სიტუაციას და გამოცდებამდე დაახლოებით 10 დღით, 1 კვირით ადრე ექნებათ აბიტურიენტებს ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით.

- რა რეკომენდაცია შეიძლება გადაიხედოს? ხომ არ ფიქრობთ, რომ ინფიცირებულების რაოდენობიდან გამომდინარე, საერთოდ გამოცდის ჩატარების თარიღი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და გადაიდოს ეს პროცესი?

- რაც ამ რეკომენდაციებში შეიძლება დაზუსტდეს, არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტების მართვა. გამოცდების მოახლოების მომენტისთვის დაახლოებით მაინც გვეცოდინება რამდენი ინფიცირებული აბიტურიენტი გვეყოლება და ამ სტატისტიკის შედეგად მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას. შარშან, როცა ერთი და ორი აბიტურიენტი იყო ინფიცირებული, ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ აბიტურიენტისთვის გამოცდის ორგანიზებაში. კლინიკაში ჩატარებულმა გამოცდამ უზარმაზარი რესურსი მოითხოვა. მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელი აღმოჩნდა იმ მომენტში. თუმცა, თუ იქნება 10-20 და 30 აბიტურიენტი, მათი მართვა სხვანაირად უნდა მოხდეს. ახლა კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, დამოკიდებული ვართ რაოდენობაზე, რა რაოდენობის ინფიცირებული აბიტურიენტი გვეყოლება - დაველოდებით სპეციალისტების რეკომენდაციებს.

- ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის განმეორებითი გამოცდის ჩატარების საკითხს რამდენად განიხილავთ?

- განმეორებითი გამოცდის ჩატარება პრობლემატურია რამდენიმე საკითხის გამო. ერთი ის არის, რომ გამოცდები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თითქმის ერთი თვე გრძელდება. ამ გამოცდის პრინციპს ეწინააღმდეგება ისიც, რომ ჩაატარო ცენტრალიზებული გამოცდა, სადაც რამდენიმე ვარიანტი გაქვს, გათანაბრებას აკეთებ, შედეგებს აქვეყნებ და ორი თვის მერე კიდევ ატარებ გამოცდას. ამავე დროს ვარიანტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ვერ იქნება. მსგავსი ვარიანტიც რომ მივცეთ ამ აბიტურიენტებს, მაინც უსამართლობაა იმ ბავშვებთან, რომლებიც გამოცდაზე ორი თვით ადრე გავიდნენ. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ჩარიცხვები აგვისტოში ვერ მოხდება. ყველაფერი გადაიწევს და ლოჯისტიკურად ძალიან პრობლემატურია. ყველა საგანში პროცესი თავიდან უნდა დავიწყოთ და თვეები უნდა გაგრძელდეს. სასწავლო პროცესიც დროულად ვერ დაიწყება.

- ალბათ, მაინც წახვალთ იმ გზით, რომ ინფიცირებული აბიტურიენტების სპეციალიზებული სივრცეები გამოყოთ?

- მსგავსი სარეზერვო სივრცეები მანამდეც გვქონდა სიცხიანი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი და, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ახლაც გამოვყოთ კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვისაც. თუმცა, წინასწარ მაინც ვერაფერს გეტყვით. ჯანდაცვის სამინისტრო თუ იტყვის, რომ ეს სარისკოა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. თუ გვეტყვიან, რომ ეს შესაძლებელია, ჩვენ მზად ვიქნებით.

- საგამოცდო სივრცეში აბიტუტრიენტების რაოდენობის შეზღუდვა რამდენად რჩება ძალაში, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იყოს ერთ სივრცეში?

- ეს რეკომენდაცია რჩება, ასევე მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია რელევანტურია წელსაც. ამ მხრივ ცვლილებები ალბათ არ იქნება.

- შარშან გამოცდა სამედიცინო დაწესებულების პალატაშიც ჩაატარეთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ წელს ინფიცირებულ აბიტურიენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდეს გამოცდა და თქვენ ეს პროცესი ვიდეოთვალის მეშვეობით გააკონტროლოთ? სხვა სივრცეში გამოცდის ჩატარება განიხილება?

- ინფიცირებულ აბიტურიენტებს გამოცდა საკუთარ სახლში ნამდვილად არ ჩაუტარდებათ, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, რომლებსაც განვიხილავთ და საზოგადოებას ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მივაწვდით. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

- აღნიშნეთ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გამოცდებისთვის შარშან გაიცა, ძალაში რჩება. თავის დაზღვევის მიზნით, ხომ არ გეგმავთ საგამოცდო ცენტრშივე ჩაუტადეს აბიტურიენტს სწრაფი ტესტი, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება? ხომ არ შეიცვლება რეგულაციები პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით?

- ეს სცდება ცენტრის კომპეტენციას - ამ თემებზე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ინფიცირებული აბიტურიენტების მართვას, როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ეპიდსიტუაცია იქნება იმ დროისათვის. შესაბამისად, ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. პირბადესთან დაკავშირებით კონკრეტულად ჩვენ დარწმუნებით მხოლოდ სპეციალისტების მიერ მომზადებული საბოლოო რეკომენდაციების მიღების შემდეგ შევძლებთ კომენტარის გაკეთებას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ყველა აბიტურიენტის სამუშაო მაგიდის წინ იყო ფარი, განსხვავებით სხვა სივრცეებისგან. ამასთან, აბიტურიენტი ვალდებული იყო, კეთებოდა პირბადე ნებისმიერი კომუნიკაციისას, მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან დაჯდომისას და მუშაობის დაწყებისას ჰქონდა საშუალება პირბადის ჩამოწევის - ეს რისკებს მინიმალურად ამცირებდა.

- შარშან ცვლილებები კონდიცირების საკითხშიც შევიდა, რომლის მიხედვითაც, თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევდა, მეთვალყურე კონდიციონერს ჩართავდა, რა დროსაც აბიტურიენტებს პირბადე უნდა გაეკეთებინათ. ამ წესს ისევ ტოვებთ?

- დიახ, ეს რეგულაცია ჯერჯერობით ისევ ძალაში რჩება.

- საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება ხომ არ იგეგმება?

- საგამოცდო ცენტრების რაოდენობის შესახებ გვეცოდინება 15 აპრილის შემდეგ, როდესაც ამოიწურება საგნების არჩევის ვადა აბიტურიენტებისათვის. თუ იქნება დამატებითი ცენტრის გახსნის საჭიროება, ამაზეც ვიზრუნებთ. თუმცა, არ არის გამორიცხული, იგივე რაოდენობა, 24 საგამოცდო ცენტრი დარჩეს.

- შარშან სპეციალისტების რეკომენდაცია იყო, ათვისებულიყო ღია სივრცეები (სტადიონები, ღია მოედნები) და თუნდაც საღამოს საათებზე გათვლილიყო გამოცდების განრიგი. მათი მოსაზრებით, ეს საფრთხეებს ნაკლებად შექმნიდა. ხომ არ იგეგმება მსგავსი რამ?

- ეს საკითხი არ განიხილება იქედან გამომდინარე, რომ გამოცდებს ვატარებთ ზაფხულში, არ ვიცით, როგორი ამინდი იქნება და ბევრ პრობლემას შექმნის ღია სივრცეში მისი ჩატარება. თაკარა მზეზე ხომ არ დავსვამთ აბიტურიენტებს? 3 საათი ივლისში სტადიონზე წერო გამოცდა, მგონია, რომ ცოტა არარეალისტურია.

- როგორ განხორციელდება პროცესი მსჯავრდებულ და ბრალდებულ აბიტურიენტებთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც 17 მსჯავრდებული აპირებს გამოცდაზე გასვლას. თუმცა შესაძლებელია, ინფორმაცია არ იყოს მითითებული რეგისტრაციისას და გამოცდებამდე გარკვეული პერიოდით ადრე მოგვმართოს აბიტურიენტის ნდობით აღჭურვილმა პირმა. ამის შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და პენიტენციურ სამსახურთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ გამოცდაზე გამოსვლა მოახერხონ. თუ განსაკუთრებული შემთხვევაა და პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ან ბრალდებული გამოცდაზე არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ ვერ ჩავერევით. სხვა მხრივ, იზოლირებული შესასვლელი გვაქვს მათთვის, სპეციალური ოთახებია გამოყოფილი ტესტი რომ წერონ და ყველა პირობაა შექმნილი.

- მინდა გკითხოთ გამოცდის მინიმალურ ბარიერთან დაკავშირებით. ხომ არ გაიზრდება ან შემცირება ბარიერი რომელიმე საგნისთვის?

- წელს არ შეცვლილა არცერთი საგნის ტესტის ბარიერის პროცენტული მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ მათემატიკასა და უცხოურ ენაში არის მაქსიმალური ქულების 20%-ზე მეტი, ყველა სხვა საგანში არის 25 %-ზე მეტი, ზოგად უნარებში კი - 30%-ზე მეტი.

- რაც შეეხება ტესტების შინაარსს, რა ცვლილებები და სიახლეებია დაგეგმილი? რა საკითხები, თემები დაემატა ან გამოაკლდა ტესტს და იცვლება თუ არა ტესტების რაოდენობა?

- საგამოცდო პროგრამებში წელს ცვლილებები არ შესულა. პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული შფოთვის საგანი იქნებოდა და თავი ავარიდეთ. თუმცა, სადაც შესაძლებელი იყო, შევამცირეთ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა. ეს შეეხება მათემატიკას, ფიზიკას და ქიმიას, რომელთა საგამოცდო დრო ნახევარი საათით შემცირდა. შემცირება ახალი ტიპის დავალებების შემოტანის გარეშე გავაკეთეთ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც თითოეული ტესტის შინაარსი და ხანგრძლივობა გავაანალიზეთ.

- საგამოცდო დროის შემცირებასთან ერთად ტესტის რაოდენობაც შემცირდა, თუ უცვლელი დარჩა?

- ტესტური დავალებების რაოდენობაც შემცირდა, უსამართლო იქნებოდა იმავე რაოდენობის საკითხი დაგვეტოვებინა და საგამოცდო დრო შეგვემცირებინა. ტესტიდან ამოღებულია ძირითადად მსგავსი შინაარსის დავალებები და შესაბამისად, დროც შემცირდა. ტესტის სირთულე არ შეცვლილა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოაკლდა დავალებების რაოდენობა და აბიტურიენტი ნაკლებ დროს დახარჯავს, ნაკლებად დაიღლება და ეს წერის პროცესსაც შეუმსუბუქებს.

- ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების ნაშრომებმა შარშან რამდენიმედღიანი კარანტინი გაიარა. ამბობდით, რომქაღალდი არის ვირუსის ერთ-ერთი გადამტანი“. ხომ არ იგეგმება ზოგადად ელექტრონულად ტესტირებაზე გადასვლა, რომ ფურცლებზე წერა საჭირო აღარ იყოს?

- ჩვენ ახლა გვაქვს ნახევრად ელექტრონული ფორმატი, რაც იმას გულისხმობს, რომ აბიტურიენტი კომპიუტერის ეკრანზე ხედავს დავალებას და პასუხების ფურცელში ინიშნავს პასუხს. სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, ცხადია, ძალიან გვინდა და პროგრესული ნაბიჯიც იქნება. ამაზე ვმუშაობთ კიდეც, ოღონდ სხვა პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში - მე-4, მე-6 კლასის შეფასებებს ვამზადებთ ამ ეტაპზე და პილოტირების რეჟიმში ვართ. გვინდა, აქ დავნერგოთ სრულად ელექტრონული სისტემა. ვნახოთ, როგორ იმუშავებს და თუ აღმოჩნდება, რომ კარგად მუშაობს, მერე შესაძლოა, დავიწყოთ ფიქრი ამ ფორმატის დანერგვაზე სხვა ტესტირებების შემთხვევაშიც. მე-4 და მე-6 კლასის შეფასება იქნება უფრო სადიაგნოსტიკო ტიპის. ახლაც ვმუშაობთ ამ პროგრამაზე და პილოტირების რეჟიმში ტესტირება ჩატარებულია ასეულობით სკოლაში. ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, სად არის იმ ეტაპზე.

- როდიდან იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდების სრულად ელექტრონულ სისტემით ჩატარება? ეს 2024 წლამდე მოხდება?

- ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, რაც შეეხება მე-4, მე-6 კლასის შეფასებების სრულად ელექტრონულად ჩატარებას, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი ჩავთვლით, რომ უკვე გაიმართა ეს სისტემა და ვართ მზად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ავამოქმედოთ. ეს საკითხი ასევე დამოკიდებულია სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვაზეც. თუ შეფასებები ცენტრალიზებულად ჩატარდა, ყველა სკოლას გარკვეული რაოდენობის კომპიუტერი უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ მსგავს ელექტრონულ შეფასებებში ჩავერთოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმ სკოლებით დავიწყებთ, რომლებსაც ამის შესაძლებლობა ექნებათ.

- განათლების ხარისხზე მინდა გკითხოთ, რა სირთულეები აჩვენა დისტანციურმა სწავლებამ?

- ზოგადად, პანდემია რომ გამოწვევა იყო მსოფლიო განათლების სისტემისთვის, ამას ამბობს ყველა და აღიარებს unicef-იც. ეს გამოწვევა იყო საქართველოსთვისაც. თუმცა იმ ფონზე, რისი რესურსიც ჩვენ გვქონდა, საქართველომ ამ ეტაპამდე თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება გამოცდების კონტექსტს - ინგლისმაც კი, რომელსაც წარმატებული განათლების სისტემა აქვს, ცენტრალიზებულ გამოცდაზე უარი თქვა შარშან; კონკრეტული ალგორითმის საშუალებით გამოითვალეს მოსწავლეების ქულები და ისე ჩარიცხეს, რის გამოც სხვადასხვა გამოცემის, მათ შორის, BBC-ის შეფასებით, ინგლისს საგამოცდო ფიასკო ჰქონდა, ცუდად წარიმართა ეს ყველაფერი. ჩვენ უკეთესადაც გავართვით თავი, ვიდრე გვეგონა. გამოცდები ჩავატარეთ ცენტრალიზებულად საგამოცდო ცენტრებში და ჩავრიცხეთ აბიტურიენტები წარმატებით.

- შარშან ფიქრობდით, რომ ეროვნული გამოცდა სხვა ფორმატით ჩაგეტარებინათ?

- ერთადერთი სხვა ფორმატი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროცესის დისტანციურად ჩატარება იყო. მაგალითად, აბიტურიენტებს სახლში დაეწერათ გამოცდა და გვქონოდა მონიტორინგის კარგი საშუალება. თუმცა ეს გამოსავალი რომ ყოფილიყო, ინგლისიც და სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნებიც გამოიყენებდნენ ამ მეთოდს. გამოცდილი სისტემა, სადაც მონიტორინგის კარგი საშუალება იქნება, არ გვაქვს. ამჟამად წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მუშავდება მსგავსი მონიტორინგის ტექნოლოგია (პროქტორინგი), რომელიც არ არის კარგად გამოცდილი და ფართო მასშტაბით მისი გამოყენება ჯერ არ ხდება. ჩვენ არც ეს სისტემა გვაქვს და რომც გვეყიდა, დარწმუნებული ვერ ვიქნებოდით, რომ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა და ვერავინ ვერავის მიეხმარებოდა, არ იქნებოდა უსამართლო პროცესი აბიტურიენტების ნაწილის მიმართ. ვფიქრობდით ამაზე, მაგრამ ვითვალისწინებდით რისკებს და შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ მოცემულ მომენტში პროცედურულად განსხვავებული, მაგრამ შინაარსობრივად იმავე სქემით წავსულიყავით.

- განათლების სამინისტრო არ გამორიცხავდა, რომ 2023-24 წლიდან გაუქმებულიყო ეროვნული გამოცდები და ჩატარებულიყო ერთი კომბინირებული გამოცდა. დაწყებულია თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა?

- ამ ეტაპზე მსგავს რამეზე მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა ზოგადად სამინისტრო ფიქრობს, რომ შესაძლებელია უმაღლესში მიღების ეს მოდელი გახდეს უფრო მრავალფეროვანი. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდით მოხდეს, არამედ კიდევ სხვა კრიტერიუმებითაც იყოს შესაძლებელი. ასეთი ტიპის მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა საწყის ეტაპზეა და გამოკვეთილი ჯერ არაფერია.

- არ ფიქრობთ, რომ სხვა კრიტერიუმებით უმაღლესში მოხვედრა კორუფციის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს?

- რისკები არის, რის გამოც 15 წელია, ფაქტობრივად, უცვლელი, მკაცრად ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა გვაქვს, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით ხდება. თუმცა შეიძლება უკვე დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ სისტემა უფრო მოქნილი, უფრო დივერსიფიცირებული, დეცენტრალიზებული გახდეს და სხვა კომპონენტებიც შემოვიდეს უმაღლესში ჩარიცხვისას. როდის დაიწყება და რამდენად მზად ვართ ამისთვის, ეს მსჯელობის საგანია. ბევრი სამუშაოა, რომ ახალ საგამოცდო სისტემას საზოგადოების მხრიდან მინიმუმ ისეთი მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორიც არსებულ სისტემას აქვს, სადაც კითხვის ნიშნები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

რაც შეეხება ერთი კომბინირებული გამოცდის ჩატარებას, ეს კიდეც რომ მოხდეს, სისტემას არსებითად ვერ გააუმჯობესებს. ისევ მკაცრად ცენტრალიზებულ და ერთ კრიტერიუმზე დაფუძნებული მიღება გვექნება. ამავე დროს იმ ერთ გამოცდაზე შეიძლება ავად იყოს მოსწავლე, ცუდი ქულა მიიღოს, სამი გამოცდის შედეგით კი, მეტი შანსია თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს და უნივერსიტეტში მოხვდეს. ასე რომ, შეიძლება ერთი კომბინირებული გამოცდა უარესიც კი იყოს, თუ ჩარიცხვის სხვა კომპონენტი არ დაემატება. სამომავლოდ, სისტემის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე გვქონდეს აბიტურიენტის საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება, როგორიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

- რადგან ვსაუბრობთ მოსწავლის დონის შეფასებაზე, აქვე გკითხავთ - სკოლა რამდენად აძლევს მოსწავლეს იმ განათლების დონეს, რასაც საშუალო განათლების დაწესებულება უნდა აძლევდეს? რა საგნები უჭირთ დღეს მოსწავლეებს? რა საგნის გამოცდაში იყო ყველაზე ცუდი და კარგი შედეგი? სიტუაცია უკეთესობისკენ არის შეცვლილი თუ გაუარესდა მდგომარეობა?

- არსებობს საერთაშორისო შეფასებები, რომლებშიც ვმონაწილეობთ. ეს არის PIRLS, რომელიც წიგნიერების კვლევაა და მე-4 კლასელების ცოდნას და უნარებს ამოწმებს და არის PISA, რომელიც მე-8 კლასელების უნარებს ამოწმებს როგორც წიგნიერებაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებეში. გვაქვს ასევე ეროვნული შეფასებები. ამ კვლევების შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა მცირე ძვრები გვაქვს კონკრეტული მიმართულებებით. ოპტიმიზმის საფუძველი ბოლოს მოგვცა TIMSS 2019-ის კვლევამ, სადაც მე-4 კლასელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მოსწრება მათემატიკაში და ეს გაუმჯობესება სოფლად და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების ხარჯზე მოხდა. ამ კვლევით საქართველო იმ სამ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგი. ცალკე კვლევის საგანია ეს გაუმჯობესება რას შეიძლება უკავშირდებოდეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მაგალითად, PISA-ს 2018 წლის კვლევას - კვლევის ეს ციკლი, წიგნიერებაზე ამახვილებდა ყურადღებას. სამწუხაროდ, არ გვქონდა მაღალი შედეგი. წაკითხულის გააზრება თუ უჭირს ბავშვს, ყველა სხვა საგანში ექმნება პრობლემა. ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში კვლავ პრობლემები რჩება - ამ მიმართულებით სამუშაოა. ერთ-ერთი საგანი, რომელიც ბავშვებს უჭირთ, ეროვნული გამოცდების შედეგებზე დაკვირვებით, ფიზიკაა. მასწავლებლების შედეგების შემთხვევაშიც ასეა.

- განათლების უწყების მიერ გატარებული რეფორმით, სკოლა პენსიონერი პედაგოგების ნაწილმა დატოვა და პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, კომპენსაციაც მიიღო. რამდენი პედაგოგი გავიდა პროფესიიდან ჯამში, რომლებმაც უარი თქვეს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებაზე და რა აჩვენა ამ პროცესმა? თქვენი შეფასებით, რამდენად გაჯანსაღდა სისტემა და სწავლის ხარისხზე ამან როგორ იმოქმედა?

- როგორც მახსოვს, დაახლოებით, 8 ათასამდე პედაგოგი გავიდა პროფესიიდან, რაც სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგი ნაბიჯი იყო. მასწავლებლების საშუალო ასაკი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან მაღალი იყო, რაც თავისთავად პრობლემაა. ამ პერიოდში ასეთი ინიციატივა დროული იყო. პროფესიაში შემომსვლელების დაინტერესებაც ალბათ, ამითაა განპირობებული. როგორც აღვნიშნე, წელს 28 700-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული ჯამურად, როგორც პროფესიაში შემომსვლელი, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამ რიცხვიდან დაახლოებით, 8 700-ზე მეტი არის ე. წ. პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო 1 800-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც წელს პირველად გაივლიან ამ გამოცდას და სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებენ. 18 000 -ზე მეტი კი არის პროფესიაში შემომსვლელი მასწავლებლობის მსურველი პირი. ამდენი პროფესიაში შემომსვლელი არასდროს გვყოლია, რაც ბევრ ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს და ვფიქრობ, ერთ-ერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაცაა. ამდენი მასწავლებლობის მსურველი სისტემისათვის ძალიან კარგია.

- როგორია პროფესიაში შემომსვლელებისთვის ჩაჭრის მაჩვენებელი?

- მასწავლებლობის მსურველთა შემთხვევაში ჩაჭრის მაჩვენებელი დაბალი არ არის. შედარებით რთული მდგომარეობაა დაწყებით კლასებში და ასევე ფიზიკური აღზრდის მიმართულებით, სადაც, სამწუხაროდ, ბევრი ჩაიჭრა სხვა საგნებთან შედარებით. მათ მაქსიმალური ქულების 61% უნდა დაეგროვებინათ. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლობა ყველაზე მარტივია და მოუმზადებლები მოდიან, ან მოსამზადებლად საკმარისი რესურსები არ აქვთ.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით