გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივაა, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. მისი თქმით, ინიციატივა წიგნზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, განსაკუთრებით კი სოფლებში, სადაც მწირი რესურსებია. ინიციატივის ფარგლებში, გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს "ბიბლუსისა" და "ანაგრამას" წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და ბებიასა და შვილიშვილს ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილსა და პატარა ელენე მინდიაშვილს ბიბლიოთეკა მოუწყო.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლებს განსაკუთრებით ბევრი პრობლემა აწუხებთ და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ წიგნზე ხელმისაწვდომობაა.

რატომ გამოთქვა ინიციატივა, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ შეიცვალოს და როგორ განხორციელდება პროექტი ამის შესახებ დეტალურად გიორგი კეკელიძეს ვესაუბრეთ:

საიდან გაჩნდა იდეა, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადებულიყო?

ზოგადად, წიგნის ჩუქების ტრადიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს და ეს დიდწილად ეფუძნება მის კავშირს 23 აპრილთან. ეს ყველაფერი საუკუნის წინ ესპანეთში დაიწყო და ჩვენ ვეცადეთ, რომ საქართველოშიც ტრადიციად გვექცია. 2019 წელს საზოგადოებამ ინიციატივა ძალიან დადებითად მიიღო და უამრავი ადამიანი, კომპანია, ორგანიზაცია ჩაერთო და რეალურად, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდებოდა, თუმცა 2020 წელს ბუნებრივია, პანდემიის გამო ყველაფერმა შედარებით მოკრძალებულად ჩაიარა და მართალია, 2021 წელს პანდემია ისევ გრძელდება, მაგრამ არის საშუალება, ადამიანმა ადამიანს წიგნი აჩუქოს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღედ სწორედ აპრილის თვე გამოცხადდეს და ამ ყველაფრის გვირგვინი იყოს სწორედ 23 აპრილი, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეა.

რატომ დაიწყეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლით? წიგნის ხელმისაწვდომობის კუთხით, რა პრობლემებს წააწყდით დიცში?

ცხადია, ეს სიმბოლური ხასიათის ნაბიჯი იყო, რადგან რეალურად, ჩვენ ერთმანეთს არამხოლოდ წიგნის საჭიროება უნდა შევახსენოთ, არამედ, ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და მავთულხლართები დღემდე მოიწევენ კიდევ და კიდევ... თუმცა მეორე მხრივ, ბუნებრივია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამის დაძლევის საუკეთესო იარაღი არის წიგნი.

თანაც ამ ადამიანებს პრობლემები აქვთ არამხოლოდ წიგნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადადაც და უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არის უამრავი თანამოქალაქე, მათ შორის ისინი, ვისთანაც პირველად ჩავედით, შვილიშვილი და ბებია, ელენეები, რომელთაც წიგნი ძალიან უყვარს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მათთვის პირველადი საჭიროებაა და სოფელში უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჰქონდეს ბიბლიოთეკა. ელენეები მათ გაუნაწილებენ კიდეც თავიანთ რესურსს.

როგორ აპირებთ პროექტის გაგრძელებას, სად იქნება შემდეგი გაჩერება?

ახლა ჩვენ ჩვენს წამოწყებაზე უკვე ველოდებით საზოგადოების პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი, ორგანიზაცია ჩაერთვება, ისინი გამოიწვევენ ერთმანეთს და ამ ყველაფრით კარგი გაგებით იხეირებს ლიტერატურული პროცესი, იგულისხმება გამომცემლობა, ავტორი, მთარგმნელი და ა.შ... ბუნებრივია, პირველ რიგში, დადებით შედეგს მიიღებს მკითხველი.

სამოქალაქო საზოგადოებას როგორ შეუძლია პროექტში ჩაერთოს?

ძალიან მარტივად, ადამიანებს შეუძლიათ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთი გამოიწვიონ, დააანონსონ, რა წიგნის ჩუქებას აპირებენ... ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნებით, ცხადია, პირველ ხაზზე ვიქნები.

პირადად თქვენთვის რა ემოციური მხარე ახლავს ახალ პროექტს?

გარდა იმისა, რომ წიგნი ტექსტია, შინაარსი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, ის არის არის ნივთიც, რომელიც რაღაც ტიპის ემოციას გულისხმობს. მაგალითად, ემოციას აღძრავს ბავშვობაში წაკითხული წიგნები. მათი გარეკანი გვახსენებს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადამიანებს. წიგნის მჩუქებელი გარკვეულწილად წიგნით და ავტოგრაფითაც გვამახსოვრდება და ეს რაღაცნაირად სიმბოლური აქტია.

მე ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი მჩუქნიდა და ასეთ ფრაზას აწერდა: "გიორგი კეკელიძის წიგნებიდან"... ჩემთვის ეს წიგნები, რომელსაც ახლა ოზურგეთის ბიბლიოთეკაში ვნახულობ ხოლმე, განსაკუთრებულად ემოციურია.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით