იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სოფელ ნიქოზის ამბულატორიას 64 643 აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა გადაეცა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ნიქოზის ამბულატორიას 64, 643 ამერიკული დოლარის ღირებულების აპარატურა გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ყველა საჭირო კვლევის შესაძლებლობა გააჩნია.

როგორც მერიაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ მიერ ნიქოზის ამბულატორიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტი, იაპონიის მთავრობამ „ადამიანის უსაფრთხოების“ საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დააფინანსა. სამედიცინო აღჭურვილობის პრეზენტაციას, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და სრული დატვირთვით ემსახურება მოსახლეობას, დღეს იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იაპონელი ხალხის მიმართ. იაპონიის მთავრობა, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ დახმარებას უწევს. ჩვენც, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ვთანამშრომლობთ საელჩოსთან და 2 წლის უკან მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი გრანტი მოიპოვა და საკმაოდ ძვირადღირებული და მრავალფუნქციური ტრაქტორი შევიძინეთ. მინდა ამჯერადაც ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საელჩოს ყველა თანამშრომელს და პირველ რიგში იაპონელ ხალხს. აღჭურვილობა კი, რომელიც გრანტის ფარგლებში ნიქოზის ამბულატორიამ შეიძინა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მათ აღარ მოუწევთ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად გორში ჩამოვიდნენ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია „ქართლოსს“, მათ იმუშავეს პროექტზე და ფაქტიურად ეს ყველაფერი მათი უდიდესი დამსახურებაა. მადლობა ნიქოზის ამბულატორიას. აქ ყველა ადამიანის შრომა, ვინც სამედიცინო დახმარებას უწევს ადგილობრივებს, უაღრესად დასაფასებელია“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მერმა იაპონიის ელჩს და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

გორის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.

„იმამურა აკირა ნიქოზში გამყოფ ხაზთან მივიდა. ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობე ბორდერიზაციის ნათელი მაგალითია, რომლის ერთი მხრიდანაც დღეს რუსი ე.წ. მესაზღვრეები იაპონიის ელჩისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას აკვირდებოდნენ“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა