საქართველო ახალი აფეთქების ზღვარზეა - ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო, საავადმყოფოები დიდი ნაკადების მისაღებად ემზადებიან
დათო მაღრაძე - “ვგრძნობ, ახალი რეალობა მოდის... გამარჯვების ასპარეზი არარევანშისტულ საქართველოს ეკუთვნის”
რა შეიცვლებოდა მელიას გამოშვებით - დაანონსებული მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევის შანსი
* * *
საქართველო ახალი აფეთქების ზღვარზეა - ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო, საავადმყოფოები დიდი ნაკადების მისაღებად ემზადებიან
“საავადმყოფოები მზად არიან ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის მისაღებად. საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების შემოღებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა საბჭოს წევრები მიანიშნებენ, რომ შესაძლო შეზღუდვები პირველ რიგში მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული და მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება. სამშაბათს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის ნახტომისებური ზრდის გარდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას ის იწვევს, რომ ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშრდება, რომელიც ჩვეულებრივ კორონავირუსზე უფრო მეტად გადამდებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო ახალი აფეთქების ზღვარზეა - ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო, საავადმყოფოები დიდი ნაკადების მისაღებად ემზადებიან.
“სამშაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ გადასცდა ათასს - 1 374 ახალი შემთხვევა 24 საათში. საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაკვირვება საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე, თუმცა ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციების განხორციელება არ იგეგმება. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით ახალი შეზღუდვები დამანგრეველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ხოლო ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად ვირუსის მზარდი რაოდენობისა, ქვეყანაში მისი უკონტროლო გავრცელება აღარ მოხდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდების დაწესება ამ ეტაპზე არ განუხილავთ, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების გათვალისწიენბით ერთ-ერთი პირველი შეზღუდვა მობილობის შემცირება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შეზღუდვები თუ საჭირო გახდა, ეს პირველ რიგში მობილობის შემცირებას შეეხება, ზოგადად კი შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს არის დაფუძნებული ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ზომების როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება”, - განაცხადა ღიბრაძემ. საკითხზე, რეგულაციების გამკაცრების შემთხვევაში, შეეხება თუ არა შეზღუდვა ტრანსპორტის გადაადგილებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება, თუმცა, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს სიტუაციაზე დაკვირვება”, - განაგრძობს გამოცემა.
“დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7-დღიანი ინტერვალებით, თუ ტენდენცია როგორ განვითარდება. გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ”, - თქვა გაბუნიამ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადადის. “დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის თქმით, “რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული”, - დასძენს გამოცემა.
“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თავდაპირველი პროგნოზით ახალი შეზღუდვების შემოღების საკითხი სავარაუდოდ მაშინ იქნებოდა საჭირო თუ დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადააჭარბებდა, თუმცა ის “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად 1374 შემთხვევისა, ახალი რეგულაციებს თავი უნდა ავარიდოთ, რადგან ის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. “მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ახალ შეზღუდვებს, რადგან ეს დამანგრეველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის. რამდენიმე ათასი მაინც უნდა იყოს ყოველდღიური შემთხვევა, რომ ახალ შეზღუდვებზე იფიქროს ჯანდაცვის სექტორმა. ამ შემთხვევაში მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ - იქნება თუ არა ახალი რეგულაციები, თუმცა ვფიქრობ ჯერჯერობით არსებული შეზღუდვების კონტროლი უნდა მოხდეს და თანმიმდევრულად შესრულდეს”, - ამბობს ზოიძე. მისი აზრით, “პირველ რიგში მკაცრად უნდა აღიკვეთოს თავშეყრის ადგილები და უნდა კონტროლდებოდეს დისტანცირების დაცვა, რადგან ახალი შტამის პირობებში ვირუსის გავრცელება უფრო ინტენსიური იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.
“ახალი შეზღუდვები რომ თავიდან ავიცილოთ, რომელიც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვისაც და თითოეული ადამიანისთვისაც, აუცილებელია არსებული შეზღუდვების დაცვა”, - თვლის აკაკი ზოიძე. საკითხზე არის თუ არა მოსალონდელი, ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ უკონტროლო გავრცელება, როგორიც ნოემერ-დეკემბერში შეინიშნებოდა, აღარ მოხდება, რადგან ახლა უკვე ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებელ ბერკეტებს ფლობს, ასევე დაწყებულია ვაქცინაცია. “არ მგონია უკონტროლო გავრცელება იყოს. ჯანდაცვის სისტემა უკვე სხვანაირად ხვდება ამ პროცესებს და უფრო მეტ ბერკეტებს ფლობს ეპიდემიის შესაჩერებლად. გარდა იმისა, რომ მოხდა მედპერსონალის გადამზადება, ასევე უკვე გვაქვს ვაქცინა და საკმაოდ ბევრ ადამიანს უტარდება ვაქცინაცია”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე, რომელიც “ამიტომ არ ელოდება აპოკალიფტურ მდგომარეობას”, - დასძენს სტატიის ავტორი.
დათო მაღრაძე - “ვგრძნობ, ახალი რეალობა მოდის... გამარჯვების ასპარეზი არარევანშისტულ საქართველოს ეკუთვნის”
“კონკრეტული ამბების განზოგადებას თუ შევეცდებით, ეს რეალობა აგრესიული უტიფრობით, უპასუხისმგებლობითა და რიტუალური გამარჯვებებით ხასიათდება, რაც ძალზე თვალში საცემია. მათ შორის აგრესიული უტიფრობა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. თუმცა, ვფიქრობ, ეს რეალობა მთავრდება და ახალი იკვეთება... ამ მახასიათებლებს კიდევ ერთი, პროვინციული გარემოც ემატება, პირობითად რომ ვთქვათ, “სვეცკები” ქაჯობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ “სვეცკობის” გზაზე პატრიოტიზმის ნაკადი გამორჩათ, არ ეცალათ ამისთვის და მიაჩნიათ, რომ ახლანდელი ქაჯობით თავიანთი ცხოვრების გზაზე ამ ნაკადს შეივსებენ”, - აცხადებს პოეტი დათო მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მოცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვგრძნობ, ახალი რეალობა მოდის...” / “ევროპულ მომავალს უფრო ქართული სულიერება ემსახურება და არა ქართული პოლიტიკა“ / “ევროპისკენ სვლა დეკლარირებული გვაქვს, ოღონდ კალენდარი დაგვრჩა ძველი... მთავარია ახალი რეალობა დროულად მოვიდეს, რათა გასწორებული კალენდრით ვიცხოვროთ” / “გამარჯვების ასპარეზი არარევანშისტულ საქართველოს ეკუთვნის”.
“ქაჯები “სვეცკობენ” - ჰგონიათ, რომ ძალზე პრიმიტიული უკულტურობა სუპერლიბერალიზმით შეინიღბება და ამაში მათი გოიმობაც დაიმალება. ეს ეხება ყველა სფეროს, თუმცა პოლიტიკაში უფრო თვალსაჩინო ხდება, ეს ყველაფერი კი რიტუალურ გამარჯვებებში გადაიზრდება ხოლმე. ამის მაგალითი იყო წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება. აგრესიული უტიფრობა იქამდე მივიდა, დაკარგული მიწა-წყალი გამარჯვებად ჩათვალეს. აწმყოს რომ გადავხედოთ, რომელიც წარსულისა და მომავლისგან შედგება, რეალობა ასეთია - თავად ვერ გავართვით პრობლემებს თავი და ევროპელი მოკავშირეები გვეუბნებიან, როგორმე დაგეხმარებითო, ოღონდ არც იმის წინაპირობები ჩანს, რომ მათ შეგონებებს შევისმენთ. ერთი დადებითი, რაც ამ პროცესებს ახლავს, ის არის, რომ ეს რეალობა ავანსცენიდან მიდის და ახალი, ბევრად საიმედო და სასარგებლო რეალობა მოდის. არადა, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვენი აწმყო გაყალბდა ისე, როგორც ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა გააყალბეს აწმყოც, წარსულიც და მომავალიც. შემდეგ უკვე 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც “ნაცმოძრაობა” მოვიდა, ასევე გააყალბა ყველაფერი. ეს გაყალბებული ქვეყანა რეალურთან კონფლიქტში შედის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო მაღრაძე.
“შესაძლოა ბოლო არჩევნებში ხარვეზები იყო, მაგრამ ტოტალურად არ გაყალბებულა, უბრალოდ, გაყალბებული ქვეყანა არჩევნების რეალურ შედეგებს ვეღარ იღებს. ამის ავტორებს არ სურთ იმის გაცნობიერება, რომ ქართველმა საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა რიგგარეშე არჩევნების თემა მოხსნეს. ამის საჭიროება არ დგას. ამიტომ შემოგვთავაზეს დოკუმენტი, რომლის სიღრმისეულ ანალიზს ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვიცი, მასში ხელახალი არჩევნები არც ყოფილა ნახსენები. ამიტომ ხელისუფლებას ცალმხრივად მაინც უნდა მოეწერა ხელი და სქოლიოში ჩაეწერა ის პუნქტები, რომლებიც მისთვის მიუღებელი იყო. თუმცა ეს შესაძლებლობა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ხელიდან გაუშვა”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზეც - “ჩვენი პარტნიორები მუდმივად ამბობენ, რომ მხარეების გაჯიუტებით შესაძლოა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას”, - პასუხობს:
“ევროპულ მომავალს უფრო ქართული სულიერება ემსახურება და არა ქართული პოლიტიკა. თუმცა ვერ შევძელით ეს კულტურა პოლიტიკის ენაზე გვეთარგმნა. ამ ეპოქის კიდევ ერთი მახასიათებელი ისიც არის, რომ ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადავიყვანეთ, ისე, როგორც არაერთი ქარტეხილი, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა, გამოცდილებად ვერ ვაქციეთ. ამის შედეგია პოლარიზებული მხარეები. “ნაცმოძრაობის” რეგრესიული და ძალადობრივი რეჟიმი წამიერი გაელვება კი არ ყოფილა, 9 წელი გრძელდებოდა, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ რეაგირება ვერ მოასწრო საკუთარი არჩევნის გასაკეთებლად. ვინც არ ან ვერ დაუპირისპირდა მაშინდელ რეჟიმს, მეტიც, თანამშრომლობაზეც თანახმა იყო, დღეს თავის უზნეობასა და სიმხდალეს ვერ პატიობს თავისუფალ საზოგადოებას. იმის ნაცვლად, საკუთარ სიმხდალეს ებრძოლოს, მათ ებრძვის. ცდილობს უნიათო ხელისუფლებასთან ჭიდილს თავისუფლებასთან ბრძოლა დაარქვას, რადგან იცის, ასეთ ძალასთან ბრძოლას რისკი არ ახლავს.”
“ოცნებამ” კი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე გადაწყვიტა, რომ თავისუფალი საზოგადოების პირისპირ დარჩენა არ წაადგებოდა, თანამებრძოლებს გარკვეულწილად გაემიჯნა, რათა მათი აზრის გათვალისწინების ვალდებულება არ ჰქონოდა. “ოცნებამ” “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები მოაყოჩაღა, რომ მათით ესულდგმულა, რათა თავისუფალ საზოგადოებას მათი კრიტიკისთვის დრო ვერ ეპოვა და ახლა უკვე ოპოზიციაში გადასულ “ნაციონალებთან” ებრძოლა. ეს ძალა კი ოპოზიციაშიც ისე ძალადობს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას. სწორედ ამის ხელშეწყობა გადაწყვიტა “ოცნებამ”, რადგან ეგონა, ჭკუით ყველას აჯობებდა, “ნაციონალები” და თავისუფალი საზოგადოება ერთმანეთთან პაექრობაში გაერთობოდნენ და ამასობაში თავის ვიწროგუნდურ, კარჩაკეტილ რეჟიმში ძალაუფლებითა და თავისი გამჭრიახობით მშვიდად “დაჭკნებოდა”. თუმცა, რა როლიც გაუმზადა თავისუფალ საზოგადოებას, იქ თავად აღმოჩნდა, მთავარი რამ ვერ გათვალა - რევანშისტულ ძალას თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევა კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ხელისუფლების სათავეში მოსვლა სწყუროდა”, - თვლის პოეტი.
“ოცნებამაც” ტრანსფორმაცია განიცადა - ის ხალხი, ვინც ძალადობრივი რეჟიმის დროს წინა ხაზზე იბრძოდა, მათ რიგებში ისე ჭარბად აღარ ჩანს. ახლა ისინი დაწინაურდნენ, ვისაც კონფორმიზმი ადრეც არ უჭირდა. ორი წლის წინ ფილარმონიის დარბაზში რომ ვთქვი, “ოცნება” ისე უნდა წავიდეს, “ნაცები” ვეღარ მობრუნდნენ-მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ ძალა, რომელიც ქვეყნის მართვის სურვილს გამოთქვამს, რევანშისტული არ უნდა იყოს. არსებულმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მის გასანადგურებლად კი არა, ქვეყნის უკეთ სამართავად მოდის... ქართველ საზოგადოებას არა ჰყავს მოკავშირე. ყოველ შემთხვევაში, “ოცნებას” მის მოკავშირედ ვერ აღვიქვამ და ვფიქრობ, ის ხელისუფლების სათავეში ქვეყნის კი არა, თავისი პარტიის სამართავად არის. საზოგადოებად მოსახლეობის ის ნაწილი მიმაჩნია, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ვიღაცას შესაძლოა ნაადრევი მოეჩვენოს, მაგრამ ვგრძნობ, ახალი რეალობა მოდის ერსა და ბერშიც, თანაც მხოლოდ პოლიტიკური ძალის ალტერნატივა კი არა, ახალი ეპოქა მოდის”, - დაასკვნის დავით მაღრაძე.
“უცნობის” აქციის მონაწილე არ ვყოფილვარ, რადგან უფრო ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ და ვცდილობ ჩემი შემოქმედებაც და ცხოვრებაც ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი რომანის სათაურს, “გზაზე ერთი კაცი მიდიოდას” ჰგავდეს. ერთი კაცის მსვლელობას თავისი სიმართლე და მადლი აქვს. თუმცა ყველა იმ ადამიანს ვგულშემატკივრობ, რომელთან ერთადაც რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მიბრძოლია. ვაფასებ აქციის მესვეურთა და ყველა მონაწილის გულწრფელობას. ქართველი ხალხის დღე ყოველთვის არის და, ალბათ, ამისთვისაც არის ეს მოძრაობა დაფუძნებული. ყველა წამოწყებას მივესალმები. შესაძლოა ეს ყველაფერი იმ დიდი რეალობის შენაკადი იყოს, თუმცა მირჩევნია მოვლენებს არ გავუსწრო”, - ამბობს რესპონდენტი.
“სააკაშვილი დღენიადაგ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ისევ იმ დროშია ჩარჩენილი, როცა შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა სულს ღაფავდა, ხალხს მობეზრებული ჰქონდა და ბრძოლასაც აზრი ჰქონდა, გამარგინალებულია და თანამოაზრეების ჩატოვებაც იმ დროში სურს, რადგან იმ გუნდისთვის იმდენად ტკბილია ის წარსული, რომ დღემდე ვერ აღწევენ თავს. რაც შეეხება ივანიშვილს, მასთან მძაფრი, საჯარო პოლემიკა მქონდა. იმას, რასაც მაშინ ვამბობდი, ახლა ევროკავშირი სასამართლოს რეფორმაზე მსჯელობისას თითქმის ტრანშის დონეზე აყენებს... მე და ივანიშვილმა ალალ-მართალში ვიკამათეთ, თუმცა მლიქვნელებმა ეს ისე აღიქვეს, როგორც მათ უნდა აღექვათ, ჩემი ლანძღვა-გინებით ეპრანჭებოდნენ მას, არსენას ლექსის არ იყოს, ფარსადანს ასე ეგონა, ჩინს მომცემენ, ტემლაკებსაო, მაგრამ პანღურები უთავაზეს. თუმცა ჩვენი კამათის სიმძაფრე არ მიშლის ხელს მისი ღვაწლის შეფასებასა და კეთილგანწყობის შენარჩუნებაში. არავის უპირობო მხარდამჭერი არ ვყოფილვარ და არც კრიტიკა გამჭირვებია, მაგრამ პიროვნულ ღირსებას არ შეხებია და ეთიკის ფარგლებში წარიმართა, ოღონდ საზოგადოების ზურგს უკან კი არა, ღიად ვიკამათეთ”, - განმარტავს პოეტი.
“ამის მიუხედავად, პოლიტიკაში მისი მოსვლაც ნაბიჯი იყო და წასვლაც ნაბიჯია, და თუ ნაბიჯია, კვალიც დარჩება. ორივე ნაბიჯი კი დროთა განმავლობაში კონიაკივით დაძველდება. ამიტომ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახლანდელ ჭიდილში მმართველი გუნდის უკან ივანიშვილი დგას, თუნდაც იმიტომ, რომ ის წავიდა ხელისუფლებიდან. სამაგიეროდ, სააკაშვილი ისევ იღვწის ძალაუფლებისთვის. რეალურად ეს არის დაპირისპირება საქართველოს კეთილ მომავალს, წინსვლასა და სააკაშვილს შორის... ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსაც შევეხები. ის ზნეობრივად მისაბაძი ადამიანისგან შორს არის, მაგრამ იმ უსაქციელობასა და უკულტურობას, რაც მაშინ თბილისში გამოჩნდა, ეს არ ამართლებს. რა იქნება, ხვალ ჟერარ დეპარდიეს ამოიღებენ მიზანში? ასე ვეღარ გაგრძელდება, აზრის ასეთი ფორმით გამოხატვა არის რევანშისტული და უნდა დასრულდეს. გამარჯვების ასპარეზი არარევანშისტულ საქართველოს ეკუთვნის”, - დასძენს დავით მაღრაძე.
რა შეიცვლებოდა მელიას გამოშვებით - დაანონსებული მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევის შანსი
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას ციხეში რჩება. თვის ბოლოსთვის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მორიგი რაუნდია დაანონსებული და შესაძლოა სასამართლოს მიერ სამშაბათს მიღებულმა გადაწყვეტილება ამაზე გავლენა მოახდინოს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მელიას გათავისუფლება მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯად იქნებოდა აღქმული და ეს ხელს შეუწყობდა მხარეთა პოზიციების დაახლოებას. მეორე ნაწილი კი საპირისპირო აზრზეა, რადგანაც, მათი შეფასებით, ოპოზიციას შეთანხმება არც ერთ შემთხვევაში არ სურს. სამშაბათს სასამართლო პროცესზე მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა, საბოლოოდ კი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რადგანაც მოსამართლეს “მურუსიძის მონა” უწოდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეიცვლებოდა მელიას გამოშვებით - დაანონსებული მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევის შანსი.
“როგორ შეიძლება ამის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაგრძელდეს და არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის რესურსი? ოპოზიცია ამას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების წარმატებულად გაგრძელები მცირე რესურსი მაინც რჩება. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა ოპოზიციის ახირებაა და ეს “ქართულ ოცნებას” არავითარ პოლიტიკურ დივიდენდებს არ აძლევს. მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დაცვის მხარეს ორჯერ მიმართა, თუმცა, მისივე განმარტებით, დაცვის მხარეს ამის სურვილი არ გამოუთქვამს. როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ, ბრალდების მხარეს სამშაბათს სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არც დაცვის მხარეს მოუთხოვია. მმართველი გუნდი მელიასა და მთლიანად ოპოზიციას სპეკულირებაში ადანაშაულებს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მელიას საპატიმროში ყოფნა მათი ოპონენტების მიზანია და სწორედ ამიტომ არ იხდის ის გირაოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით. ვის სჭირდება ნიკა მელია საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად გააგრძელონ ამ თემაზე სპეკულაცია”, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი. თავად მელია აცხადებს, რომ მისი პატიმრობის საკითხი ხელისუფლებამ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისათვის სავაჭროდ “შეინახა” - “გასაგებია რაც ხდება... დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?! ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა, დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა. ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს. ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს...” - წერს მელია სოციალურ ქსელში. ოპოზიციაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ მხარეთა პოზიციების დაახლოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. “ქართულ ოცნებას” არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება, რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, “ქართულმა ოცნებამ”, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან”, - განაცხადა ხაზარაძემ. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით “ფანჯარა დაიხურა”, თუმა “სარკმელი შეიძლება ღია იყოს”, თუმცა, მოლაპარაკების გაგრძელებასთან დაკავშირებით ის მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ პროკურატურა ვერანაირად ვერ შევიდოდა შუამდგომლობით ნიკა მელიას გათავისუფლობით, რადგანაც კანონში წერია - სანამ მელია გირაოს არ გადაიხდის ის ვერ გათავისუფლდება, აბაშიძე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული მიზნები მაინც არ შეიცვლებოდა და არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მელია გარეთ იქნება თუ შიგნით. მისი აზრით, ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებს დადებითი შედეგით “ნაციონალების” და “ევროპელების” გარეშე დაასრულებს”, - დასძენს გამოცემა.
“მელია გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა გირაოს გადახდის შემდეგ, “ნაციოანლების” რიტორიკა მაინც არ შეიცვლებოდა. შემდეგ იტყოდნენ, რომ გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. ასევე აქვთ მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი ამინისტია მოხდეს. მერე რიგგარეშე არჩევნები უნდათ. მელია რომც გამოვიდეს, “ენმ” თავის არაადეკვატურ მოთხოვნებს მაინც არ შეცვლის. ეს კი მიზანმიმართულად კეთდება, რათა ჯანსაღი პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩაშალონ. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია, რომ, როგორც თავად ერეოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ახლაც ასე ხდება. უნდათ “ოცნება” წარმოაჩინონ იმ ძალად, რომელიც სასამართლოს სისტემას მართავს. სულ სხვა არის რას ამბობენ “ნაციონალები”, მათი მარიონეტები, როგორც ოპოზიციაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში და რას ამბობენ ნეიტრალურ საერთაშორისო ორგანიზაციები. მოსამართლეს თალაკვაძე და კობახიძე ვერ დაურეკავენ, რომ მელია გამოუშვას. მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას თავად იღებს. ხელისუფლება მოლაპარაკებებს შედეგით “ნაციონალების” და “ევროპელების” გარეშე წარმატებით მაინც დაასრულებს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” შესაძლოა პატიმრობაში მყოფი მელია ოპოზიციასთან შემდგომი ვაჭრობისთვის სჭირდება. მისი აზრით, ხელისუფლება ამით ასევე იმაზე აკეთებს აპელირებას, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და მასზე პოლიტიკური ზეგავლენა არ ხორციელდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“შესაძლოა “ოცნებას” მელიას პატიმრობა ოპოზიციასთან სავაჭრო თემად სჭირდებოდეს. არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესასვლელად მელიას პატიმრობა როგორც კოზირი ისე დაიტოვეს. არ გამოვრიცხავ, რომ მისი და რურუას გათავისუფლებაც მერე, მოლაპარაკებების პროცესში მოხდეს, როგორც ეს, მაგალითად, ოქრუაშვილის და უგულავას შემთხვევაში გააკეთეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ პრეზიდენტმა რურუა შეიწყალოს, ხოლო მელიაზე გათავისუფლების შუამდგომლობით პროკურატურა შევიდეს. ეს იქნება სუფთა პოლიტიკური ვაჭრობის თემა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკების დროს ხელისუფლებამ მელია და რიგგარეშე არჩევნები “გაცვალოს” - თქვან, რომ ისინი მელიას და რურუას გათავისუფლებით კომპრომისზე მიდიან და ოპოზიციამაც იგივე უნდა გააკეთოს რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.