ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021

ერთადერთი ხსნა ვაქცინაცია - “პანდემია შესაძლოა წლები გაგრძელდეს, თუ ვირუსის მუტაცია უსასრულო გახდა”

რატომ დაურეკა ბაიდენმა პუტინს და რა კავშირი აქვს უკრაინის თემას საქართველოსთან

ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც! - ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა

* * *

ერთადერთი ხსნა ვაქცინაცია - “პანდემია შესაძლოა წლები გაგრძელდეს, თუ ვირუსის მუტაცია უსასრულო გახდა”

“როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, აღარ არსებობს გარანტია, რომ კოვიდ-19-ის ინფექცია ხელმეორედ არ შეგვხვდება - ხდება მუტაცია, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს და რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ასეთ შემთხვევაში კი სპეციალისტები აცხადებენ, რომ სანამ კორონავირუსი ისეთ ახალ შტამებს წარმოქმნის, რომლებიც უკვე არსებულ ვაქცინებს არ ემორჩილებიან, მანამდე უნდა დავასწროთ და მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერთადერთი ხსნა ვაქცინაცია - “პანდემია შესაძლოა წლები გაგრძელდეს, თუ ვირუსის მუტაცია უსასრულო გახდა”.

“ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთავარი შეზღუდვა - ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 50%-ზე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. იმის გამო, რომ არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა კი განაცხადა, კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მისი აზრით, არსებული სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წინა ტალღებისგან განსხვავებით მკაცრი ღონისძიებები გატარდეს. “როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან. ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე”, - აცხადებს ზახაშვილი. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, თუ კორონავირუსის მუტაცია უსასრულო გახდა, მაშინ კორონავირუსიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ვაქცინაციაა, რადგან ერთი და იგივე ვირუსით რეინფიცირების დროს, ადამიანის ორგანიზმი ბევრად მზადაა და ნაკლები გართულებები შეხვდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“სხვა გზა მაინც არ გვაქვს - აცრები უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ ყოველ შემთხვევაში ამით სიკვდილიანობას დაბლა დავაგდებთ. საერთოდ ერთი და იგივე ვირუსით ნებისმიერი რეინფიცირების დროს, მიუხედავად იმისა, ეს მუტირებულია თუ არა, მაინც ორგანიზმი მზადაა და ბევრად უფრო ადვილად გადაიტანს და გართულებები ბევრად ნაკლები იქნება. ამიტომ იმის ლაპარაკი, რომ არ ავიცრათ, რადგან შეიძლება ვირუსი მაინც შეგვხვდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უბრალოდ, ვაქცინა მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს და დღესდღეობით ეს ორი საკმაოდ კარგ ვაქცინად მიმაჩნია, არ ვიცი ჩინური რა ხარისხისაა და როგორც ვიცი “ჯონსონის” ვაქცინა ჯერჯერობით გაჩერებულია, რადგან თრომბოემბოლიის ექვსი შემთხვევა იყო. ამიტომ, იმის ძახილი რომ არ ავიცრათ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, რომ ეს ვირუსი მართლა ჩინეთში ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი? თანამედროვე პერიოდმა, ტექნიკამ, ურბანიზაციამ, ხეების გაჩეხვამ, ჰაერის დაბინძურებამ, იმუნიტეტის დავარდნამ გამოიწვია ის, რომ რეპლიკაციის უნარი სრულიად განსხვავებული აქვს და აქვს მუტირების უნარი. თუმცა, სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვებრძოლოთ იმითი, რაც გვაქვს. ანუ, ჯერჯერობით ძირითადად ეპიდემიოლოგიური საშუალებები და ვაქცინაცია, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“თუ რასაც ექიმები და ეპიდემიოლოგები ვამბობთ, ჩვენ ეს წესები არ დავიცავით, შესაძლოა კორონავირუსი გაუთავებელი გახდეს, თუ მუტაცია გაუთავებელი გახდება. ეპიდემია მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა ყველა ადამიანს ყველა ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ექნება. თუმცა ადამიანებისაც მესმის, რომ პირბადის ტარება უჭირთ, რომ აუკრძალოთ სახლიდან გამოსვლა, რომ არავის არ შეხვდეს, არავის დაელაპარაკოს. შესაბამისად, მობეზრდათ და ბევრმა ადამიანმა ხელიც ჩაიქნია, მე პირადად ძალიან ბევრს ვხვდები პირბადის გარეშე ქუჩაში მოსიარულეს. ადამიანებისაც უნდა გვესმოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავაძლიეროთ ეს ინფორმაციის მიწოდება თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, თან აღდგომა მოდის და თუ რეალური თავდაცვა არ მოხდება, უარეს სურათს მივიღებთ, ვიდრე ჩვენ დიდი აფეთქებების დროს გვქონდა, რადგან სამწუხაროდ, უკვე კლასტერები წამოვიდა”, - დაასკვნის ხმალაძე.

“ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ახალი შტამების წარმოქმნა მოსალოდნელი იყო, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე საუბარი ძნელია, თუმცა, გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა. “ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ის, რომ მუტაცია ახასიათებს და მას საკმაოდ სწრაფად განიცდის, სპეციალისტები თავიდანვე ხშირად აღნიშნავდნენ, ამიტომაც იყო მოსალოდნელი, რომ ახალ-ახალი შტამები წარმოიქმნებოდა. წინასწარ რთული სათქმელია ასეთ შემთხვევაში მოვლენები რა სცენარით წარიმართება, რადგან ვერავინ ვერ განსაზღვრავს რა ტიპის მუტაციები მოხდება და რა შტამები წარმოიქმნება. თუმცა, ერთადერთი ხსნა და გამოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ვაქცინაციაა, რადგან სანამ კორონავირუსი ისეთ ახალ შტამებს წარმოქმნის, რომლებიც უკვე არსებულ ვაქცინებს არ ემორჩილებიან და მერე ახალ ვაქცინის შექმნას დრო სჭირდება, მანამდე უნდა დავასწროთ და გონივრულ ვადაში მთელი მსოფლიოს ვაქცინაცია მოხდეს იმისთის, რომ პანდემიის დამარცხება მოხერხდეს”, - თქვა მან. ინფექციონისტის აზრით, თუ კორონავირუსმა დაგვასწრო და ახალი შტამები წამოვიდა, მერე შესაძლოა პანდემია წლები გაგრძელდეს”, - დასძენს გამოცემა.

“სხვა შემთხვევაში, თუ ვირუსმა დაგვასწრო და ისეთი ახალი შტამები წარმოიქმნა, რომლის მიმართაც არსებული ვაქცინები უეფექტო იქნება, რა თქმა უნდა, ეს პანდემია გაგრძელდება და შესაძლოა რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს იმას, რომ საბოლოო დამარცხება მოხდეს. რეინფექციას რაც შეეხება, ამის რისკები თავიდანვე არსებობდა და ერთეული შემთხვევები იყო. როცა ახალი შტამების წარმოქმნა მოხდა, რეინფექციის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის გადატანის შემთხვევას ხელმეორედ აუცილებლად შეხვდება, მაგრამ ამის რისკები არსებობს. რეინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით ისეთ კრიტიკულ რიცხვზე არ მისულა, რომ ვთქვათ, რომ ვინც უკვე გადაიტანა, აუცილებლად ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგ ხელმეორედ აუცილებლად სხვა შტამით დაინფიცირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც დრო გადის და დიდი არაიმუნური ფენა გვყავს, რისკები იზრდება, ამიტომ გამოსავალი ამ ეტაპზე რეკომენდაციების დაცვაშია, საბოლოო გამოსავლისთვის ვაქცინაცია უნდა მოხდეს, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, მხოლოდ ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, ამისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილის ვცაქცინაცია უნდა მოხდეს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

რატომ დაურეკა ბაიდენმა პუტინს და რა კავშირი აქვს უკრაინის თემას საქართველოსთან

“აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და პუტინთან სხვადასხვა გლობალური და რეგიონალური საკითხები განიხილა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, პუტინთან დარეკვით ბაიდენი სწორად მოიქცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უკრაინას უჭერს. ბაიდენისა და პუტინის საუბარში ასევე განხილული იყო იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხები, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაურეკა ბაიდენმა პუტინს და რა კავშირი აქვს უკრაინის თემას საქართველოსთან.

“აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მიმდინარე პროცესების პარალელურად კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ შესაძლოა დასავლეთმა რუსეთი საერთაშორისო საგადასახადო სისტემებიდან გარიცხოს. “ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია იმ ფაქტის სრულიად აღქმა, რომ რუსეთის მიმართ შეზღუდვა ამა თუ იმ ფორმით მთელი რიგი სახელმწიფოებისგან გამოიყენება, რომელთა მიზანია რუსეთის, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონო შეკავება”, - განაცხადა პესკოვმა. პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბარსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე “რეზონანსს” კონფიქტოლოგი, პატაა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში ვითარების დაძაბვის ერთ-ერთ მოტივად ბაიდენსა და პუტინს შორის გაუგებრობაც იქცა, როდესაც ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინი საკმაოდ ვერაგი, შურისმაძიებელი ადამიანია, შესაბამისად, ბაიდენს თავის განცხადებას მარტივად არ შეარჩენდა. ერთ-ერთი ფაქტორი უკრაინაში ვითარების დაძაბვისა, არის სწორედ ეს. ეს არის გამომწვევი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რათა აიძულოს დასავლეთი რუსეთს ანგარიში გაუწიოს. ბაიდენს კარგად ესმის, რომ არ შეიძლება გახდეს თავისივე განცხადების მძევალი, ამიტომ ის მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას. ვფიქრობ, ასეთ დროს ბაიდენის მხრიდან დარეკვა იყო გონივრული ქმედება, მით უმეტეს, მას პუტინისთვის ბოდიში არ მოუხდია და საუბარი მხოლოდ საქმეს ეხებოდა. ბაიდენმა დააზუსტა, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე იმ მხრივ, რომ როცა დასავლეთი დაიცავს უკრაინას, ავტომატურად დაიცავს საქართველოს, თუმცა, საქართველო არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ჩავაგდეთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ძალიან უაზროდ მოვიქეცით. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობას. მე მინდა ვიფიქრო, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყება, რადგან, ვფიქრობ, რომ რუსეთს ომი არ სჭირდება. ამიტომ ის მოსაზრება, რომ რუსეთი ათამაშებს კუნთებს, ნაწილობრივ სიმართლეა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უფრო ძალის დემონსტრირებას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსებს ტანკები გადაჰყავთ დღისით, ამას ყველა ხედავს. მას რომ ომი უნდოდეს, უფრო ფარულად იმოქმედებდა. ამ შემთხვევაში კი, რუსეთი თვალსაჩინოდ აკეთებს ყველაფერს, ეს უფრო დაშინებას ჰგავს და არა მასშტაბური ომის დასაწყისს, იმედი მაქვს არ ვცდები, ზოგადად რუსეთისგან გამორიცხული არაფერია. ფართომასშტაბიდან ომს არ ველოდები, შესაბამისად, ის მოსაზრება რომ შეიძლება უკრაინის შემდეგ რუსეთმა ომი საქართველოს გამოუცხადოს აბსურდულად მეჩვენება”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

საგარეო საკითხების ექსპერტი ზურა ბატიაშვილი კი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით შექმნის საშიშროება რეალური გახდა და რუსებს უკრაინის შემდეგ საქართველო ჰყავთ მიზანში ამოღებული, ხოლო საქართველო მაქსიმალურად უნდა დადგეს უკრაინის გვერდით. ბატიაშვილის თქმით, “ჩვენ უნდა ვეცადოთ დასავლეთისთვის უკრაინასთან ერთად დღის წესრიგში საქართველოც იყოს, რადგან თუ რუსებს უკრაინაში გაუვიდათ, შემდეგ საქართველო იქნება მიზანში ამოღებული”, - წერს სტატიის ავტორი.

ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც! - ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა

“ლარს უკვე ვეღარაფერი შველის. გუშინაც მორიგი ნახტომისებური გაუფასურება მოხდა, რაც ადასტურებს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს კურსის გამყარების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ერთადერთი ინტერვენციებია და უკვე ამასაც თავს არიდებენ. ვერც პრემიერი ასრულებს ბიზნესთან დადებულ პირობას კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით. მთავრობაში ღარიბაშვილის ხელმეორედ მოსვლიდან ორიოდ თვეში ლარი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა და ამ პრობლემას ვერაფრით უპირისპირდებიან. ელემენტარულად, ვერ ახერხებენ, რომ სპეკულაციური მომენტები მაინც ჩააცხრონ. ექსპერტებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ გუშინ ლარი სწორედ ამ ფაქტორმა გააუფასურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც! / ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა.

“მდგომარეობას უიმედოდ წარმოაჩენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაც. ის პირდაპირ ამბობს, რომ კურსთან დაკავშირებით საქართველოში რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. არაფრის მომცემია მისი განცხადება ინფლაციასთან დაკავშირებითაც. როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რათა ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, თუმცა ქვეყნის პირველი ბანკირი ამბობს, რომ ინფლაცია ყველა ქვეყანაში შეინიშნება. “რეზონანსი” დაინტერესდა, რა მოხდა სინამდვილეში, რა აუფასურებს ლარს და სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. როგორც ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, უკვე ვარაუდიც კი შეუძლებელი ხდება, რადგან კურსი არაეკონომიკური ფაქტორებით უფასურდება და არ არის იმის მინიშნებაც კი, რომ ვინმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელის გამოღებას შეეცდება. “ქვეყანაც და ლარიც დაღმა, ფსკერისკენ მიექანებიან”, - ასე აფასებს არსებულ ვითარებას ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი აზრით, შესაძლოა, გაუფასურება საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდებოდეს, თუმცა დიდია სპეკულაციური მომენტის ზეგავლენაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვალის გადაფარვის პროცესმა, რომელიც გუშინწინ შედგა, ქვეყნიდან კონვერტირებადი ვალუტის გასვლა გამოიწვია. შესაბამისად, ლარიც ნახტომისებურად გაუფასურდა. 2015 წლიდან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესებია და მცდელობაც კი არ არის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ლარი ახლა იმ ნიშნულს მიუახლოვდა, როცა მისი გამყარება ეკონომიკის მკვეთრი შემობრუნების გარეშე ვერ მოხდება, მით უმეტეს, როცა მთავრობა და ეროვნული ბანკი არ ერიდებიან ფულის მასის ზრდას. იმის მაგიერ, რომ 24-საათიან რეჟიმში ამუშაონ ეკონომიკა, ისევ შეზღუდვებზეა ლაპარაკი. კიდევ თუ გამოაცხადებენ “ლოკდაუნს”, წარმოდგენაც შეუძლებელია, რა დარტყმას მიიღებს ეკონომიკა. ლარი ფსკერისკენ მიდის და ვერც შემოაბრუნებენ. არავის აქვს იმედი, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ერთ ინვესტორს მაინც რომ ეფიქრა ასე, აუქციონზე გამოტანილი 10 საპრივატიზებო ობიექტიდან ერთი მაინც უნდა გაყიდულიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა რამაზ გერლიანი.

“ალბათ, ახალ სესხს ავიღებთ. ეს თუ მოხერხდება, დადებითი სტიმული შეიძლება გაჩნდეს. “ლოკდაუნს” თუ არ გამოაცხადებენ, ივნისისთვის გამყარების ტენდენციას უნდა ველოდოთ, მაგრამ 3,36-3,37-ზე დაბლა ლარი არ ჩამოვა, რა ღონისძიებებიც არ უნდა გაატარონ. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ბანკებს არავინ აკონტროლებს, სპეკულაციურ ფაქტორებს აქვს ადგილი, რაც ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზია. რამდენიმე ბანკის ინტერესებს ეწირება ლარი და ამაზე ყველა თვალს ხუჭავს. წესით, ეროვნული ბანკი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, მაგრამ ამას არ აკეთებს”, - დასძენს გერლიანი. ლართან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი აქვს ანალიტიკოს ნიკა შენგელიას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ის პროგნოზირებდა, რომ 5 აპრილიდან დაიწყებდა ლარი გამყარებას და ეს მოხდა კიდეც რამდენიმე პუნქტით, მაგრამ მალევე საპირისპირო ტენდენცია გაჩნდა. ეს მთავრობამ რეგიონული ვალუტების გაუფასურებით ახსნა, რასაც ფინანსისტი არ იზიარებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ლარმა როდესაც გაუფასურება დაიწყო, მთავრობამ რეგიონული ვალუტების გაუფასურებას დააბრალა, თუმცა თურქეთში გაუფასურება იმიტომ მოხდა, რომ ერდოღანმა გაათავისუფლა ეროვნული ბანკის მმართველი, რომელიც ბანკს ლიბერალური პოლიტიკით მართავდა. რაც შეეხება საქართველოს, 31 მარტიდან ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, ხოლო თურქული ლირა ნელ-ნელა მყარდება. რუსეთში რუბლი საკმაოდ გამყარებულია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლირისა და რუბლის გაუფასურება ლარის კურსთან არანაირ კავშირში არ არის. მით უმეტეს, იმდენად არ გაუფასურებულა არც ერთი, რომ ლარზე მოეხდინა გავლენა. საინფორმაციო ფაქტორიც მოქმედებს, ფსიქოლოგიური ზეწოლაა ლარზე. ინვესტორი, ვინც დარჩა, შეიძლება, ამ ფაქტორს აჰყვეს, წინასწარ იმარაგებდეს ბაზარზე დოლარს და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდიდეს. არ გამოვრიცხავ, ეს ფაქტორიც მოქმედებდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომ ეთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა კურსის გასამყარებლად, ფსიქოლოგიურ ფაქტორს გაანეიტრალებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამ დროს ბანკებს გზა ხსნილი აქვთ, სპეკულაციურად ვაჭრობენ და ლარს მიზანმიმართულად აუფასურებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპომდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა