გიორგი ვაშაძე - დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ

დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მედიატორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერამდე განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში დაპირისპირების დასასრული იქნება.

„პირველ რიგში, გამარჯვებულია ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო იმიტომ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი - ესაა ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი საქართველოში დაპირისპირების დასრულების. არ მინდა, საქართველო იყოს ბოიკოტების ქვეყანა, მინდა იყოს თანხმობის ქვეყანა. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს გაჭვირვების ქვეყანა, მინდა იყოს განვითარების ქვეყანა. არ მინდა საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, არამედ იყოს ჯანსაღი კამათის ქვეყანა, იდეებით, პაექრობის და ხალხზე ზრუნვაზე კონკურენციის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თუ ყველა მოვინდომებთ, ამას ნამდვილად შევძლებთ. ეს ისტორიული დღე ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საქართველოს მშენებლობას, რომელიც მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცედურა მიმდინარეობს. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა