აფბას მიმართვა ხელისუფლებას - ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება, როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას,- ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს ჰიდროენერგოობიექტების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. აღსანიშნავია, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრობლემა ქართულ რეალობაში წლების მანძილზე აქტიურად დგას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრობლემის სათავე არ არის, რომელიმე ცალკე აღებულ პროექტში ან მის კონკრეტულ მახასიათებლებში, არამედ ვთვლით, რომ საქმე გვაქვს სისტემური ხასიათის ხარვეზთან, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პასუხგაუცემელი კითხვების სიმრავლეში გამოიხატება.

სამწუხარო და შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ კომუნიკაციის ხარვეზების ფონზე, საზოგადოებაში დღემდე არ არსებობს მკაფიო მოსაზრება ჰიდროენერგეტიკის ობიექტების სარგებელთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული მისკომუნიკაციის და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციის აქტიურად გავრცელების გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაურკვევლობის დონე საკმაოდ მაღალია.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა გამოითქვას ეფექტიანი დიალოგის მზაობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. შესაბამისად, ვთვლით, რომ არსებითად უნდა შეიცვალოს ენერგეტიკის სექტორში არსებული კომუნიკაციის მოდელი, რაც ერთი მხრივ, აქტიურ დიალოგს, ხოლო მეორე მხრივ, დარგში გამჭვირვალობის მაქსიმალურად ამაღლების პოლიტიკას გულისხმობს.

ხაზგასასმელია, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან, ხშირად ვაწყდებით მიზანმიმართულ დეზინფორმაციის კამპანიებს. აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, მოცემული დეზინფორმაციის საფუძველს თავად სახელმწიფოს მიერ არჩეული კარჩაკეტილობის პოლიტიკა იძლევა. კერძოდ, არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანიზაციებს ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვთ. შესაბამისად, საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს განცდა, რომ ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა იღებს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც უშუალოდ ეხება მათი ყოველდღიური ცხოვრების წესს.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის დამალვის მცდელობები და საჯაროობის დაბალი ხარისხი, დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველი ხდება, რასაც, როგორც წესი, ხსენებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად იყენებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კომუნიკაციის ნაწილში გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას მოკავშირეებად და არა ოპონენტებად აქცევს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკის გამტარებელი პირების მიერ, ენერგოსექტორთან დაკავშირებულ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და გაატარონ მაქსიმალურად ღია და ტრანსფარენტული პოლიტიკა საჯაროობის თვალსაზრისით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია უშუალოდ შეეჩეხა იმ კარჩაკეტილ და ბუნდოვანებით სავსე პოლიტიკას, რომელსაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება ატარებს. უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ სექტორში არსებულ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფლად წვდომასთან. თუმცა, სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

ჩვენი შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული და, ზოგადად, ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და არსებულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის ერთადერთი ეფექტიანი გზა გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხის დაცვით არის შესაძლებელი.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი - ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსთვის ჰიდროენერგეტიკის განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს როგორც უშუალოდ ენერგოსექტორის მდგრადობისთვის, ისე ეკონომიკური ან თუნდაც პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჰიდროენერგეტიკის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი უნდა იქცეს ეროვნული კონსესუსის საგნად, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ არ არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა ჰიდროელეტროსადგურების სარგებელთან, საფრთხეებთან, ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვით ასპექტებთან მიმართებით.

ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკის ქვაკუთხედს სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარება წარმოადგენს. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების ერთადერთ სწორ გზად სწორედ ჰიდროპოტენციალის მაქსიმალურად ათვისება მიგვაჩნია.

ვინაიდან, ჩვენ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთმნიშვნელოვნად ვემხრობით საქართველოში ჰიდროენერგეტიკიკის განვითარებას, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი მოწოდებები აღქმული იყოს, როგორც ამ საკითხში მოკავშირე და არა როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე ორგანიზაციის განცხადებად. ამდენად, მივმართავთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილი იქნას ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა