ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021

დღეს ახალ რეგულაციებს გამოაცხადებენ - რა შეზღუდვები შეიძლება აამოქმედოს საკოორდინაციო საბჭომ

შეძლებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე “ოცნება” 43%-ის აღებას და ხმების რა ნაწილს წაართმევს მას გახარია

ლარი უფსკრულისკენ მიექანება - უცნაური ტენდენციაა: უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა დაბალია, ლარი მაინც უფასურდება

* * *

დღეს ახალ რეგულაციებს გამოაცხადებენ - რა შეზღუდვები შეიძლება აამოქმედოს საკოორდინაციო საბჭომ

“წინასააღდგომოდ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების ამოქმედება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება. სამშაბათს ეპიდემიის სტატისტიკაში ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა - 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის მაჩვენებელმა 5,79% შეადგინა. გასულ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდებოდა, დღის წესრიგში დადგებოდა ახალი ლოკდაუნის გამოცხადება. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების შემოღების საკითხი ოთხშაბათს დანიშნულ საკოორდინაციო საბჭზე იქნება განხილული. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილებები შესაძლოა ოთხშაბათსვე გამოცხადდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეს ახალ რეგულაციებს გამოაცხადებენ - რა შეზღუდვები შეიძლება აამოქმედოს საკოორდინაციო საბჭომ.

“მინისტრის თქმით, საბჭოზე კომპლექსურად განიხილება ის მაჩვენებლები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს. “ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება. ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება... ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება”, - განაცხადა ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ნამდვილად გაიმართება, თუმცა კონკრეტულად რა შეზღუდვებზე იმსჯელებენ, ამ საკითხზე არ უსაუბრია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს აღდგომის დღესასწაულებამდე დაახლოებით ათი დღით ადრე? ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეზღუდვები რესტორნებს, მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტს შეეხება. “დარწმუნებული ვარ, რომ სააღდგომო რიტუალების შეზღუდვა ალბათ არ იქნება. დიდი ალბათობით შეიზღუდება რესტორნები, ისევ ფიტნეს კლუბები, მსგავსი ადგილები და ტრანსპორტი. ამ შემთხვევაში ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, თუ რა ღონისძიებები გატარდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების ერთად შეკრების ადგილები მაქსიმალურად შეიზღუდება. მოგეხსენებათ, შარშანაც აღდგომებზე ერთი ამბავი იყო - რომ არ უნდა შევიკრიბოთ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა და სამწუხარო შედეგიც მოიტანა. ვფიქრობ, ახლა ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება გადაადგილებაზე, ასევე თავშეყრის ადგილებში - რესტორნებსა და კვების ობიექტებზე იქნება მაქსიმალური შეზღუდვა. დარწმუნებული ვარ ახლა, როცა ლოკდაუნის გაგრძელებაზეა საუბარი, აღდგომის დღესასწაულებზე კომენდანტი საათს არავითარ შემთხვევაში არ მოხსნიან. პირიქით, შეიძლება ერთი საათით გადმოიწიოს კიდეც”, - მიიჩნევს ხმალაძე, რომლის თქმით “ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი ღამის თევაზე წავა, ეკლესიაში უნდა დარჩეს და გარეთ არ გამოვიდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება წინასააღდგომოდ საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხს, ხმალაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მობილობის შემცირების მიზნით ღონისძიებები ამ კუთხითაც გატარდება. “დარწმუნებული ვარ საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ალბათ შეიზღუდება. ღმერთმა ქნას, რომ არა, მაგრამ შარშან ასე იყო. ახლა თუ შეიძლება რომ რამე შეიზღუდოს, ალბათ რაც ჩამოვთვალე, პირველ რიგში ეს უნდა იყოს”, - ამბობს ხმალაძე. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს, როცა შემთხვევების მკვეთრი მატებაა, მობილობის შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რათა დაავადების გავრცელება შენელდეს, თუმცა, ამ ღონისძიებების გატარება რა ფორმით მოხდება, ეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების მსჯელობის საგანია”, - დასძენს გამოცემა.

“სანამ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დეტალურად ამაზე საუბარი ალბათ ყველას გაუჭირდება. თუმცა, ახლა მობილობის შეზღუდვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერო. ამიტომ მობილობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. მაგრამ ეს რა ფორმით მოხდება და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამის განხორციელება როგორ მოხდება, ეს უკვე მსჯელობის საკითხია და განხილვის შემდეგ გვეცოდინება. პრინციპი ესაა, რომ მობილობის შემცირება მოხდეს, რათა დაავადების მასშტაბები თავიდან ავიცილოთ, ამის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ბერკეტი არსებობს. თეორიულად შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი საკითხი რესტორნების თაობაზეც იყოს, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, რადგან რესტორნების ბიზნესი ისედაც დაზარალებულია და ამიტომ ამ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინება უნდა მოხდეს. ამის აკრძალვა შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ამ კონკრეტული სეგმენტს სახელწიფომ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, რომელიც ამ შეზღუდვების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ერთი დღის დადებითობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ტენდენცია მატებისკენაა და ეს აისახება როგორც ამ მაჩვენებელზე, ისე სხვა ეპიდემიოლოგიურ ინდიკატორებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა და გარკვეული ჩარევების გარეშე დიდი ალბათობაა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ და თუ სასაფლაოზე მივალთ, ჩვენი პატივისცემა ჩვენი წინაპრების და გარდაცვალებული ადამიანების მიმართ ძალიან მოკრძალებულად გამოვხატოთ და შემდეგ დროულად დავბრუნდეთ, რათა ხალხმრავალი შეკრება არ გამოვიწვიოთ და ამით დაავადების გავრცელების რისკი არ გავზარდოთ”, - თვლის გოგინავა.

შეძლებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე “ოცნება” 43%-ის აღებას და ხმების რა ნაწილს წაართმევს მას გახარია

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში, თუ მმართველი პარტია წელს ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ანალიტიკოს პეტრე მამრაძის პროგნოზით, “ოცნებას” აქვს კარგი შანსი თვითმმარველობის არჩევნებში 43%-ზე მეტი ხმა აიღოს და ამ მხრივ მას პრობლემებს ვერც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მომავალი პარტია შეუქმნის, რომელიც სავარაუდოდ მმართველ პარტიას მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს წაართმევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე “ოცნება” 43%-ის აღებას და ხმების რა ნაწილს წაართმევს მას გახარია.

“არჩევნებამდე დარჩენილ დროში თუ “ოცნება” ახალ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს, მას ნამდვილად აქვს კარგი შანსი შემოდგომაზე დააგროვოს 43%-ზე მეტი და შესაბამისად, არ იყოს საჭირო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. საქმე ისაა, რომ “ოცნება” სრულად ინარჩუნებს ადმინისტრაციულ რესურსს და ფლობს ფინანსური რესურსის უდიდეს ნაწილს. ადგილებზე გუბერნატორებმა კი იციან თავისი საქმე, მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ “ოცნებამ” გაიმარჯვოს. ანუ გუბრნატორებთან დარეკვაც არ იქნება საჭირო “ბიჭებო ციფრები გვჭირდებაო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“რაც შეეხება გახარიას ფქტორს და მის შანსებს, რომ ხმები წაართვას “ოცნებას”, გახარიას ჯერ პარტიაც არ შეუქმნია და ვერც ის წარმომიდგენია, რომ დაფინანსებაც დიდი მიიღოს. შესაბამისად, გახარია ხმებს ვერ წაართმევს “ოცნებას”. თანაც გახარიაში მე ვერ ვხედავ იმ “ქართული გაგების” ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც შეძლებს მასების მობილიზაციას. ჩემი პროგნოზით, გახარიამ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება 4%-ც ვერ აიღოს. ერთია, როცა მოსახლეობა თანამდებობის გამო უცხადებს ნდობას და ამის გამო არის მაღალი რეიტინგი და სულ სხვაა, როცა პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში გამოდიხარ. მაშინ მაღალი რეიტინგის მიღების შანსი დაბალია”, - დასძენს პეტრე მამრაძე.

ლარი უფსკრულისკენ მიექანება - უცნაური ტენდენციაა: უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა დაბალია, ლარი მაინც უფასურდება

“ქართული ლარი მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ეროვნული ვალუტა ყველაზე მაღალ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა. წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკმა, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, გასაყიდად ამერიკული დოლარი არაერთხელ გამოიტანა, თუმცა ბოლო ორი აუქციონის დროს 40-40 მილიონი დოლარის ათვისებს ვერ მოხდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. ამ დროს კურსი გამყარების ნაცვლად უფასურდება. რას ნიშნავს ეს ანომალია სავალუტო ბაზარზე? ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ვალუტა არასტაბილურობით გამოირჩევა. განსაკუთრებით უცნაური ტენდენცია დაფიქსირდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რა დროსაც, სებ-ის მიერ გამოტანილი ინტერვენციით ბანკები მაინცდამაინც არ დაინტერესდნენ. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რის გამო არ ხდება სებ-ის მიერ გამოტანილი დოლარის ბოლომდე ათვისება და ზოგადად, რა უცნაური ტენდენციები ფიქსირდება სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აუცილებელია გადამჭრელი ზომები! ლარი უფსკრულისკენ მიექანება და გაიყოლებს მთელ ეკონომიკასაც / უცნაური ტენდენციაა: ეროვნული ბანკის მიწოდებულ დოლარს არ ყიდულობენ, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა დაბალია, ლარი მაინც უფასურდება

“წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად ჯამში 6 სავალუტო აუქციონი განახორციელა და 212.9 მილიონი დოლარი გაყიდა. მეხუთე სავალუტო აუციონის დროს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდან 40 მილიონი დოლარი გამოიტანა და მათგან მხოლოდ 27.5 მლნ დოლარი გაიყიდა. ბოლო აუქციონი კი წინა კვირის ბოლოს შედგა, როდესაც ბაზარზე გასაყიდად სებ-მა ასევე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 25.4 მლნ დოლარის ათვისება მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ სავალუტო აუქციონის დროს მოთხოვნა დამოკიდებულია იმ მომენტში ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. “სავალუტო აუქციონის დროს მოთხოვნა დამოკიდებულია იმ მომენტში ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. 2020 წლის განმავლობაში 4 ასეთი შემთხვევა იყო. 2021 წელს 6 და 27 იანვარს, 18 თებერვალს და 22 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40-40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. უკვე 1-ელ აპრილს 27.5 მლნ დოლარი და 15 აპრილს 25.4 მლნ დოლარი”, - განუცხადეს სებ-ში. ახლა სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის წინაშეა. ქართულ ფულს ეროვნული ბანკის მიერ გაღებული ინტერვენციებიც აღარ შველის და ვითარება ყოველღიურად რთულდება. თანაც დოლარზე მოთხოვნა დიდი არ არის, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მძიმე პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს, რომლებიც ეროვნული ვალუტის მხრიდან მორიგი ანტირეკორდის დამყარებას ვარაუდობენ. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია სავალუტო პოლიტიკა და რადგანაც სებ-ის მიერ გამოტანილი მილიონების ბოლომდე ათვისება არ მომხდარა, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. “ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონს იმისთვის ატარებს, რომ კომერციულ ბანკებს ფიზიკურად აკლიათ უცხოური ვალუტა. ამ ნაკლებობის შედეგად, ვარდება ლარის კურსი. სწორედ კურსის დაცემის შესაჩერებლად, კომერციული ბანკების დასაკმაყოფილებლად, ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო აუქციონს. აქამდე აუქციონზე, სებ-ის მიერ გამოტანილი თანხების ათვისება მთლიანდ ხდებოდა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბანკები ნაკლებობასაც კი განიცდიდნენ, არ ყოფნიდათ ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი თანხა. ბოლო ორ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს რა თანხაც სჭირდებოდათ, ის მოთხოვნა დაიკმაყოფილეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 1 ან 2 კვირის შემდეგ კომერციულ ბანკს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნილება ისევ არ გაუჩნდება. ამიტომ სავალუტო ინტერვენციების პერიოდულად ჩატარება აუცილებელია, რადგან ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა შენარჩუნდეს”, - ამბობს ელიავა, რომლის აზრით, “ეროვნულ ბანკს არ გააჩნია სავალუტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ღონისძიებების გატარებას, რომელიც ლარს მკვეთრი მერყეობის საშუალებას არ მისცემს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მაგალითად, სებ-ს შეუძლია დააწესოს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების გარკვეული წესები და შეზღუდვები. რომელიღაც კლიენტს, საქართველოდან საზღვარგარეთ, სურს ერთჯერადად გადარიცხოს 10 მილიონი დოლარი და ამისთვის ბანკს მიმართავს. ასეთ დროს, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს მიღებული რეგულაციები, რომლითაც ამ თანხის გადარიცხვა იქნება შესაძლებელი არა ერთჯერადად, არამედ 1-2 კვირის განმავლობაში დანაწევრებულად. ერთ დღეს 1 მილიონი, მეორე დღეს კიდევ 1 მილიონი და ა,შ. ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია მიღებული, რომელიც ვალუტის კურსს იცავს მკვეთრი ვარდნისაგან. ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ მან უნდა უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა, ვინაიდან მერყეობა იწვევს ინფლაციის მაჩვენებლის გაუარესებას, ფასების ზრდას, რომელთა კონტროლი ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა. ახლა მორიგი ანტირეკორდის დამყარება გველის, ამას დიდი პროგნოზირება არ სჭირდება, ყოველთვის ვიძახდი, რომ ლარის კურსი იქნება სისტემურ ვარდნაში. მოხდება მკეთრი ვარდნა, შემდეგ რაღაც დონეზე შენარჩუნდება და ამას მერე ისევ ვარდნა მოჰყვება. ასე საფეხურებით გაგრძელდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ქართული ლარი დევალვაცია გაგრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნული ბანკს არ გააჩნია არანაირი სავალუტო პოლიტიკა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

“ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად კი იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი და ძალიან ძვირდება პროდუქცია. ასეთ ვითარებაში კი, შესაძლოა, 2021 წელი იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე შარშანდელი იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს იგივე მოცულობის ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, როგორც შარშან. “არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ჩვენ შეგვექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები. განსაკუთრებით, ასეთი მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში (7.5%). ამ ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს მონეტარული რყევა და ლარის დევალვაცია. შარშან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების სახით გამოიყენა თითქმის 900 მლნ-ზე მეტი, ველოდები რომ წელსაც დაახლოებით იგივე ინტერვენციების განხორცილება მოუწევს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევაც მოუწევს, რაც ჩემი აზრით, ცენტრალურმა ბანკმა ცოტა დააგვიანა კიდეც”, - განაცხადა კოვზანაძემ. შედარებით ოპტიმისტურად უყურებენ მომვალს ფინანსთა სამინისტროში”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, თუკი ქვეყანამ ტურიზმის იმ მაჩვენებლის 25-30%-ს დაბრუნება მოახერხა, რაც 2019-ში გვქონდა, შეიძლება ლარი გამყარების ტენდენცია დაიწყოს. “ექსპორტში ზრდა შეინიშნება. გასულ თვეში იყო დაახლოებით ხუთი პროცენტი. ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვექნება აპრილშიც. თუ შევძლებთ, რომ ტურიზმის დაახლოებით 25-30 პროცენტი დავიბრუნოთ, რაც 2019-ში გვქონდა და თუ არ მოხდება მსოფლიოში პანდემიის რადიკალური ცვლილება, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს. ეს ნამდვილად გამოიწვევს დადებითი ტენდენციის დაბრუნებას. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში ტურისტული ნაკადი უნდა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ, რომ პროცესი სრულყოფილად არ მიდის და ძალიან ბევრ ქვეყანას თითქმის იგივე მაჩვენებელი დაუდგა, რა მაჩვენებელიც შარშან ე.წ. მეორე ტალღის დროს ჰქონდა. ამიტომ, ზუსტად თქმა, რამდენ ხანში რა იქნება, ძალიან რთულია”, - თქვა კაკაურიძემ. ქართული ლარი არასტაბილურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. როდესაც სხვა ქვეყნების ვალუტა მყარდებოდა, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას აგრძელებდა, ვითარება არც ახლა შეცვლილა. ერთი წლის წინ, ქართული ფული ყველაზე მეტად გაუსაფურებული იყო, რა დროსაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3.48 ლარს მიაღწია. ახლა კი, ამ მაჩვენებლის გაუარების საშიშროება არსებობს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით