ნინო ბურჯანაძე - ხელმოწერაზე მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით ვიდექით - „სწორდი-სმენაზე“ იყო  ჩამორიგებული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიცია, ბატონი მიშელი კი იჯდა და თითქოს პატაკს იბარებდა

მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება და ვერ ვეტყვით: „ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს“, არის სამარცხვინო. ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა რუსეთთან მონობა ჩაანაცვლა დასავლეთთან მონობით, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით არასწორი შედეგი დაიდო მაშინ, როცა შესაძლებელი იყო დადებულიყო გაცილებით უკეთესი შედეგი, „პარტიებს რომ არ დაეწყოთ რყევა და პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა არ დაეყენებინათ“. მისივე შეფასებით, უხერხული იყო ის დამოკიდებულება, რომ ოპოზიციონერები ნიკა მელიას დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ არ შეუთანხმდნენ.

,,ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავალის გადარჩენაა, არც მისი კრიზისიდან გამოყვანა. კრიზისი არ განიმუხტება არცერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია, პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა და ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა. საქართველოში სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა კლიშე - მთავარია არ შეედავო ევროპას, ან ამერიკას, რომ რაღაც არ დაგვბრალდეს. ძახილი, რომ რუსეთი იქნებოდა ბედნიერი, თუ პარტიები პარლამენტში არ შევიდოდნენ, არის სასაცილო. რუსეთი დღეს არის ბედნიერი, როდესაც "გაპრავდა" რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპელებს სხვა ინტერესი ჰქონდათ. მივიღეთ გაყალბებული პარლამენტი, სადაც რიგი ჩადგა ადამიანებისა, რომლებიც შესვლას აპირებენ.

დღევანდელი „გამარჯვება“ თუ ასე უწოდებენ ამ ხელმოწერას, არის ნიკა მელიას დამსახურება და იმ ოპოზიციური პარტიების წვლილიც, ვინც შალვა ნათელაშვილის ოფისში ვისხედით. უხერხული იყო ის, რომ კეთილი არ ინებეს და ნიკა მელიას არ შეუთანხმეს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებდნენ. რომ ეთქვათ ევროპელი წარმომადგენლისთვის, „ჩვენი კოლეგა ციხეში ზის და ელემენტარული ადამიანობა, ვაჟკაცობა და პოლიტიკური მორალი მოითხოვს, სანამ ხელს მოვაწერთ მას დაველაპარაკოთ და ხვალ დილით მოვაწერთ ხელსო“, არ შეიძლებოდა?“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ევროპელებს ჰგონიათ, რომ კრიზისი მოაგვარეს, მაგრამ ეს კრიზისი არ მოგვარებულა და ,,მეტასტაზები, რაც ქვეყანას სჭირს, არავითარ შემთხვევაში არ გაქრება“.

„მონური დამოკიდებულება, რომ თურმე ევროპელებთან შედავება არ შეიძლება და იმის თქმა, რომ „ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს“, არის სამარცხვინო. ქართველმა პოლიტიკურმა სპექტრმა რუსეთთან მონობა ჩაანაცვლა დასავლეთთან მონობით, მონობა არავისი არ ვარგა. ევროპული ქვეყნებისთვის ჩვენ ახლა უკეთ გამოვიყურებით? არაფორმალური მმართველი აღარ გვყავს, სასამართლო გათავისუფლდა, პარლამენტი დამოუკიდებელი გახდა თუ რომელ ევროპულ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ? - 21-ე საუკუნეში ჩირგვებიდან გვმართავს ბიძინა ივანიშვილი და ბოსტნად გადააქცია მთელი ქვეყანა. ახლა ევროპელებს ჰგონიათ, რომ მათ კრიზისი მოაგვარეს, მაგრამ ეს კრიზისი არ მოგვარებულა, ეს მეტასტაზები, რაც ქვეყანას სჭირს, არავითარ შემთხვევაში არ გაქრება. რომ "შელაგდნენ" ეს ოპოზიციონერები პარლამენტში, ერთი თვის შემდეგ ლარის კურსი გამყარდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება, კოვიდთან უკეთ ვიბრძოლებთ თუ რას გააკეთებენ?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ მედიატორის მიერ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში „ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით იდგნენ“.

„ევროპული ტიპის საქართველოზე რომ ვლაპარაკობთ, დამოუკიდებლობაზე და ღირსებაზე, თქვენ მოგეწონათ ხელის მოწერის პროცესი? „სწორდი-სმენაზე“ რომ იყო ჩამორიგებული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი შარლ მიშელი კი იჯდა და თითქოს პატაკს იბარებდა ქართული პოლიტიკური სპექტრისგან. მაგიდა რომ მაინც გაეკეთებინათ და დაესვათ ეს ადამიანები და ისე მოესმინათ არ შეიძლებოდა? მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ, ეუთოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უამრავი თანამდებობა მქონდა, ძალიან კარგად ვიცი, პროტოკოლს რამხელა მნიშვნელობა აქვს. მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით ვიდექით, ოღონდ ეს მიშელის ბრალი კი არ არის, ჩვენ რომ არ გვაქვს საკუთარი ღირსების განცდა და მონობის განცდა გვაქვს, „ე მანდ ევროპელები არ გავაბრაზროთ“, ისიც კი არ გვაფიქრდება, რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ისე ველაპარაკოთ, ეგ არის ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა